15 სექტემბერს საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი დაირეკება. როგორ ხვდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები ახალ სასწავლო წელს, რა სიახლეებია სასწავლო პროცესთან

დაკავშირებით, როგორია სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, – ამ და სხვა საკითხებზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს დავით კიკნაძეს ვესაუბრეთ.

-ბატონო დავით, რა მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემაში?

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მზადაა, რომ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყოს. სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოგვაწოდა, სკოლებში უკვე დავარიგეთ.

ჩვენმა IT მენეჯერებმა პირველი კლასელებისთვის გადასაცემ ბუკებში სპეციალური პროგრამები ჩაწერეს. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელს, სასწავლო წიგნებთან და რვეულებთან ერთად, ბუკებიც გადაეცემა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25-ვე საჯარო სკოლის დირექტორმა წყალტუბოში გაიარა სკოლის ლიდერთა ტრენინგი. დირექტორები განახლებული ენერგიითა და იდეებით შეუდგებიან ახალ სასწავლო წელს.

-რა სიახლეებია წელს საწავლო პროცესთან დაკავშირებით?

-რამდენიმე თვის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შეიცვალა. ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემა ისე არ არის ჩამოყალიბებული, რომ მინისტრების ცვლილება ამ სისტემაზე გავლენას ვერ ახდენდეს. ახალმა მინისტრმა მთავარი აქცენტი მასწავლებელთა თავისუფლების მნიშვნელობაზე გააკეთა. მისი ხედვით, მასწავლებელთა ენერგია და ფიქრები მუდამ სასერთიფიკაციო გამოცდებისკენ არ უნდა იყოს მიმართული. მუდმივად გამოცდებზე მოფიქრალი პედაგოგები ეფექტურად სწავლებას ვერ შეძლებენ. განათლების სისტემის მთავარი მიზანია, გავზარდოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი თაობა.

წელს ხარაგაულიდან 82 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. სასიხარულოა, რომ აქედან ოთხმა პირველკურსელმა 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, 28 პირველკურსელი კი უფასო ფაკულტეტებზე ისწავლის. მათ კარგად გამოავლინეს საკუთარი ცოდნა-შესაძლებლობები და ზუსტად გათვალეს არჩევანი. თავიანთ მშობლებს შეუმსუბუქეს ფინანსური ტვირთი, – საშუალო ხარაგაულელი ოჯახისთვის წლიურად 2 250 ლარი გადასახადი, უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის, საკმაოდ მძიმეა.

-როგორია ხარაგაულში მოსწავლეთა როდენობის დინამიკა?

-ხარაგაულელ ახალგაზრდათა უმრავლესობა, ვინც მიდის სასწავლებლად, აღარ ბრუნდება რაიონში. შესაბამისად, სხვა ქალაქებში ქმნიან ოჯახებს და მათი შვილები ხარაგაულის სკოლების მოსწავლეთა შორის არ არიან. ჩვენ გასულ წლებში გვყავდა გაცილებით მეტი მოსწავლე, ვიდრე წელს. ასეთი ვითარებაა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ხარაგაულის მსგავს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. გვაქვს სკოლები, სადაც მხოლოდ 20-25 მოსწავლე სწავლობს. წელს პირველკლასელი ყველა სოფლის სკოლაში შედის. შარშან ორ სკოლაში პირველკლასელი არ გვყავდა.

-რა მდგომარეობაა პედაგოგიური კადრების მხრივ?

-იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც პედაგოგიური განათლების მიღება სურს, შემცირდა. ამჟამად ხარაგაულში 603 მოქმედი პედაგოგია. მათგან 172 მასწავლებელი სერთიფიცირებულია. 30-მდე პედაგოგს თითო სასერთიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული. გვყავს ისეთი პედაგოგები, რომლებმაც სერთიფიკატი ორ და სამ საგანში მიიღეს.

ამ ზაფხულს, ჩვენი მონაცემებით, სასერთიფიკაციო გამოცდები თხუთმეტმა ჩააბარა. ისინი სერთიფიკატებს სექტემბერში მიიღებენ. სერთიფიცირებული პედაგოგების უმრავლესობა ჰუმანიტარული საგნების სპეციალისტი ან დაწყებითი კლასების მასწავლებელია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზოგიერთ საგანში სერთიფიცირებული პედაგოგები არ გვყავს.

-მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას ჰყავს საგნების სპეციალისტები?

-რამდენიმე სკოლას საგნების სპეციალისტი არ ჰყავს. დღევანდელი კანონმდებლობით, საგნის სპეციალისტად ითვლება პირი, რომელსაც, შესაძლოა, საშუალო განათლება ჰქონდეს, მაგრამ მინიმუმ სამი წელი ასწავლის საგანს.

2016 წელს ამოქმედდა ახალი წესი, – როდესაც თავისუფლდება მასწავლებლის ადგილი, ვაცხადებთ  ვაკანსიას. ვაკანტურ ადგილზე ინიშნება ამ საგნის სერთიფიცირებული პედაგოგი.

-რა მდგომარეობაა სასკოლო ტრანსპორტთან დაკავშირებით?

-სასკოლო ტრანსპორტი და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ბოლო სამი წლის განმავლობაში, განათლების სისტემის უმთავრესი მიღწევებია. სასკოლო ტრანსპორტის პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 18 მილიონი ლარი უჯდება. ჩვენი მოსწავლეების ნახევარზე მეტს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასკოლო ტრანსპორტის 81 მარშრუტი მოქმედებს. წელს რვა მარშრუტი დაემატა.

