ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე გამგეობიდან მიღებული საბიუჯეტო ცვლილების პროექტზე ბევრი იდავეს.

ააიპ „ხარაგაულდასუფთავება“ ოქტომბერში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათას ლარს ითხოვს, – 40 100 ლარს 111 თანამშრომლის ხელფასისთვის, ხოლო 9 900 ლარს – სხვადასხვა გადაუდებელი ხარჯებისთვის.

გამგეობის მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს თანხა გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებიდან დაიფარება.

ბიუროს წევრმა თორნიკე ავალიშვილმა საბიუჯეტო ცვლილების საკრებულოს 18 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ბიუჯეტი თავიდანვე არასწორად, 12 თვის ნაცვლად ცხრა თვეზე დაიგეგმა, ხოლო გზები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში მოუწესრიგებელია.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე საბიუჯეტო ცვლილებას იმ მიზეზითაც ეწინააღმდეგება, რომ საარჩევნო პროცესის გამო, შესაძლოა, ცვლილება არ დაარეგისტრირონ.

ინგა მაღრაძის თქმით, მალე თანხების დამატებას სხვა ააიპებიც მოითხოვენ და მისთვის ბუნდოვანია, რომელ პროგრამებს მოაკლდება თანხა დასაქმებულთა ხელფასების გასაცემად.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის, განმარტებით, გზებს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხით შეაკეთებენ, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სტიქიით დაზარალების გამო მიიღო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილისთვის მიუღებელია გზების მოწესრიგებისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება, თუმცა მისივე თქმით, გზების კეთილმოწყობისთვის წელს ხარაგაულში სხვადასხვა ფონდებიდან საკმაო თანხა დაიხარჯა.

ვარლამ ჭიპაშვილი აუცილებლად მიიჩნევს ააიპებ-ში დასაქმებულთა ანაზღაურების გაცემას. ამისთვის შესაბამისი ფინანსების მოძიება კი, მისივე თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილი შემოსავლებითა და საბიუჯეტო ცვლილებით უნდა მოხდეს – თანხა მოაკლდეს სხვა პროგრამებს და ააიპების სუბსიდირებისკენ მიიმართოს.

ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ ააიპებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, თანამშრომლების ხელფასები და საშტატო განრიგი თვეების მიხედვით ერთნაირი არაა.

მან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძემ ვარლამ ჭიპაშვილს ამ საკითხის დაწვრილებით შესწავლა სთხოვეს.

საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატები ხვალ, 18 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.