

ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორებმა 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით წყალტუბოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგები გაიარეს.
„ლიდერობის აკადემია,“ – ასე ეწოდება ტრენინგების კურსს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება.
„წყალტუბოში კომფორტულ გარემოში ვცხოვრობდით. ტრენინგებს საუკეთესო ტრენერები, პრაქტიკოსი დირექტორები გვიტარებდნენ, – ქალბატონი ნინო ჩიხლაძე და ბატონი თამაზ ცხადაძე, – შთაბეჭდილებას გვიზიარებს ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი, – გავიარეთ სამი მოდული: 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები; ეფექტური დირექტორი – თეორიიდან პრაქტიკისაკენ; ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვა, დროის მართვა და საკანონმდებლო საკითხები.“
2016-2018 სასწავლო წლებში „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში სკოლების დირექტორები კიდევ ორ ტრენინგში უნდა ჩაერთონ.
იზოლდა ოკრიბელაშვილი გვიამბობს, რომ მათმა ჯგუფმა მიიღო საკმაოდ რთული დავალება, რომელიც 17 სექტემბრამდე უნდა შეასრულონ და ტრენერებს გადაუგზავნონ. „ვიმედოვნებ, რომ უმრავლესობა საშინაო დავალებას თავს კარგად გაართმევს და სერთიფიკატს დაიმსახურებს როგორც პირველ მოდულში, ასევე შემდგომ საფეხურებზე, – ამბობს იზოლდა ოკრიბელაშვილი, – ის, ვინც ას ქულას ვერ დააგროვებს, მიიღებს ცნობას ტრენინგზე დასწრების შესახებ.“
სერთიფიკატის მიღების პირობებია: ტრენინგებზე აქტიურობა პრაქტიკულ სავარჯიშოებში – 30 ქულა; კომუნიკაცია და თანამშრომლობა – 20 ქულა; საშინაო დავალება – 50 ქულა.
გარდა დირექტორების დატრენინგებისა, პროგრამა მოიცავს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების მომზადებას, რომ გახდნენ სასწავლო პროცესის ლიდერები და მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაში დაეხმარონ. პროფესიულ მომზადებას ამ პროგრამით ასევე გაივლიან ინგლისური ენის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლები.
წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ის ყურადღებას ტრენერთა პროფესონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე ამახვილებს, რამაც ტრენინგები უფრო საინტერესო გახადა.
„ბევრი რამ სხვაგვარად გავიაზრე, – ამბობს გიორგი გველესიანი, – მეცხრე წელია, სკოლის დირექტორი ვარ და სულ სხვა თვალით შევხედე სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვას, სასწავლო გარემოს, უსაფრთხო სკოლას. 21-ე საუკუნის სკოლის სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლე დგას, რომელიც მაღალ დონეზე უნდა განვითარდეს. მოსწავლეთა განვითარება კი დირექტორისგან სასწავლო პროცესის სწორად მათვაზეა დამოკიდებული.“
გიორგი გველესიანი იმედოვნებს, რომ მომავალი ტრენინგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ბევრის მომცემი იქნება.
სერტიფიკატები, რომლებსაც სკოლების დირექტორები თერთმეტი მოდულის წარმატებით დაძლევის შემდეგ მიიღებენ, გიორგი გველესიანის თქმით, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე ის სერტიფიკატი, დირექტორობის უფლება რომ მოაპოვებინა.
დროული, საჭირო და სიახლეებით დატვირთული, – ასე აფასებს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე წყალტუბოში ჩატარებულ ტრენინგებს. ქალბატონი ლენა ახალ სასწავლო წელს ძალიან მოტივირებული ხვდება და თვლის, რომ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია სწავლის პროცესის გაუმჯობესებასა და სკოლის უკეთ მართვაში დაეხმარება.
„იმის მიუხედავად, რომ სერტიფიცირებული დირექტორი ვარ, ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, – ამბობს ლენა აბაშიძე, – სკოლის მართვის ახლებური მეთოდებისა და მიმართულებების დანერგვა სწავლის ხარისხს აამაღლებს.“
წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე ამბობს, რომ ტრენინგზე აქტუალური თემები განიხილეს.
„სკოლის მართვა, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა, ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმვა და შესყიდვები, – ეს ის საკითხებია, რომელთა კარგად ცოდნა თანამედროვე სკოლის ლიდერს აუცილებლად სჭირდება, – ამბობს გოჩა კვინიკაძე, – დავალებების შესრულებით შეფასდება, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში როგორ გამოვიყენებთ.“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორები წყალტუბოში ტრენინგზე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის