ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა ახალი ფრაქციის შექმნაზე ცხარე დებატები გამართეს.

ფრაქცია „თავისუფალი არჩევანის“ შექმნა ხარაგაულის საკრებულოში გაუქმებული ფრაქციის – „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებს გელა გოლუბიანს, თეიმურაზ კუპრაძესა და ვლადიმერ ბუაჩიძეს სურთ.

დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს იურიდიული კომისიისგან მიღებული დადებითი დასკვნა ფრაქცია „თავისუფალი არჩევანის“ შექმნის შესახებ არაკანონიერად მიიჩნია. მისი თქმით, იურიდიული კომისიის დაწყების ზუსტი დრო კომისიის წევრებმა არ იცოდნენ.

კომისიის გადაწყვეტილების უკანონობას, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ისიც ამყარებს, რომ სხდომას კომისიის წევრი შვიდი დეპუტატიდან სამი ესწრებოდა და არა ოთხი, როგორც ეს კომისიის ოქმშია დაფიქსირებული.

„გადაწყვეტილება მსჯელობისა და განხილვის გარეშეა მიღებული და კანონიერად დასაბუთებული არ არის, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება სიტყვასიტყვით ემთხვევა ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელებისას.“ ამავე დროს თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, უპარტიო და ბლოკისგან წარდგენილ წევრებს ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვთ. მათ მხოლოდ სხვა ფრაქციაში გაწევრიანება შეუძლიათ.“

ვარლამ ჭიპაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელახლა მოწვევა მოითხოვა.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, კომისიის წევრებმა სხდომის ჩატარების თარიღი იცოდნენ, იმ დღეს სამსახურშიც იმყოფებოდნენ, მაგრამ დაიმალნენ და კომისიის სხდომას არ დაესწრნენ.

დეპუტატების დამალვის მიზეზს ვერ ხედავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე. მისი თქმით, კომისიის წევრებს რომ სცოდნოდათ სხდომის დაწყების ზუსტი დრო, აუცილებლად მივიდოდნენ, რადგან „უმრავლესობაში არიან და გადაწყვეტილებას მაინც ისე მიიღებდნენ, როგორც სურთ.“

ბიუროს წევრებმა დიდხანს იდავეს, შეეტანათ თუ არა საკითხი საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

დეპუტატ იური ლურსმანაშვილის მტკიცებით, საკრებულოში ფრაქციის შექმნა უმრავლესობის გადასაწყვეტი არ არის. საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ბიუროზე კენჭისყრის გარეშე შედის, ხოლო საკრებულომ კომისიის გადაწყვეტილება ცნობად უნდა მიიღოს.

ბიუროს წევრთა გადაწყვეტილებით, საკითხი შესასწავლად იურიდიულ საკითხთა კომისიას დაუბრუნდა.

ნინო კაპანაძე