saswrafo9 ოქტომბერს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ხარაგაულის“ თანამშრომლებს მათივე თხოვნის საფუძველზე შეხვდა. დეპუტატთან ერთად სასწრაფოს თანამშრომელთა პრობლემები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმაც მოისმინა. ექიმთა მთავარ პრობლემად რჩება უხელფასობა. „ახლახან ჩაგვერიცხა აგვისტოს ხელფასი, ისიც მხოლოდ ნახევარი, – ამბობენ ექიმები, – ამას ისიც ემატება, რომ საავადმყოფოს შენობაში საშინელი ანტისანიტარიაა. ყველგან წყალი ჩამოდის, ფანჯარას ვერ ვაღებთ…“

„გაუმართავია სასწრაფო დახმარების მანქანები, თანაც ჩვენს გზებზე დიდი ოდენობით ბენზინს მოიხმარს და როდესაც საწვავის მომატება მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ ბენზინს ჩვენ ვიპარავდით და ხელფასიდან 70 ლარი ჩამოგვაჭრეს, – აღნიშნეს შეხვედრაზე სასწრაფოს მძღოლებმა, – თუ უკმაყოფილება გამოვთქვით, ერთადერთი პასუხია – „არ მოგწონთ, წადით“. თუ ასე გაგრძელდა მალე ხარაგაული უექიმოდ დარჩება.

დეპუტატმაც და გამგებელმაც მოისმინეს ექიმთა გაჭირვება. კობა ლურსმანაშვილმა თქვა, რომ აუცილებლად გამონახავენ ფართს სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის. ნოდარ ებანოიძემ კი აღნიშნა, რომ პარასკევს, 11 ოქტომბერს, ისევ შეხვდება ამ კოლექტივს. „მანამდე კი შევეცდები, დავუკაშირდე შესაბამის პირებს და გავიგო, რისი გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე,“ – შეპირდა დეპუტატი  „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ხარაგაულის“ თანამშრომლებს.

თამთა გოგოლაძე