იქ, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ვცდილობთ დავნიშნოთ ე.წ. ორხიდიანი ყველგანმავალი ავტომობილები. თუმცა ასეთ ავტომობილებს მხოლოდ 6-7 მოსწავლის გადაყვანა შეუძლია. თუ მოსწავლეთა რაოდენობა დიდია, ამ მარშრუტზე ორ ან სამ ყველგანმავალ ავტომობილს ვნიშნავთ.

სასკოლო ტრანსპორტს სასიკეთოდ წაადგება ძირულა-ჩუმათელეთის გზის მოწყობა. ამ გზის საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და 2017 წლის გაზაფხულიდან ამ გზის მშენებლობა დაიწყება.

-როგორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა?

-ამ მიმართულებით ხარაგაულის საჯარო სკოლებში პრობლემა თითქმის არ გვაქვს. ზვარეს სკოლის შენობა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, დანგრევის საშიშროების წინაშე იდგა. რამდენიმე დღეა, ზვარეს საჯარო სკოლამ თავისი ქონება დაირეგისტრირა და სახელმწიფომ უსასყიდლოდ, უზურფრუქტის წესით, გადასცა შენობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოში გავიარეთ კონსულტაცია. მომზადდა პროექტი ზვარეს სკოლის სახურავისა და კარ-ფანჯრების შესაცვლელად, ეზოს შემოსაღობად და გათბობის სისტემის მოსაწესრიგებლად.

განათლების სამინისტროს წლევანდელ გეგმაშია ასევე ბაზალეთის სკოლის ღარიხევის კორპუსისა და კიცხის სკოლის ახალი შენობის აგება. ნადაბურის საჯარო სკოლაში დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები.

ამ ზაფხულზე ბორის საჯარო სკოლის დამხმარე კორპუსში სამივე სართულზე გამოიცვალა კარ-ფანჯრები, გარედან გაილესა და საკვამურები მოეწყო.

-თეთრაწყაროში გარემონტდა სკოლის შენობა, სადაც იგეგმება პროფესიული სასწავლების გახსნა. რა ეტაპზეა ეს პროექტი?

-ამ საკითხზე ბევრი შეხვედრა მქონდა როგორც მე, ასევე ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. პროფესიული სასწავლებლის გახსნისთვის პრობლემა ისაა, რომ ხარაგაული არ არის ცენტრალურ მაგისტრალზე. აქ, პროფესიულ სასწავლებელში არ იქნება სტუდენტების საკმარისი რაოდენობა. ეს გარემოება აბრკოლებს ხარაგაულში პროფესიული სასწავლებლის გახსნას.

-დღის ცენტრისთვის ბორში გარემონტდა ოთახები. როდის და რამდენ ბენეფიციარზე ამოქმედდება ბორში დღის ცენტრი?

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე მოვიძიეთ ბენეფიციარები, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული დღის ცენტრით.

სექტემბერში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწვეული ექსპერტები შეისწავლიან დღის ცენტრის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, – თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ოთახები დღის ცენტრის სტანდარტებს. ამის შემდეგ 15 ბენეფიციარზე გაიცემა ვაუჩერი.

შერჩეულია ორი პედაგოგი, რომელთაც გავლილი აქვს სპეციალური კურსები და არიან  სპეციალური საჭიროების მქონე პირების მასწავლებლები. ასევე გამოცხადდება კონკურსი და შეირჩევიან პედაგოგები.

-მუნიციპალიტეტის ბევრ სკოლაში არ ფუნქციონირებს ბუფეტი.

სკოლის ბუფეტში დაცული უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტები, – მიეწოდებოდეს ცხელი და ცივი წყალი, ჰქონდეს ცენტრალიზებული კანალიზაცია და მოწესრიგებული სველი წერტილები. ბუფეტის ასე მოწყობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინდმეწარმემ, ვინც სკოლისთვის ბუფეტს გახსნის, მოგება უნდა ნახოს. თუმცა სკოლებში ბავშვთა კონტინგენტის სიმცირის გამო, ეს ძალიან რთულია.

-ხევის, ბორითისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს ექიმი ემსახურებათ. ხომ არ იგეგმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებში ექიმის კაბინეტების მოწყობა?

-ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტისთვის ოთახი რემონტდება. 15 სექტემბერს ყველა საჭირო ინვენტარით იქნება აღჭურვილი. სკოლის ექიმის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება და ექიმის კაბინეტი #3 საჯარო სკოლაშიც გაიხსნება.

-წელს 100%-იანი გრანტის მფლობელი ოთხივე ხარაგაულელი პირველკურსელი ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია. წარმატებულ სკოლაში, წლებია, მოუგვარებელია პრობლემები, – გასარემონტებელია შენობა, პედაგოგები ხელფასებს დროულად ვერ იღებენ, გიმნაზიელები ვერ სარგებლობენ საჯარო სკოლებში განხორციელებული პროექტებით.

ხომ არ იგეგმება სასიკეთო ცვლილებები გიმნაზიასთან დაკავშირებით?

-ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან სავალალო მდგომარეობაა ხარაგაულის გიმნაზიაში. მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ გიმნაზიისთვის აშენდეს ახალი სასწავლო კორპუსი. ასევე საუბარია გიმნაზიის კოსმეტიკურ რემონტზე, რომელიც წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს.

ესაუბრა თამთა გოგოლაძე