საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საჩივარი შეიტანა.

ამის მიზეზი ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძეს მიერ ბაღდათის საარჩევნო ოლქში გაგზავნილი საუბნო საარჩევნო კომისიებში რეკომენდირებულთა სია გახდა.

საია-ს ქუთაისის ფილიალის  ხელმძღვანელის, გიორგი სანტურიანის განმარტებით, ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება გასცდა იმ კომპეტენციას, რომელიც დადგენილია „საარჩევნო კოდექსით“ და იმ ინსტრუქციას, რომელიც განსაზღვრავს  ძირითად და დამხმარე საარჩევნო ოლქებს შორის უფლებებსა და მოვალეობებს.

#51 ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი 3 აგვისტოს გამოაცხადა. საუბნო კომისიების 6-6 წევრი 23 აგვისტოს გამოავლინდა.

თუმცა, ამას წინ უძღოდა ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძეს მიერ 20 აგვისტოს ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო კომისიებში ასარჩევად რეკომენდირებულთა სიის გაგზავნა.

გია ცისკაძე ამბობს, რომ ასარჩევ კანდიდატთა სია მას ძირითადი – ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოსთხოვა. რეკომენდაცია კი მათზე გასცა, ვისაც, მისი აზრით, წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში გამოცდილება ჰქონდა.

გია ცისკაძემ ეს გადაწყვეტილება, როგორც თავად განმარტავს, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანთან, მაყვალა სულაქველიძესთან ერთად მიიღო. ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიიდან დანიშნული წევრები კანდიდატთა შერჩევის პროცესში იმიტომ არ ჩართო, რომ ვერ შეთანხმდებოდნენ.

რა გახდა რეკომენდაციის მოთხოვნის საფუძველი, კანონიერია თუ არა მსგავსი რეკომენდაციების გაცემა, რამდენად აყენებს ეს ფაქტი ეჭვქვეშ კონკურსის კანონიერებას?  – ამ შეკითხვებით #51 ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ სიგუნავას მივმართეთ.

„უბრალო რეკომენდაციაა, მეტი არაფერი, – გვითხრა სატელეფონო საუბარში არჩილ სიგუნავამ, –  ჩვენ რა ვიცით, ვის რა გამოცდილება აქვს ხარაგაულში. ამ რეკომენდაციებს ან მივიღებთ, ან – არა. ასე რომ, სასწაული და კანონდარღვევა არაფერია. უბრალო რეკომენდაციაა.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში მცხოვრები ისტორიის მასწავლებელი თამარ თაბუკაშვილი #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საუბნო კომისიის წევრობის რეკომენდირებულ კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა.

„კონკურსი იყო გამოცხადებული, წევრები ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა შეერჩია. საინტერესოა, რატომ გასცა რეკომენდაცია ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ან რა დამიწუნეს?! 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხიდარის საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვიყავი და ოლქში შემაჯამებელი ოქმები რომ მოვიტანე, საოლქო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ საჯაროდ გამოაცხადა, – უშეცდომოდ და უხარვეზოდ უმუშავიაო.“

თამარ თაბუკაშვილი საოლქოსგან „დაწუნების“ მიზეზად, გაზეთ  „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან  მოუწესრიგებელ საუბნო გზებზე კომენტარს ასახელებს.

თამარი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას ამ პოზიციას  დღემდე ვერ პატიობენ.

„ახლა შევიტყვე, რომ კომისიის წევრობის კანდიდატებს წინასწარ ტრენინგი გაუვლიათ და ისე შეურჩევიათ კომისიის წევრებად. მე რატომ არ შემატყობინეს ტრენინგების შესახებ?! ძალიან შეურაცხყოფილი ვარ.“

„გარდა იმისა, რომ ეს სერიოზული კანონდარღვევაა, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, – ამბობს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან დარეჯან გელაშვილი, – თავმჯდომარემ და მდივანმა იმის ღირსად არ ჩაგვთვალეს, რომ ეთქვათ ამის შესახებ.“

დარეჯან გელაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის წევრები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს. ის დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრობის მსურველი ერთი ქალბატონი მასთან ურთიერთობის გამო „დაიწუნეს.“

„არ მინდა ეს პროცესი „კუდიანებზე დევნას“ დაემსგავსოს ისე, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო,“ – ამბობს დარეჯან გელაშვილი.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა – დარეჯან გელაშვილმა (რესპუბლიკური პარტია), რუსუდან გურგენიძემ (თავისუფალი დემოკრატები) და თამარ მაღლაფერიძემ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) განცხადებით მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ამ საკითხზე მსჯელობა შესთავაზეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.

რუსუდან გურგენიძესთვის გაუგებარია კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძის განმარტება, – „საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს რომ გვემსჯელა საუბნო კომისიების წევრობის მსურველებზე, ვერ შევთანხმდებოდითო.“

რუსუდან გურგენიძის თქმით, რეკომენდაცია კანონის დარღვევაა და მისი გაცემა არ შეიძლებოდა. მას პრეტენზიები ხარაგაულის საოლქო კომისიისგან რეკომენდირებული რამდენიმე პირის მიმართ აქვს და ამის გამო არჩევნების სამართლიანად ჩატარება ეეჭვება:

„2012 წელს უბისის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა სახვაძემ პირველი სხდომის ოქმი გზაში შეცვალა;

რეკომენდირებულთა შორის იყო ჯამბულ ხიჯაკაძე, რომელიც 2012 წელს ვარძიის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გახლდათ და კენჭისყრის დღეს ბიულეტენები სხვა ოთახში განათავსა, ხმის მიცემა კი სხვაგან მიმდინარეობდა;

წიფაში კომისიის წევრებად გამგებლის წარმომადგელის რძალი და დეპუტატის და შეარჩიეს.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი ანა მიქელაძე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის რეკომენდაციის მიწოდებას კანონდარღვევად არ მიიჩნევს.

„ვაკანტურ პოზიციებზე შესული განცხადებები #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა და მხოლოდ რეკომენდაციის მიზნით გადაუგზავნა ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას, – განმარტა ჩვენთან საუბარში ანა მიქელაძემ, – კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული კონკრეტულად, არის თუ არა ეს დარღვევა. რეკომენდაცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ გახლავთ.“

ხარაგაულის საარჩევნო ოლქის 37 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში განცხადება 310-მა პირმა შეიტანა. ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან რეკომენდირებული 222 პიროვნებიდან 211 შეარჩია.

შერჩეული საუბნო კომისიის წევრებიდან 38 პიროვნება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიებში მმართველ პარტიას წარმოადგენდა, 88 მათგანი კი, იმავე არჩევნებზე საოლქო კომისიისგან შეირჩა.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: არჩევნები ხარაგაულში, 2012 წ.

 

donor_logo_osgf

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.