დღეს, 13 ოქტომბერს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. თვითმმართველობას ყველა საჯარო სკოლაში, ერთი წლის ვადით, სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში ირჩევენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეს პროცესი გასულ კვირაში დაიწყო და ორშაბათს, 17 ოქტომბერს, უნდა დასრულდეს. ისევე, როგორც ყველგან, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობაც მე-7 – მე-12 კლასებიდან არჩეული 3-3 მოსწავლით დაკომპლექტდა.

არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის სურვილი რომ გაუჩნდა, მეათეკლასელმა ნონა მაჭავარიანმა განცხადებით სკოლის დირექციას მიმართა. თანაკლასელებმა ის, ფარული კენჭისყრით, ბარბარე ლურსმანაშვილთან და ანა შავიძესთან ერთად აირჩიეს.

ნონა ყველასთან მეგობრულია და თვლის, რომ სწორედ ამ თვისების გამო შეარჩიეს თანაკლასელებმა თვითმმართველობის წევრად. ნონა, როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი, დაწყებით კლასებში ბუნების მოვლენებსა და სამოქალაქო განათლებაზე ტრენინგების ჩატარებას აპირებს.

ნონა, ბარბარე და ანა თვლიან, რომ თვითმმართველობის არჩევნები სკოლის უკეთეს განვითარებას შეუწყობს ხელს.

moswavleta-tvitmmartveloba

მე-11 კლასელი ნინო ლაბაძე არ აკონკრეტებს, ხმა ვის მისცა, მაგრამ ამბობს, რომ არჩევანი იმ თანაკლასელებზე გააკეთა, ვინც, მისი აზრით, აქტიურად ჩაერთვება სკოლის ცხოვრებაში და დირექტორთან ერთად სკოლის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

მეორე სკოლელებმა, ისევე როგორც ყველა საშუალო საფეხურის სკოლაში, 18 წევრიანი მოსწავლეთა თვითმმართველობა აირჩიეს. საბაზო სკოლებში კი ექვსწევრიანი თვითმმართველობა ირჩევა.

არჩევნებიდან შვიდი დღის ვადაში თვითმმართველობაში არჩეული მოსწავლეები ერთ-ერთ მოსწავლეს სკოლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობისთვის აირჩევენ.

საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებს უფლება აქვთ, საინტერესო წინადადებები წარუდგინონ სკოლის დირექციას და აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში.

თამთა გოგოლაძე