
ამომრჩეველთა სიებში არსებულ ხარვეზებზე #51 ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქის პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ #18 ქვების საარჩევნო უბანზე სიაში გარდაცვლილი ენრი ჭყოიძეა შეტანილი.
ხარაგაულში, რ. თაბუკაშვილის ქ. #4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე ბინაში, ლევან ბოგვერაძე კომისიის წევრებმა ვერ იპოვეს. როგორც კორპუსის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, ლევან ბოგვერაძემ ბინა დიდი ხანია გაყიდა და ხარაგაულში აღარ ცხოვრობს. ამავე კორპუსში აღარ ცხოვრობს ზვიად არევაძეც.
„ხშირია შემთხვევა, როცა ამომრჩევლის ბარათში არაზუსტი მისამართია მითითებული, – გვიამბობს ხარაგაულის #1 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე დოდო გელაშვილი, – უბანში მოვიდნენ მოქალაქეები, რომლებიც ნადვილად ხარაგაულში ცხოვრობენ და ხმა #1 უბანზე უნდა მისცენ, მაგრამ ბარათში არასწორი მისამართი წერია – თაბუკაშვილის ქუჩის მაგივრად, სოლომონ მეფის ქუჩა. ეს ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე გადავუგზავნეთ.“
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე ამბობს, რომ საუბნო კომისიებიდან ამომრჩეველთა სიაში აღმოჩენილ ხარვეზებზე ინფორმაციას ყოველდღე იღებენ.
„საოლქო კომისიაშიც მოგვაკითხა ათამდე ამომრჩეველმა, რომელთაც რეგისტრაცია ახლახან შეიცვალეს,- ამბობს მაყვალა სულაქველიძე, – ისინი სიებში არ არიან და ამის გამო შიშობენ. მათ განცხადებებს ვიტოვებთ და ცესკო-ში ვაგზავნით.“
მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებში გამოკრული ამომრჩეველთა სია 12 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ მონაცემებს შეიცავს. „ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა პიროვნებამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, რეგისტრაცია – არა. ასეთი პიროვნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით იქნება სიაში. საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრებმა ამომრჩევლის ბარათები უკვე დაარიგეს. თუ პიროვნება ფიზიკურად ვერ ნახეს, ამომრჩევლის ბარათს კომისიის მდივანს ჩააბარებენ.“
მაყვალა სულაქველიძე განმარტავს, რომ „დამისამართების შემდეგ უზუსტობა ქუჩის ნუმერაციაშია. ეს ხმის მიცემას ხელს არ შეუშლის, თუ რამდენიმე კომპონენტი მაგალითად, პირადი ნომერი, სახელი და გვარი ემთხვევა. საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პიროვნების აღმოჩენის შემდეგ, საუბნო კომისიაში განცხადების სპეციალური ფორმა ივსება და საოლქო კომისიას მიეწოდება.“
#18 ქვების საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიადი ქურდაძე ადასტურებს, რომ სამი თვის წინ გარდაცვლილი პიროვნება ამომრჩევლის სიაშია. მისივე ინფორმაციით, სიაში არ აღმოჩნდა ორი პიროვნება, რომელთაც 18 წელი წელს შეუსრულდათ. ზვიადი ქურდაძე ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ საოლქო კომისიას უკვე აცნობა.
ბაღდათის საოლქო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩილ სიგუნავას თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ამომრჩევლებს მითითებულ მისამართზე ფიზიკურად ვერ პოულობენ. მისი განმარტებით, სიაში ბევრია ისეთი, ვინც სამუშაოდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წავიდა და წლებია რეგისტრაციის ადგილზე აღარ ჩამოსულა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED)კოორდინატორი ბაღდათის მუნიციპალიტეტში თინა ჟვანია გვიამბობს, რომ 8 სექტემბერს #13 დიმის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას დაესწრო. „კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც წლებია, იქ ცხოვრობს, საკუთარი თავი და ოჯახის წევრები საარჩევნო სიაში ვერ აღმოაჩინა, ვუთხარი, რომ ცესკო-ს ვებგვერდის საშუალებით ელექტრონულად გადაემოწმებინა საკუთარი თავი სიაში და დაეწერა განცხადება.“
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბებში გვითხრეს, რომ მომავალი კვირიდან პარტიები კარდაკარ აპირებენ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებას. დაზუსტებულ საარჩევნო სიებს ცესკო-დან საუბნო კომისიები არჩევნებამდე ორი დღით ადრე – 6 ოქტომბერს მიიღებენ.
ნინო კაპანაძე
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების