დღეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში (8 აგვისტო – პირველი სექტემბერი) გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 11, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 7 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი.

საარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის ფაქტად დასახელებულია ღორეშაში 28 აგვისტოს მომხდარი ფაქტი:

28 აგვისტოს იუსტიციის სახლის საჯარო შეხვედრების დარბაზში გაიმართა შეხვედრა სოფელ ღორეშის მოსახლეობასთან. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის შტაბის ხელმძღვანელის, მანანა ბარბაქაძის, მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია.

ინგა მაღრაძემ დებატებში ჩართვა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რამაც გამოიწვია დამსწრეთა უკმაყოფილება. კამათში ასევე ჩაერთო გამგებლის წარმომადგენელი იური მჭედლიძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერია.

მანანა ბარბაქაძის თქმით, კამათი სიტყვიერ  შეურაცხყოფაში გადაიზარდა. იური მჭედლიძემ შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მას, ასევე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს პაატა გოგოლაძეს.

ინგა მაღრაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა და კანდიდატთან დებატები ითხოვა, რისი საშუალებაც არ მიეცა. ამას კი ურთიერთშელაპარაკება და კამათი მოყვა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფაქტს საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობად აფასებს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები ცესკოს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნა.

ფოტოზე: სახელისუფლებო კანდიდატის შეხვედრა ღორეშის მოსახლეობასთან