19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ხარაგაულელ ამომრჩევლებს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ებანოიძე და ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატი მიხეილ ჭიპაშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე, რომელიც ხარაგაულის კინოთეატრის წინ გაიმართა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მხნე, ამაყი და თავისუფალია იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტია საუკეთესო პარლამენტარს, – ნოდარ ებანოიძეს, – სთავაზობს ამომრჩევლებს მომავალ პარლამენტში კვლავ ასარჩევად.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხარაგაულელებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის საგარეო საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ამასთან გამკლავების ბერკეტებია პოლიტიკურ მოკავშირეებთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა და ქართველი ხალხის ერთიანობა. ეს ერთიანობა მრავალპარტიულ პარლამენტში მიიღწევა.

დავით უსუფაშვილის აზრით, რესპუბლიკელების ყოფნა აუცილებელია საკრებულოშიც, პარლამენტშიც, – რომ არ დარჩეს ერთმანეთის პირისპირ ორი ძალა – „ოცნება“ და „ნაციონალები,“ ხელისუფლება არ დარჩეს ოპონენტის გარეშე იმიტომ, რომ „ნაციონალები“ ვერ იქნებიან მათი ოპონენტები, – რადგან მას არ უსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ არ არის ოპონენტი, ვისთანაც პაექრობ, მაშინ საქმე ცუდად მიდის. ამიტომ გვჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი.

დავით უსუფაშვილმა ისაუბრა ქვეყნის რეგიონების თანაბრად განვითარების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების თანაბრობა სახელმწიფო მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხარაგაულელებთან შეხვედრაზე ყურადღება თვითმმართველობის რეფორმაზე გაამახვილა.

დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 და 20 ლარით პენსიის გაზრდა საქმეს ვერ შველის. საჭიროა დღესვე დავიწყოთ ზრუნვა პენსიის დაგროვებით სისტემაზე გადასასვლელად.

დაგროვებითი სისტემა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი, სანამ საპენსიო ასაკამდე მივალთ, მანამდე ერთიანდება ამ სისტემაში. საშემოსავლო გადასახადს 20 პროცენტს თუ ვიხდი, იმ 20 პროცენტის 2 პროცენტი წავა საპენსიო ფონდში. იქ ხდება თანხების აკუმულირება. იმ თანხას ხელს ვერ მოვკიდებ, სანამ არ გავხდები პენსიონერი. ანუ, ეს თანხა მუდმივი შემოსავალია საპენსიო ფონდისთვის. საპენსიო ფონდი ამ თანხას სადღაც ყულაბაში ან ქისაში კი არ ინახავს, არც საბანკო ანგარიშზე დებს, რომ დაბალი პროცენტები მიიღოს; საპენსიო ფონდი ამ ფულს ატრიალებს ეკონომიკაში, ბიზნესში.

ამით ბიუჯეტი ნელ-ნელა სრულად თავისუფლდება საპენსიო ტვირთისგან და ჩვენ როცა საპენსიო ასაკს მივაღწევთ, გვაქვს მართლა პენსია და არა მცირე შემოსავალი.

დღეს თუ არ დავიწყეთ ამის მოგვარება, არასდროს ეშველება. თუ ჩვენ აღმოვჩნდით ამ საპენსიო სისტემის მსხვერპლნი, ჩვენი შვილები, რომლებიც პენსიონერები გახდებიან, იმათთვის მაინც ხომ სწორად უნდა იყოს ეს დაგეგმილი და გაკეთებული. ამიტომ ჩვენ გვინდა გრძელვადიანი, სახელმწიფოებრივი ხედვა.

გამოსვლის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილ მოსახლეობას უკეთესი ხელისუფლების არჩევისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე ამომრჩევლებს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნოდარ ებანოიძემ და ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატმა მიხეილ ჭიპაშვილმა მიმართეს.

ლაურა გოგოლაძე

ამავე თემაზე
დავით უსუფაშვილი – 8 ოქტომბრის დილიდან საღამომდე ხელისუფლება გადაეცემა ხალხს

davit-usufashvili-1

davit-usufashvili-2

davit-usufashvili-3

 

davit-usufashvili-5

davit-usufashvili-6

davit-usufashvili-7

davit-usufashvili-8