marelisi 1სექტემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში ფილმის „კამპანია“ გადაღება მიმდინარეობდა. ფილმში მთავარ როლებს ხარაგაულის კულტურის ცენტრის თანამშრომლები: ვასილ კიკნაძე, ნიკო დეკანოსიძე, ლუიზა კიკნაძე და დავით ჭყოიძე ასრულებენ. ფილმის რეჟისორი წარმოშობით მარელისელი დათო მაღრაძე და მისი მეგობარი ნიკა მეგრელიშვილი გახლავთ. ეს მათი პირველი საავტორო ნამუშევარია.

„შვიდი დღე გავატარეთ გადაღებებზე მარელისში, – გვიამბობს მსახიობი ნიკო დეკანოსიძე, – საინტერესოა ფილმის სიუჟეტი: დეპუტატობის კანდიდატი სოფლის აქტივისტების დახმარებით მოსახლეობას ხვდება. როგორც წესი, უხვად გასცა დაპირებები. ქართული ტრადიციის თანახმად, დეპუტატობის კანდიდატს დღის ბოლოს სუფრა გაუშალეს. ფილმში დღევანდელი აქტუალური საკითხები ნაჩვენებია იუმორით, თან დრამატიზირებულიც არის. ფილმი ძირითადად ეხება სოფლის გასაჭირს. მე სოფლის აქტიური მცხოვრების როლს ვთამაშობ. ვფიქრობ, კარგი ფილმი გამოვა.“

კულტურის ცენტრის თანამშრომელი დავით ჭყოიძე შესარჩევი კონკურსის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ კულტურის ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ ძალით მიიყვანა სინჯების გადასაღებად. „დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე ვარ დამტკიცებული. კინოში მონაწილეობა და გადაღებები ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო,“ – ამბობს დავით ჭყოიძე და 30 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, როცა ის რეჟისორ გივი ვეფხვაძის ფილმში „ხსოვნა“ გადაიღეს. მაშინ კამერის წინ გადაღების კომპლექსი რეზო ჩხიკვიშვილმა დააძლევინა, ახლა კი – სოხუმის თეატრის მსახიობმა, მთავარი როლის შემსრულებელმა ნუგზარ ჩიქოვანმა. ფილში დავით ჭყოიძე სოფლის ერთ-ერთი აქტიური მკვიდრია – მოსახლეობასა და დეპუტატობის კანდიდატს შორის ურთიერთობს. „ფილმში მოცემულია ის, რაც რეალურად ხდება ცხოვრებაში: უფრო მეტად დეპუტატის სიამოვნებაზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დავახვედროთ და მერე კარგი სუფრა გავუშალოთ,“ – ამბობს დავითი.

marelisi 2კინოგადაღებას, რა თქმა უნდა, ბევრი კურიოზი ახლავს. „დავტანჯე ნუგზარ ჩიქოვანი. ჩხუბის მომენტში ვერაფრით ვიკავებდი სიცილს. რვა დუბლი გავაფუჭე. ბოლოს ვასიკო დამეტაკა და პირზე ამაფარა ხელი, რომ არ გამცინებოდა,“ – იხსენებს დავითი და ფიქრობს, რომ რეჟისორები და მთლიანად გადამღები ჯგუფი კმაყოფილები დარჩნენ: „ახალგაზრდები ახლა იწყებენ კინომატოგრაფიულ ცხოვრებას და დაგვპირდნენ, რომ არ გაწყვეტენ ურთიერთობას ხარაგაულის საზოგადოებასთან.“

ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორი ვასილ კიკნაძე მიიჩნევს, რომ მისთვის ფილმში მონაწილეობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე სპექტაკლში თამაში. როგორც თავად ამბობს, ფილმის სიუჟეტისთვის ერთი ახსნით უნდა მიხვდე ყველაფერს. ის სოფლის თავკაცის როლს თამაშობს. ამბობს, რომ ეს სახასიათო როლია, თუმცა ცხოვრებაში ასეთი ტიპი არ არის. ვასილ კიკნაძე დარწმუნებულია, რომ ფილმი წარმატებული გამოვა.

