პირველ ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წარმატებულ მასწავლებლებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა.

შეხვედრა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

2016 წლის 5 ოქტომბერს ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია – „განათლების ინტერნაციონალი (EI)“, UNESCO, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)“ და გაეროს განვითარების ფონდი მასწავლებლის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მიღების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვინაიდან 5 ოქტომბერი სამუშაო დღეა, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700-ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა პირველ ოქტომბერს გაიმართა. საზეიმო შეხვედრაში ოცი ხარაგაულელი მასწავლებელი მონაწილეობდა.

ერთ-ერთ მონაწილეს, ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგ თეა ტალახაძეს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

„მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით  მასწავლებელთა ხმები უნდა გაჟღერდეს, რათა მთავრობებს შევახსენოთ მათი ვალდებულებები, – ამაღლდეს და დაფასდეს მასწავლებლის პროფესია“- ასეთია მასწავლებელთა პროფესიული დღის დამფუძნებელთა გზავნილი.

შეხვედრაზე მასწავლებლის დღე მოგვილოცა და ჩვენი საქმიანობის მიმართ მადლიერება გამოხატა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა მაია კობახიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

მინისტრმა მასწავლებლებისათვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „პროფესიული განვითარების სქემა თითოეულ მასწავლებელს მისცემს წინსვლის საშუალებას დაუსრულებლად. სქემა არის პროექტი, რომელიც არ დამთავრდება. გპირდებით, თქვენ მიერ განხორციელებული თითოეული აქტივობა აისახება და არაფერი დაგეკარგებათ.

გპირდებით, რომ არც ერთი მასწავლებელი, რომელსაც აქვს მიღწევები სასკოლო საქმიანობაში, არ დატოვებს სკოლას, მიუხედავად ასაკისა თუ გამოცდა ჩაუბარებლობისა. ხოლო მასწავლებელი, თუნდაც აკადემიკოსის ხარისხი ჰქონდეს, თუ მოსწავლეებთან ვერ აღწევს წარმატებას და მისი განათლება ბავშვებზე არ აისახება, სკოლიდან წავა.

სქემა არის პედაგოგთა განვითარების პროგრამა, რაც დადებითად უნდა აისახოს მოსწავლეზე. მასწავლებელთა გამოცდის ბარიერი გავაუქმეთ, თუმცა, გამოცდა სავალდებულო იქნება ყველა პრაქტიკოსისთვის, როგორც ერთ-ერთი აქტივობა,“ – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მასწავლებელთა დამატებითი საქმიანობის შესახებ. იგეგმება პროექტი ემიგრანტი ბავშვებისათვის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესასწავლად, მალე დაიწყება თავისუფალი გაკვეთილები. მშობელთა კრებები, თუ მასწავლებელი ინდივიდუალურად იმუშავებს მშობელთან, აისახება კრედიტებში, აგრეთვე შშმ მოსწავლესთან მუშაობა, პროექტები, კონფერენციები და სხვ.

შეხვედრა ლამაზი ალაფურშეტით დასრულდა. სპმთპ პედაგოგებს ტორტითა და შავი ღვინით გაუმასპინძლდა.

შეხვედრას ხარაგაულის სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე და ოცი ხარაგაულელი პედაგოგი ესწრებოდა. მასწავლებლები შეხვედრით კმაყოფილნი არიან.

ვერა ოდიკაძე, მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი: -სასიხარულოა, როცა წარმატებული მასწავლებლის სტატუსით პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობ.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ბოლო წლებში გაიზარდა პროფკავშირის მხარდაჭერა როგორც ცენტრალური, ასევე რაიონული ორგანიზაციიდან. რაიონული ორგანიზაცია სკოლებისთვის ყოველწლიურად უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლალი სებისკვერაძის დამსახურებაა.

კმაყოფილი ვარ მინისტრთან შეხვედრის. მომწონს მისი იდეები. ღმერთმა ქნას ყველა განახორციელოს.

ქეთევან ბარბაქაძე, ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორი:საუკეთესო შეხვედრა მოგვიწყვეს. მოხიბლული ვარ თითოეული დეტალით. მომწონს ჩვენი მინისტრი დამოკიდებულება პედაგოგებისდმი. ვგრძნობ, რომ მისი ყოველი სიტყვა გულიდან წამოსულია და არ არის წინასაარჩევნო დაპირება. დარწმუნებული ვარ, ყველა იდეას განახორციელებს და პედაგოგის პროფესია დაფასებული გახდება.

დარეჯან ქურციკიძე, ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგი:განათლების მინისტრმა სტიმული მოგვცა პედაგოგებს, რომ ჩვენი ნაშრომი არ დაგვეკარგება და რომ კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია.

ნაზი სახვაძე, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელი:კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა იმ საზეიმო შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა, სადაც მინისტრმა მოგვილოცა პროფესიული დღე. მიხარია, რომ პირადად გავიცანი განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძე და მოვისმინე მასწავლებლის საქმიანობის მიმართ გამოთქმული მოსაზრებები.

მინისტრთან შეხვედრა ექსკურსიით დავასრულეთ. მცხეთაში ჯვრის მონასტერი მოვილოცეთ. შეგეწიოთ ჯვრის ძალა და მადლი თითოეულ პედაგოგს!

ფოტოებზე: შეხვედრა თსუ სააქტო დარბაზში; შეხვედრის მონაწილე ხარაგაულელ მასწავლებელთა ერთი ჯგუფი

maswavleblebi