რედაქციაში ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის თანამშრომელი ლეილა წიქარიშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ ლომიძემ თავის წინასაარჩევნო ბუკლეტზე მისი ოჯახის ფოტო ნებართვის გარეშე გამოიყენა. მე მაგ ადამიანს პატივს ვცემ, როგორც მეზობელსა და ნათესავს. მან კი ჩემი ოჯახის ფოტო, დაუკითხავად, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ოჯახში რომ მოვიდა, გვითხრა, მრავალშვილიან ოჯახებს ფოტოებს ვუღებთო. მეგონა, რომ რაიმე სოციალური პროგრამისთვის უნდოდა,“ – ამბობს ლეილა წიქარიშვილი.

„ოჯახში როგორც კი შევედი, ვუთხარი, რომ ფოტო წინასაარჩევნო ბუკლეტისთვის მინდოდა, – ამბობს თამაზ ლომიძე, – ჩემთან ერთად დალი ციცქიშვილი და ფოტოგრაფი გოგონა იყვნენ“.

დალი ციცქიშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ  „როგორც კი მივედით, მაშინვე ვუთხარით, რომ მრავალშვილიანი ოჯახის ფოტო საარჩევნო ბუკლეტისთვის გვინდოდა. თუ წინააღმდეგი იყო, მანამ უნდა ეთქვა, სანამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე დაურეკავდა. ამ დონეზე თუ დაეცემოდა დღევანდელი მთავრობა, რომ ფოტოსთვის ამხელა ამბავს ატეხდა, ნამდვილად არ მეგონა. ლეილა რომ ამისთვის ვინმემ სამსახურიდან გაათავისუფლოს, მთელ ქვეყანას ფეხზე დავაყენებ. რასაც ნაციონალებს უწუნებდნენ, სწორედ იმას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება,“ – ამბობს დალი ციცქიშვილი.

წინასაარჩევნო ზეწოლებზე საუბრობს გამგებლობის კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ უჩა ბერაძე. ის აღნიშნავს, რომ 2014 წლის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხალხი თავისუფლად მოდიოდა, ახლა კი ადამიანებს შეხვედრებზე მოსვლის ეშინიათ.

„სოფელ ღორეშაში ჩვენს კოორდინატორ რატი იჩქიტიძეს სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ძმა, ზურაბ ლურსმანაშვილი დაემუქრა, – გვიამბობს უჩა ბერაძე, – ამ ფაქტის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერი ჩვენი პარტიის სათაო ოფისს და უწყებათაშორის კომისიას გადავეცით.“

რატი იჩქიტიძე ამბობს, რომ მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ შენიშვნებს სახელისუფლებო პარტიის წევრები პირად შეურაცხყოფად იღებენ. „ზურაბ ლურსმანაშვილმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ თუ არ შევწყვეტდი მსგავსი სტატუსების გამოქვეყნებას, ქუჩურად გამისწორდებოდა და ცხოვრებას დამიმახინჯებდა.“

უჩა ბერაძე ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში შემავალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში მათ აქტივისტზე, მანანა გაჩეჩილაძეზე, განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზეც საუბრობს. „მანანა გაჩეჩილაძის ძმა დაიბარეს ზესტაფონში, „ქართული ოცნების“ ოფისში და მოსთხოვეს, თავისი და გაეჩერებინა, რადგან, მათი თქმით, ის წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა და სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს შეურაცხყოფას აყენებდა“, – ამბობს უჩა ბერაძე.

მანანა გაჩეჩილაძემ სატელეფონო საუბრისას ეს ფაქტი დაადასტურა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ვარძიის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია კოჩაძე პოლიტიკური ნიშნით იდევნება. თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, მას სკოლაში კუთვნილ საათებს ართმევდნენ და, ფაქტობრივად, უმუშევრად ტოვებდნენ. მზია კოჩაძემ გვითხრა, რომ სკოლის ადმინისტრაციას მართლაც უნდოდა მისი საათები არაპროფესიონალისთვის გადაეცა, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მზია კოჩაძე პოლიტიკურ საფუძველს გამორიცხავს.

თორნიკე ავალიშვილი სკოლაში სწავლის პროცესის მიმდინარეობის დროს წინასაარჩევნო აგიტაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვერტყვიჭალისა და სარგვეშის საჯარო სკოლების დირექტორები პედაგოგებთან, სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ.

ვერტყვიჭალისა და სარგვეშის საჯარო სკოლების დირექტორები ლენა აბაშიძე და დავით ლურსმანაშვილი, რომლებიც ამავდროულად ხარაგაულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები არიან, აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა და თორნიკე ავალიშვილს ჭორების გავრცელებაში სდებენ ბრალს. ლენა აბაშიძე ამბობს, რომ იგი შვებულებაში იმყოფება.

სკოლის დირექტორების მხრიდან საარჩევნო აგიტაციის ფაქტები აღნიშნული სკოლის პედაგოგებთან გადავამოწმეთ. სარგვეშის საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა არაბიძე ამბობს, რომ ასეთ ფაქტს, სკოლის დირექტორის მხრიდან, არც სამასწავლებლოში და არც პირად საუბარში, ადგილი არ ჰქონია. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგმა, რომელთანაც ამ ფაქტის გადამოწმება ვცადეთ, ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

საია-ს იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს საარჩევნო აგიტაცია არ ეკრძალებათ, თუმცა ზოგადი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის დროს აგიტაცია იკრძალება.

თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ტყის მცველები სოფლის მოსახლეობას აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუ ისინი „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ ხმას, ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან და დააჯარიმებენ. ტყის მცველი ზაზა კაკოიშვილი ამბობს, რომ „ასეთი სახის დაშინებები სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად უფრო გაუმჯობესებულია, ვიდრე წინა წლებში. თუმცა, მისივე თქმით, 2013 და 2014 წლების არჩევნები ბევრად უფრო  მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. „8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო კურსს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლავს გარკვეული ნერვული და დაძაბული ფონი“.

ინგა მაღრაძე თავისი მოადგილე მანანა ბარბაქაძის მხრიდან გედსამანიაში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ გიორგი ჩადუნელზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

„გიორგი ჩადუნელი ხუნევის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელია, – გვიამბობს ინგა მაღრაძე, – მანანა ბარბაქაძემ მას უთხრა, რომ თუ მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერდა, სამსახურს დაკარგავდა.

გიორგი ჩადუნელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

საარჩევნო ბლოკის „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლაცაბიძე ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობის შევიწროების ფაქტებზე საუბრობს.

„მთის შესახებ კანონში“ წერია, რომ ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებმა უნდა გასცენ ცნობა პიროვნებაზე, რომ ის ბოლო 9 თვის განმავლობაში მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში ნამდვილად ცხოვრობდა.  ამით სარგებლობენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულები და მოსახლეობას ეუბნებიან, თუ გინდა მოგცე ცნობა, ხმა უნდა მისცე სახელისუფლებო პარტიას. გოგი ლაცაბიძემ ჩვენთან საუბარში კონკრეტული ფაქტები არ დაასახელა.

ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები ხარაგაულსა და ბაღდათში ქეთევან პავლაძე და თინა ჟვანია ამბობენ, რომ პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე პოლიტიკური პარტიები უკავშირდებიან, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებს არ აწვდიან.

თამთა გოგოლაძე

 

osgfსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.