მსახიობი ლუიზა კიკნაძე კასტინგის დღეს იხსენებს: -მოვიდნენ ახალგაზრდები, გადაგვიღეს ფოტოები და გვითხრეს, რომ ორ კვირაში გვაცნობებდნენ, ვის დაამტკიცებდნენ როლზე. იმ პერიოდში მობილური ტელეფონი გამიფუჭდა. მოგვიანებით, როდესაც ჩემი თანამშრომლები როლებზე დაამტკიცეს, მეც დამიკავშირდნენ. კასტინგის მენეჯერმა ირაკლი ხაბურძანიამ მორიდებით მითხრა, თუ შეძლებთ ერთი კვირა რომ იყოთ ჩვენთან გადაღებებზე, მცირე თანხაა ჰონორარიო. ვუთხარი, რომ რვა ლარად მიმუშავია და თან, როცა საქმე ხელოვნებას ეხება, თანხაზე როგორ ვისაუბრებ-მეთქი.

არაჩვეულებრივი ახალგაზრდები იყვნენ. ყველაზე უფროსი 28 წლის იყო. ერთი კვირის მანძილზე ისინი უზრუნველყოფდნენ ჩვენს ტრანსპორტირებას და კვებას. ვფიქრობ, ისინიც გახარებულები დარჩნენ ჩვენთან ურთიერთობით. ცხონებული პაშა გიორგაძისგან ბევრი რამ შევისწავლე და გადაღებაზე ისეთი მოწესრიგებული მივედი, ვიზაჟისტმა რომ მნახა, ძალიან კმაყოფილი დარჩა. ფილმში „კამპანია“ ლუიზა კიკნაძე სოფლის სკოლის მასწავლებელია, რომელიც ქეიფის დროს ისე გამოთვრება, რომ დირექტორს კისერში არაყს ჩაასხამს. ეს სცენა თავად მსახიობმა მოიფიქრა. ფილმის გადაღების ხუთი დღე ლუიზა კიკნაძისთვის დაუვიწყარია. ის ძალიან კმაყოფილია გადამღები ჯგუფის ორგანიზებულობითა და ყურადღებით. ყველაზე დიდ მნიშვნელობას კი იმას ანიჭებს, რომ რეჟისორ დავით მაღრაძეში სოფლისადმი დიდი სიყვარული დაინახა.

 

ფილმის კასტინგმენეჯერი ირაკლი ხაბურძანია ამბობს, რომ ფილმი კომედიის ჟანრს განეკუთვნება, მაგრამ ის სირთულეები, რომელიც ფილმში ჩანს, რეალურია. რაც შეეხება მსახიობების არჩევას, ირაკლის თქმით, გადამღები ჯგუფის სურვილი იყო, ფილმში ხარაგაულელ მსახიობებს ეთამაშათ. „ქალბატონი ირინე ჩხეიძე ძალიან დაგვეხმარა და დაგვაკავშირა ხარაგაულელ მსახიობებთან. ფილმის რეჟისორები – დავით მაღრაძე და ნიკა მეგრელიშვილი პირველ ნაბიჯებს დგამენ კინოინდუსტრიაში და ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებულად. გადაღებები დინამიურად მიმდინარეობდა. ხარაგაულელი მსახიობებით აღფრთოვანებული ვიყავით. ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენს შორის.“

ამ ეტაპზე, ირაკლი ხაბურძანიას ინფორმაციით, ფილმის მონტაჟი მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფის სურვილია, ფილმი ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენოს.

რეჟისორი ნიკა მეგრელიშვილი გვიმბობს, რომ ფილმის სცენარის იდეა დათო მაღრაძეს ეკუთვნის. მათ ერთად დაწერეს სცენარი, სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსება მოიპოვეს და ხარაგაულისკენ გამოემართნენ. „ფილმი „კამპანია“ ქართულ ყოფაზეა მორგებული. კომიკურია, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი რეალურია. ხალხი ელოდება მხსნელს, ბელადს. ამ დროს ხალხის გასაკეთებელია ყველაფერი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ვინ მოვა,“ – ამბობს ნიკა. ის ხარაგაულელელი მსახიობებით ძალიან კმაყოფილია და ნასიამოვნებია აქაურებთან ურთიერთობით.

„მარელისელი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, – გვიამბობს ფილმის რეჟისორი დავით მაღრაძე, – ყოველ ზაფხულს აქ ვისვენებ. სცენარზე მუშაობისას სულ მარელისზე ვფიქრობდი. დიდი მადლობა ხარაგაულელებს, რომ ასე დაგვიდგნენ გვერდით. ფილმი საფესტივალოა, მაგრამ მანამდე პრემიერა აუცილებლად შედგება თბილისსა და, რა თქმა უნდა, მარელისში.“

ნინო კაპანაძე