დღეს, 18 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.

ცვლილების თანახად, ააიპ „ხარაგაულდასუფთავება“ ოქტომბერში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათას ლარს მიიღებს, – 40 100 ლარს 111 თანამშრომლის ხელფასებისთვის, ხოლო 9 900 ლარს – სხვადასხვა გადაუდებელი ხარჯებისთვის.

გამგეობის მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს თანხა გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებიდან დაიფარება.

საკრებულოს წევრმა თორნიკე ავალიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ააიპებ-ში გამგეობამ დეპუტატები დაასაქმა იმ მიზნით, რომ მათ უყუყმანოდ ყველა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ. თორნიკე ავალიშვილის თქმით, ზონების მიხედვით მეთვალყურეებად დეპუტატების დანიშვნა ზედმეტია იმ პირობებში, როცა ბიუჯეტში თანხა აღარ არის, წინ კი ორი თვეა დარჩენილი და ააიპებ-ს თანხების დამატება ისევ დასჭირდებათ. ამავე დროს დეპუტატები გარკვეულ თანხას ბიუჯეტიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იღებენ.

თორნიკე ავალიშვილის განცხადებას ხევის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გრიგალაშვილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ის „ხარაგაულდასუფთავებაში“ კომენდატად მუშობს, თუმცა მხარს ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას დაუჭერს, რაც მისთვის მისაღები იქნება.

დეპუტატმა დავით კიკნაძემ განაცხადა, რომ საკადრო საკითხებზე საუბარი, საბიუჯეტო ცვლილების განხილვისას, უაზრობაა. საერთოდ კი, მისივე თქმით, შეიძლება ვიკამათოთ, ვინ სად და როგორ არის დასაქმებული.

დეპუტატ აკაკი მაჭავარიანისთვის მიუღებელია გზების მოვლა-შენახვის თანხის სხვა მიმართულებით გახარჯვა, რადგან ხარაგაულში გზები უმძიმეს მდგომარეობაშია.

მისი კოლეგა გივი თხელიძის თქმით კი, 40 ათასი ლარი გზებისთვის არაფერს  შეცვლის.

დეპუტატი ომარ გაგოშიძე დაინტერესდა, თავიდანვე შეიძლებოდა თუ არა ამ საჭიროებების ბიუჯეტში გათვალისწინება.

„იცით, როგორი მდგომარეობა იყო. არ გვქონდა ფული და რაც გვქონდა, იმაზე დავგეგმეთ. ახლა თანდათან ეტაპობრივად გაიზრდება ბიუჯეტი,“ – უპასუხა დეპუტატს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გზებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სარეზერვო ფონდიდან შეაკეთებენ. სარეზერვო ფონდში კი ვლადიმერ გელაშვილის თქმით, 40 ათასი ლარია დარჩენილი.

დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა ააიპ-ისთვის სუბსიდიის მატება სამოქმედო არეალის გაზრდით ახსნა. მისთვის გზების მოვლა-შენახვისათვის დაგეგმილი თანხის შემცირება მიუღებელია, თუმცა, ნოემბერსა და დეკემბერში გზის კაპიტალური შეკეთება – მიზანშეუწონელი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 18 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ესწრებოდა. მისი ანგარიშის მიხედვით, საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი საარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო ცვლილების კანონიერებას შეაფასებს.