წინასაარჩევნოდ, ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ოპოზიციური პარტიები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობენ.

„ნაცონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში ოცივე ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლები სამუშაო საათებში სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერ აგიტაციას ეწევიან.

გამგეობის ადმინისტრაციის ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად შვებულებით სარგებლობენ გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში: ვარძიის, ლეღვანის, კიცხის, წყალაფორეთის, ხევის, ბაზალეთისა და მოლითის.

„სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან, რომ თუ სახელისუფლებო კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ, სოციალური დახმარება მოეხსნებათ, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, -წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულია სატყეო სამსახური. ტყის მცველები მოსახლეობას ეუბნებიან, თუ ხელისუფლებას მხარს დაუჭერთ, სამასალე მორის მოჭრის უფლება გექნებათო. რეინჯერი კახა ხიჯაკაძე და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, შმაგი ხიჯაკაძე სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში და იქ ეწეოდნენ საარჩევნო კამპანიას.“

ინფორმაცის გადასამოწმებლად, ხარაგაულის სატყეო სამსახურის უფროსს, სოსო ფოფხაძეს დავუკავშირდით.  „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კახა ხიჯაკაძეს სამუშაო საათებში თავისი სამოქმედო ტერტორია არ დაუტოვებია,  ხანში მეგობართან ერთად  საღამოს რვა საათზე წავიდა. ისიც ვიცი, რომ ორ ოჯახში იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საარჩევნო საკითხებზე. რამდენჯერმე გადავამოწმე ეს ფაქტი,“- ამბობს სოსო ფოფხაძე.

რაც შეეხება სამასალე მორის მოპოვებასთან დაკავშირებულ დაპირებას, სოსო ფოფხაძის თქმით, კანონი ყველასთვის ერთნაირია. „მაგას არც არჩევანი სჭირდება და არც არადანი,“ – ამბობს სატყეოს უფროსი.

თორნიკე ავალიშვილი გვიყვება, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, „ხარაგაულდასუფთავებისა“ და საკრებულოს ავტომანქანებს იყენებს.

გამგებლობის კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ უჩა ბერაძე გვიამბობს, რომ მოსახლეობაში წინა ხელისუფლების დროს დანერგილი შიში ჯერ არ გამქრალა. მისი ინფორმაციით, გამგებლის წარმომადგენლები მოსახლეობასთან სოციალური შემწეობის თემით მანიპულირებენ. თორნიკე ავალიშვილმა და უჩა ბერაძემ არ გაგვიმხილეს იმ პირთა ვინაობა, რომლებსაც გამგებლის წარმომადგენლები სოციალური დახმარების მოხსნაზე ესაუბრენ.

საკრებულოს თავმჯდომარისა და დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან ადმინისტრაცული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს საკრებულოს წევრი, ვარლამ ჭიპაშვილი.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატი, ნოდარ ებანოიძე მოსახლეობასთან შეხვედრებზე ბიუროსა და პარლამენტის კუთვნილი მანქანით გადაადგილდება.  ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე საკრებულოს ავტომანქანით დადის.

 ინგა მაღრაძე კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და გვიამბობს, რომ ვარლამ ჭიპაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ზვარეს კარვების ბანაკში „ქართული ოცნების“ მაისურით მივიდა, რაც კანონდარღვევაა.

„ვადასტურებ, რომ ზვარეს ბანაკში „ქართული ოცნების“ მაისურით ვიყავი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, თუმცა, არასამუშაო საათები იყო. ჩემი ტრანსპორტით ავედი და საარჩევნო აგიტაცია არ გამიწევია.“

საკუთარ ფეისბუქგვერდზე ფოტოებით ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე.

საია-ს იურისტი, ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რომ ეს დარღვევა არაა, რადგან ორივე მათგანი პოლიტიკური თანამდებობის პირია და საარჩევნო აგიტაციაში ამ ფორმით მონაწილეობა არ ეკრძალებათ.

ბოლო რამდენიმე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახელით მოსახლეობას ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება მუნიციპალიტეტში დასრულებული პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ხარაგაულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე განმარტავს, რომ მათ ამ სერვისით სარგებლობა კომპანია „მაგთის“ შესთავაზეს და  შესაბამისი შესყიდვაც განახორციელეს.

„ეს ბიუჯეტით წინასწარ დაგეგმილი არ იყო, თუმცა თანხა იმ მუხლიდან გაიხარჯა, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს.  ეს კანონდარღვევა არაა,“- აღნიშნავს პაატა გოგოლაძე.

მუნიციპალიტეტების მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი ქმედება ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენად შეიძლება შეფასდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ  შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი, ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს, დაიწყეს, – აღნიშნულია საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში, – კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, გამოიკვლიოს, როგორ მოიპოვეს მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეთა სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები.

ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები ხარაგაულსა და ბაღდათში ქეთევან პავლაძე და თინა ჟვანია ამბობენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მათთვის ინფორმაცია ჯერჯერობით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიუწოდებია.

ნინო კაპანაძე

osgfსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.