საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა დღეს დასრულდება.

#51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 74 საარჩევნო უბნიდან გუშინ სხდომა 38 საარჩევნო უბანში ჩატარდა.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, ხარაგაულში 37 საარჩევნო უბნიდან გუშინ სხდომა ოცდაერთ საარჩევნო უბანში ჩატარდა.

„ყველგან აირჩიეს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. მხოლოდ თეთრაწყაროს საარჩევნო უბანში მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია, – ამბობს მაყვალა სულაქველიძე, – ორი კანდიდატურა დასახელდა, – ერთმა მიიღო ექვსი ხმა, მეორემ – ხუთი. იმისთვის, რომ ხელმძღვანელი პირი არჩეულად ჩაითვალოს, აუცილებელია სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ შვიდი ხმა.“

მაყვალა სულაქველიძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლად მორიგ სხდომამდე რჩება ის, ვინც მეტი ხმა მიიღო. თეთრაწყაროს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა დღეს, 8 სექტემბერს, გაიმართება. გუშინდელ სხდომას კომისიის 13 წევრიდან 11 ესწრებოდა.

#52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, არჩილ სიგუნავას, ინფორმაციით, ბაღდათის 37 საარჩევნო უბნიდან გუშინ სხდომა 17 უბანში ჩატარდა. მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი ჩვიდმეტივე უბანში აირჩიეს.

დღესვე საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა სიები გამოიკვრება.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, დღეიდან, 8 სექტემბრიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ევალებათ, რომ ამომრჩევლებს მონაცემთა ბარათები დაურიგონ.

„ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება საარჩევნო სიაში საკუთარი თავის შესახებ არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს, – აღნიშნა ანა მიქელაძემ, – იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი აღნიშნულ ბარათს არ მიიღებს, ან მონაცემებში უზუსტობას აღმოაჩენს, 22 სექტემბრის 18:00 საათამდე საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს წერილობით უნდა მიმართოს.“