4 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა (უფროსი ირინე ჩხეიძე) ახალი პროექტის „ქართული კინონოსტალგია“ განხორციელება დაიწყო. პროექტი ქართული კინოს 105 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მიზანია, კინომოყვარულებს დიდ ეკრანზე აჩვენოს ქართული კინოშედევრები.
„ჩვენს და ჩვენზე უფროს თაობას ძალიან კარგად ახსოვს კინოპრემიერებით მინიჭებული სიხარული. კინოსეანსები ხარაგაულში დიდი დღესასწაული იყო. კვირაში ერთხელ მაინც იმართებოდა ქართული, ამერიკული თუ ფრანგული ფილმების პრემიერები, – მიმართა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გამართულ პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას ირინე ჩხეიძემ, – ხარაგაულში 1959 წლიდან ამოქმედდა კინოთეატრი „კომუნა.“ 1990-იანი წლებიდან შეწყდა კინოჩვენებები ხარაგაულში. კინოფილმების ნახვას დიდ ეკრანზე კარგა ხანია მოკლებულები ვართ. როდესაც ახალი კინოთეატრის შენობა შევა ექსპლუატაციაში, შესაძლებელი იქნება ფილმებს ჩვენება. კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია, დაგვპირდა, რომ უახლეს აპარატურას გადმოგვცემს.“
ირინე ჩხეიძემ დამსწრეთ კინოს შექმნისა და ქართული კინოს ისტორიის შესახებ უამბო.
n1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარში, გრანკაფეს საბილიარდო ინდურ სალონში გაიმართა პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი. ლიონელმა ფაბრიკანტებმა, ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა მაყურებელს წარუდგინეს საკუთარი ხელით შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული კადრები. „კედელი“, „მატარებლის შემოსვლა“, „მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან“, „ბავშვის საუზმე“, „გაწუწული მებაღე“ – ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე. მეორე დღეს პარიზის ქუჩები ხალხით გაივსო. ხელოვნებად რომ ჩამოყალიბებულიყო, კინომატოგრაფიამ დიდი გზა გაიარა.
1904 წელს კინოთეატრები გაიხსნა თბილისში. 1908 წელს კი იწყება ქართული კინოს ისტორია. ქართული კინოს სათავეებთან დგას ვასილ ამაშუკელი.
n„შემთხვევითი არ არის, რომ პროექტს „ქართული კინონოსტალგია“ და ქართული კინოს 105 წლის იუბილეს აღნიშვნას ვიწყებთ ხარაგაულიდან, რადგან ვასილ ამაშუკელი ხარაგაულელი გახლდათ, – მიმართა ირინე ჩხეიძემ მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას, – ის იყო პირველი ქართული მხატვრულ-დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ შემქმნელი. ამ ფილმს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.“
ირინე ჩხეიძემ კინომცოდნეების მიერ დასახელებული თორმეტი საუკეთესო ფილმი გაგვაცნო: „ელისო“ (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია), „იყო შაშვი მგალობელი“ (რეჟისორი ოთარ იოსელიანი), „ჯიმშვანთე“, „მიფრინავენ წეროები“ (რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი), „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (რეჟისორი ელდარ შენგელაია), „დიდი მწანე ველი“(რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი), „ვედრება“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „გიორგობისთვე“ (რეჟისორი ოთარ იოსელიანი), „დაკარგული სამოთხე“ (რეჟისორი დავით რონდელი), „ფიროსმანი“, „ცისფერი მთები“ (რეჟისორი ელდარ შენგალაია), მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ქორწილი“, „მუსიკოსები“ და „ქოლგა“ (რეჟისორი მიხეილ კობახიძე).
n„ხარაგაულში, რკინიგზელთა კლუბში გაიმართა პირველი კინოჩვენება,“ – იხსენებს წლების მანძილზე ხარაგაულის კინოფიკაციის დირექტორი ბატონი ჟორა ბლუაშვილი, -აპარატურა პრიმიტიული იყო – კინომექანიკოსი ხელით ატრიალებდა მექანიზმს. მუნჯი კინოს კადრებს სუბტიტრები და პიანინოს ხმა გასდევდა. ადამიანებს კინო ძალიან უყვარდათ. სიძნელეების მიუხედავად, ხარაგაულში კინოჩვენებები მუდმივად იმართებოდა. შემდეგ ყოფილი ადგილობრივი მრეწველობის შენობაში განთავსდა კინოდარბაზი, შემდეგ – რკინიგზის ხიდთან მდებარე თაღებიან შენობაში. 1959 წლიდან კი დღევანელი კინოთეატრის შენობა ამოქმედდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ხარაგაულის რაიონის 22 სოფელში მიმდინარეობდა კინოჩვენება უწყვეტად. იქ იყო სტაციონალური აპარატურა. დანარჩენ სოფლებში მოძრავი აპარატურით დავდიოდით. მახსოვს, ყველაზე ძნელად ჩალხაეთში მივედით. ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ხარაგაულის კინოფიკაციასთან.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, უჩა ბერაძემ კინოს უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის გემოვნების, ზნეობის, კულტურის ჩამოყალიბებისთვის კინოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტი „ქართული კინონოსტალგია“ ელდარ შენგელაიას „სამანიშვილის დედინაცვალის“ ჩვენებით დაიწყო. პროექტის ავტორის, ირინე ჩხეიძის თქმით, ეცდებიან, რომ ხარაგაულელ მაყურებელს ქართული კინოშედევრები აჩვენონ და მაქსიმალურად მოიცვან მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა და სოფელი.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“