ქვეყნის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებასა და შეთანხმებულ მოქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ქართული და უცხოური მედიის ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში შეხვედრისას ამომრჩეველი ღიად აცხადებს, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამის მაგალითად ბურჯანაძემ ხონის მუნიციპალიტეტის მაგალითი მოიყვანა, სადაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, რომ ხმა დავით ბაქრაძეს მისცენ, თუ არა და მაშინ გიორგი მარგველაშვილს. გურიის რეგიონში ქართული ოცნების მხარდამჭერთა დარბაზს „ნაცმოძრაობის“ ელიტის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ახალციხეში კი „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა პარტიის რიგები მათი პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო გარიგების გამო დატოვა. ნინო ბურჯანაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ხდება, ამიტომ მოუწოდა ქვეყნის პრემიერს ყურადღება მიაქციოს ამ პროცესებს. ამასთანავე ბურჯანაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო ისევ არ არის სამართლიანი, კონკურენტული და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან შედარებით შეფარულად, თუმცა მაინც ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს კი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მოწოდების საფუძველზე ხდება. „როცა ქვეყნის პრემიერი მუდმივად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველსავე ტურში ხმების მინიმუმ 60%-ს მიიღებს და გაიმარჯვებს, ეს გამგებლებისა და მერების მიერ პირდაპირ ბრძანებად აღიქმება, რომ მათ რაიონებსა და ქალაქებში სახელისუფლებო კანდიდატმა ამ მაჩვენებელზე ნაკლები ხმა არ უნდა მოაგროვოს“,- აცხადებს ბურჯანაძე.
მედიასთან შეხვედრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ოპონენტები ტელედებატებში გამოიწვია, თუმცა განაცხადა, რომ ეს რამდენჯერმე შესთავაზა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს და უარი მიიღო: „ჩემთან დებატების ეშინიათ. ბაქრაძემ კარგად იცის, რომ მასთან მაქვს კითხვები, მას კი არ აქვს პასუხები. რაც შეეხება მარგველაშვილს, მან შეთავაზებაზე ისეთი გაურკვეველი პასუხი გამცა, რომ საბავშვო ბაღის მოსწავლესაც არ შეეფერება.“
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ მოიქცევა ნინო ბურჯანაძე არჩევნებზე დამარცხების შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თუკი ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, იგი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან იცის, რა რაოდენობის მომხრე ჰყავს და მათ ხმებს ბოლომდე დაიცავს.
მედიის კითხვები სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც შეეხო. ბურჯანაძის განცხადებით სოჭის ოლიმპიადის თემა ემოციურად რთული, თუმცა პოლიტიკურად აბსოლუტურად უმნიშვნელო საკითხია. იგი ხელოვნურად „აგორებულია“ და რომ არა არჩევნები, ასეთი რეზონანსული არ იქნებოდა. მისი თქმით, როცა დიცში მავთულხლართები გაჩნდა, ხელისუფლებამ ეფექტური რეაქციის ნაცვლად, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. სოჭის ოლიმპიადა კი ფართო განხილვის საგანი გახადა. ბურჯანაძის განცხადებით, დიცში განვითარებული მოვლენების ფონზე ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, რომ პირდაპირ დალაპარაკებოდა რუსეთის მთავრობას და „მცოცავი ოკუპაცია“ შეეჩერებინა. „მე პირდაპირ დავურეკავდი პუტინს. არ შემეშინდებოდა, რომ „პრორუსულის“ იარლიყს მომაკერებდნენ, არ შემეშინდებოდა არც დასავლეთის მითითებების. დიახ, მე ზუსტად ვიცი, როგორ მოვაგვარო რუსეთთან ურთიერთობა და ნამდვილად მაქვს ამის უნარი და გამოცდილება. ჩვენი ხელისუფლება კი როგორ იქცევა? მუხლები უკანკალებთ, გაბუტული ბავშვებივით დგანან და იძახიან რუსეთს არ დაველაპარაკებითო. მაშინ ნურც ბაზრების გახსნაზე ელაპარაკებიან. მაგრამ ეს სჭირდებათ, რათა მოსახლეობაში ქულები დაიწერონ და საკუთარ ჯიბეებზეც იზრუნონ. ამ მთავრობას არ ესმის, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა სჭირდება. დღევანდელ სიტუაციაში კი რუსეთის ბაზარი როგორც გაიხსნება, ასევე მალე შეიძლება დაიხუროს“- აცხადებს ბურჯანაძე.
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტობის კანდიდატს ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დაუსვეს. „ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დოტაციური რეგიონების მოსახლეობა დასაქმდეს და სოციალური დახმარების პროგრამასა და ვაუჩერებზე არ იყოს დამოკიდებული, ბურჯანაძეს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ვაუჩერიზაციის და სოციალური შემწეობების გზით არ უნდა ვითარდებოდეს. ამისათვის კი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გატარდეს, შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და დაწესდეს გონივრული საგადასახადო ტარიფები, რაც ბიზნესს გამოაცოცხლებს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ბურჯანაძის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის პირობებში სუბსიდირება გაგრძელდება. „ეს კი იმ ფულით მოხდება, რომელიც ნაციონალებმა მმართველობის პერიოდში მოიპარეს და რომელსაც უკან დავაბრუნებინებთ. ჩვენ შევძლებთ იმას, რაც ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ თავისი უკბილო და უსუსური გამოძიებებით“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
სოფო დვალი
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“