8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებიც გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის.

#1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბუჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – მირზა ინასარიძე;
#5 საარჩევნო ბლოკი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თამაზ ლომიძე;
#6 „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ – მიხეილ ჭიპაშვილი;
#8 საარჩევნო ბლოკი – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – თემურ ფცქიალაძე;
#27 „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – უშანგი ბერაძე;
#41 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – ნიკოლოზ თოფურიძე.

ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატები ამბობენ, რომ თანამდებობაზე კენჭისყრა პარტიების ცენტრალურ ოფისებთან შეთანხმებით მიიღეს.

ექვსივე კანდიდატი შიდა სასოფლო გზების მოწყობას, წყლის სისტემის მოწესრიგებას, გარე განათებების ქსელის გაფართოებას და ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობას ხარაგაულის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემებად მიიჩნევს.

თამაზ ლომიძე, მიხეილ ჭიპაშვილი და უშანგი ბერაძე სხვადასხვა წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად მუშაობდნენ.

პროფესიით ექიმი რეაბილიტოლოგი მირზა ინასარიძე თვლის, რომ გააჩნია საიმისო რესურსი, გამგებლად არჩევის შემდეგ ხარაგაულელებისთვის მეტი სიკეთე აკეთოს.

თამაზ ლომიძე წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ადამიანები ერთმანეთს პოლიტიკური კუთვნილების გამო მტრად გადაეკიდნენ, – ერთმანეთის გვერდით ვერ დგებიან, ჭირია თუ ლხინი, – მაგიდასთან ერთად ვერ სხდებიან.

თემურ ფცქიალაძე პოლიტიკურ პროცესებში ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობიდან ჩართულია. „პატრიოტთა ალიანსის“ რაიონულმა ორგანიზაციამ ხარაგაულის ოცივე ადმინისტრაციულ ერთეულში სათათბიროები შექმნა. თემურ ფცქილაძე ამ სათათბიროებზე დაყრდონით გეგმავს მოსახლეობასთან ურთიერთობას. ამბობს, რომ გამგებლობის შემთხვევაში თანამდებობაზე პიროვნებებს პროფესიული ნიშნით შეარჩევს.

მიხეილ ჭიპაშვილი და უშანგი ბერაძე, გამგებლად არჩევის შემთხვევაში, მაღალი თანამდებობის პირებზე მაქსიმალურ ზღვრამდე გაზრდილი ხელფასების ძველ ნიშნულამდე დაბრუნებას გეგმავენ. ორივე კანდიდატი მიიჩნევს, რომ ააიპ-ებში რეფორმა გარდაუვალია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვას კი ყველაზე მნიშვნელოვნად საზოგადოების ჩართულობას თვლიან.

რელიგიის სფეროს დაფინანსება თეიმურაზ ფცქიალაძისა და უშანგი ბერაძესთვის პრიორიტეტია.

ნიკოლოზ თოფურიძე თავის თავს მეურნე, ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელ ადამიანად გვაცნობს. გვპირდება, რომ არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს კაბინეტიდან არ მართავს, რადგან ბევრი საქმე გარეთაა. თავის უმთავრეს ღირსებად თავისუფლებას თვლის და ამბობს, რომ ვერავინ უკარნახებს, რა და როგორ გააკეთოს.

მიხეილ ჭიპაშვილი, უშანგი ბერაძე და თეიმურაზ ფცქიალაძე მიიჩნევენ, რომ გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ნიკოლოზ თოფურიძე თვლის, რომ ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობას 8 ოქტომბერს მიიღებს. გამგებლობის ყველა კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებს უფრო ფართოდ შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“.

ნინო კაპანაძე