
15 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლაში 2016-2017 სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკება. ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში სწავლა 3 ოქტომბერს განახლდება.
რა სიახლეებია ახალ სასწავლო წელს და რა პრობლემები დგას სკოლების წინაშე, – ამის შესახებ სკოლების დირექტორები საუბრობენ.
წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე ამბობს, რომ ახალ სასწავლო წელს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ინვენტარით ხვდებიან. სკოლის დირექტორი მოხარულია, რომ წიფას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა. ამიტომ სკოლის მასწავლებელთა ხელფასები 35%-ით გაიზრდება.
გოჩა კვინიკაძე მიიჩნევს, რომ ეს პედაგოგებისთვის დიდი სტიმულია.
„წიფასთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების გამო სკოლაში სხვა მუნიციპალიტეტში წასული ხუთი მოსწავლე დაბრუნდა, – გვიამბობს გოჩა კვინიკაძე, – მაღალმთიან სოფელში სკოლადამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ ისწავლიან.“
გოჩა კვინიკაძე იმედოვნებს, რომ მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების გამო დაცლილ სოფლებს მოსახლეობა ისევ დაუბრუნდება.
საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორის, ვარდო ჭიპაშვილის დიდი გულისტიკივილია, რომ ახალი სასწავლო წელი სოფელ ვანში სასწავლო კორპუსის გაუქმებით დაიწყო.
„ვანის სკოლის სამივე მოსწავლე სასწავლებლად სხვა სკოლებში გადავიდა, – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი, – ფაქტობრივად, სოფელში ფიზიკურად ბავშვი აღარ დარჩა. ძალიან ცუდი განცდა მაქვს. შენობაში ინფრასტრუქტურა ყოველმხრივ მოწესრიგებულია. სკოლა რომ ფუნქციონირებდა, სოფელიც ცოცხლობდა. თუ მეტი ყურადღება არ მიაქციეს სოფლებს, ნელ-ნელა, ალბათ, სხვა სკოლებიც ვანის სკოლის ბედს გაიზიარებს.“
ვარდო ჭიპაშვილის ინფორმაციით, ვანის სასწავლო კორპუსში ექვსი მასწავლებელი იყო დასაქმებული. ჯერჯერობით, ექვსივე უმუშევარია.
„საღანძილედანაც დიდი მიგრაციაა, – გვიამბობს ვარდო ჭიპაშვილი, – ამის მიუხედავად საღანძილის სკოლა თორმეტივე ფინანსურ კლასს ინარჩუნებს. სიახლეა ის, რომ ზარანი-საღანძილეს მიმართულებით სასკოლო ტრანსპორტის კიდევ ერთი რეისი დაგვემატა.“
კიცხში სკოლის ახალი შენობა აშენდება. სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი გვამცნობს, რომ სკოლის აშენება 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში უკვე ჩასმულია. კიცხის საჯარო სკოლის კარი ახალ სასწავლო წელს თერთმეტმა პირველკლასელმა შეაღო.
„სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ, – ამბობს თამარ წიწილაშვილი, – სიახლეა ის, რომ წელს სკოლაში ამერიკელი მოხალისე გვეყოლება. დანიელ ფერი კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარება.
მოსწავლეთა კონტინგენტის კლებაზე საუბრობს ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე. „ჩვენს სკოლაში შარშან 72 მოსწავლე სწავლობდა, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – წელს 66 მოსწავლე გვყავს. ნადაბურის სკოლაში სამი პირველკლასელია.“
ნადაბურელებისთვის სიახლე ის, რომ სოფელში ა/ო „კივიტას გეორგიკას“ დახმარებით სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდა. დოდო ხაჩიძე მოხარულია, რომ სასკოლო მზაობის ჯგუფში 16 ბავშვი ისწავლის და ამბობს, რომ სკოლა ამ ჯგუფის მუშაობას ყველანაირად ხელს შეუწყობს.
პრობლემა, რომელიც ზვარეს სკოლის გამართულ ფუნქციონირებას აფერხებდა, მოგვარდა. სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი გვამცნობს, რომ სკოლის შენობა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის არეალში აღარ ხვდება და სკოლამ კუთვნილი ქონება დაირეგისტრირა.
ნათო შათირიშვილის ინფორმაციით, სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, – გამოიცვლება სახურავი, კარ-ფანჯარა, შემოიღობება სკოლის ეზო და დამონტაჟდება გათბობის ცენტრალური სისტემა. ზვარეს სკოლის დირექტორი იმედოვნებს, რომ ეს სამუშაოები ზამთრის დადგომამდე დასრულდება.
„გვაქვს მთელი რიგი გეგმები, როგორც გარემოს მოწესრიგების, ისე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების კუთხით,“ – დასძენს ნატო შათირიშვილი.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე ამბობს, რომ ახალ სასწავლო წელს ახალი გეგმებითა და იმედებით ხვდებიან.
„ამ სასწავლო წელს კიდევ უფრო განვამტკიცებთ სკოლის მატერალურ-ტექნიკურ ბაზას, – ამბობს ვალერი გოგნაძე, – წელს სკოლაში 203 მოსწავლე ისწავლის. მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ გარემო, რომელიც სკოლის კონტიგენტის სტაბილურობას განაპირობებს.“
ხარაგაულის #2 სკოლაში სასკოლო ბუფეტი ამოქმედდება, სპეციალური საჭიროების მოსწავლეებისთვის რესურსოთახი მოეწყობა. ვალერი გოგნაძე ამბობს, რომ სკოლის ბიუჯეტით ყველა მნიშვნელოვან პროექტს დააფინანსებენ, რაც სკოლის წარმატებულ საქმიანობას ხელს შეუწყობს.
ნინო კაპანაძე
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.