ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი და ხარაგაულის გამგებელი არჩევნების პირველ ტურში ვერ გამოვლინდნენ.

მეორე ტურში ამომრჩეველმა ერთმანეთის პირისპირ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დატოვა.

როგორ აფასებენ 8 ოქტომბრის არჩევნებს და რას ურჩევენ ამომრჩევლებს, – ამის გასარკვევად მაჟორიტარობისა და გამგებლობის ყოფილ და მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს მივმართეთ.

 გიგა გლუნჩაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“) ხარაგაულს და ქვეყანას უკეთეს მომავალს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მრავალპარტიულობა ევროპული მომავლის განმსაზღვრელი იქნებოდა. ის ყველა იმ ადამიანის მადლიერია, ვინც მხარი დაუჭირა. გიგა გლუნჩაძე ამბობს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დიდ ყურადღებას დაუთმობს და სამომავლოდ იზრუნებს იმისთვის, რომ უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება შედგეს.

რაც შეეხება მეორე ტურში ამომრჩევლისადმი მოწოდებას, გიგა გლუნჩაძე თავს იკავებს, რადგან მისივე შეფასებით, ისედაც „დაზიანებული საარჩევნო გარემო მეტად არ დაზიანდეს.“

ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს მაია კიკნაძე („ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“). მისი ინფორმაციით, ამომრჩეველი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არჩევნების წინა დღეს მოისყიდეს. მაია კიკნაძეს კონკრეტული ფაქტების დასახელება უჭირს, თუმცა, ამომრჩევლის მოსყიდვას თავისი წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევს. მაია კიკნაძე ამბობს, რომ მისი და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა უმრავლესობა არჩევნებზე მოსვლას საერთოდ აღარ აპირებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი რობაქიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ამბობს, რომ არჩევნებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველი მოისყიდა და ხალხზე იძალადა.

ნოდარ ებანოიძესთვის („უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“) ის, თუ რა ფაქტორებმა განსაზღვრეს არჩევნების შედეგი, გასაანალიზებელია. ამბობს, რომ მეორე ტურში არავის არაფერს მოუწოდებს. მას მიაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებმა კარგად იციან, რატომ დაუჭირეს მას მხარი და იმასაც კარგად გაარკვევენ, მეორე ტურში როგორ უნდა იმოქმედონ.

არჩევნების შედეგებს ლევან ჩხეიძე (პატრიოტთა ალიანსი) უარყოფითად აფასებს. რაც შეეხება მეორე ტურს, ის ამბობს, რომ თავად ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომ პარლამენტში არც ერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობას არ მიეცეს.

არჩევნების შედეგები მოულოდნელი, მაგრამ მისაღებია ზურაბ მაჭავარიანისთვის („ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“), რადგან ის მოსახლეობის დღევანდელ გაწყობას გამოხატავს. ზურაბ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ორპარტიული პარლამენტი ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო ვერ იქნება. მეორე ტურში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და ამბობს, რომ მისი მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას თავიანთი შეხედულებისამებრ დააფიქსირებენ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი თვლის, რომ არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა, რაც მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა. ამბობს, რომ პატივს სცემს იმ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს და მათ მიმართაც, როგორც პარლამენტარს, იგივე ვალდებულებები ექნება, რაც მხარდამჭერებისადმი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ყოფილი კანდიდატი მირზა ინასარიძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“) ხარაგაულელების არჩევანს მიესალმება და მომავალ გამგებელს წარმატებას უსურვებს.

მეორე ტურში გადასული გამგებლობის კანდიდატი თამაზ ლომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მიხეილ ჭიპაშვილი („უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“) ამბობს, რომ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან. მიხეილ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგი ძალიან მალე ხარაგაულელთა ყოფაზე აისხება და ამომრჩეველს მეტად დააფიქრებს. ის ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს და გულდაწყვეტილია, რომ მოსახლეობამ არჩევანი დღევანდელი მცირე ფულადი სარგებლისთვის მიიღო. რაც შეეხება მეორე ტურისთვის მხარდამჭერებისთვის მოწოდებას, მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე ცენტრალურ შტაბთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამომრჩევლის ტოტალურ მოსყიდვაზე საუბრობს თემურ ფცქიალაძე („პატრიოტთა ალიანსი“). მისი თქმით, ორივე ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას,“ ძალიან დიდი ფული აქვს და ყველაფერი „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ აამოქმედეს.

თემურ ფცქიალაძე იმ ამომრჩევლის მადლობელია, რომელიც არაფერზე გაიყიდა. არჩევნების მეორე ტურში, როგორც ამომრჩეველი, მივა. თუმცა არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს. თემურ ფცქიალაძე ამომრჩეველს საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებას ურჩევს და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

არჩევნების მეორე ტურში რომელიმე კანდიდატს შემოხაზავს თუ ორივეს გადახაზავს, უჩა ბერაძეს („ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“) ჯერ არ გადაუწყვეტია. ის ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიამ არჩევნების წინა ღამეს ამომრჩეველს ფული დაურიგა. მისთვის ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა კატეგორიულად მიუღებელია. უჩა ბერაძე თვლის, რომ მისდა სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე ბევრად უკეთესი პიროვნებები არიან.

უჩა ბერაძე ამბობს, რომ პირველი ტური რესპუბლიკელების ან პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებს რომ გადაელახათ, უყოყმანოდ მათ გვერდით დადგებოდა. ის ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანისკენ მოუწოდებს.

გამგებლობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) ნდობისა და მხარდაჭერისთვის ამომრჩევლის მადლიერია. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ, ნორმალურ და ცივილურ პირობებში მიმდინარეობდა.

მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია საარჩევნო პროცესებს მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებს; დამოუკიდებელი მედიის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნინო კაპანაძე