დღეს, 17 ოქტომბერს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში

სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი დაირეკა.

გიმნაზიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ამის გამო სწავლა რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყო.

მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს განახლებულ გარემოში სწავლის დაწყება მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მიულოცა. მან აღნიშნა, რომ წელს კეთილი ადამიანების ძალიხსმევითა და თანადგომით გიმნაზიის რვა საკლასო ოთახი გარემონტდა. მეუფემ სარემონტო სამუშაოებზე დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ებანოიძეს გადაუხადა.

მეუფე მელქისედეკის ინფორმაციით, მომავალი სასწავლო წლისთვის გიმნაზიის შენობა მთლიანად გარემონტდება.

gimnazia-2

„გიმნაზიის ოთხი კურსდამთავრებული 100%-იანი გრანტის მფლობელია, – აღნიშნა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ საზეიმო ღონისძიებაზე, – გიმნაზია არა მარტო ხარაგაულში, არამედ მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა.“

საზეიმო ღონისძიებაზე გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სწავლის დაწყება გიმნაზიაში შეკრებილ საზოგადოებას ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დირექტორმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) და დირექტორის მოადგილემ სასწავლო-სააღმზრდელო დარგში ნათელა კამკამიძემ მიულოცეს.

gimnazia-1

„გიმნაზიაში შვილების მოყვანა მშობლებს ღვთის სიყვარულმა გადააწყვეტინა,“ – ამბობს გიმნაზიის პირველი კლასის მასწავლებელი ლემა ბერაძე.

„დღეს პირველად შეაღო სკოლის კარი ჩემმა შვილმა. ამიტომ ეს დღე ჩემთვის უბედნიერესია,“ – აღნიშნა ხათუნა ლურსმანაშვილმა.

პირველკლასელმა ოთარ ბექაურმა პირობა დადო, რომ კარგად ისწავლის.

გიმნაზიაში სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.