ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას, 9 აგვისტოდან, გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ასრულებს.

ყოფილი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი თანამდებობიდან, საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით, გადადგა.

გთავაზობთ ინტერვიუს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან. 

პაატა გოგოლაძე ხარაგაულელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად უგზოობასა და ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს.

„სამასალე მერქნის მოპოვება მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – გარემოს დაცვის სამინისტროს საპილოტე პროექტით, რომელიც უახლოეს თვეებში ამოქმედდება, მოსახლეობა სამასალე მერქანს შეღავათიან ფასად შეიძენს. 2017 წლის იანვრიდან კი, გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი რესურსი, ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება.“

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გვამცნობს, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამხარეო ადმინისტრაციასთან და ხარაგაულის სატყეო უბნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით რამდენიმე უბანზე ტყე-კაფები მოსახლეობისთვის ხელსაყრელ ადგილებში გამოიყო.

პაატა გოგოლაძე იმედოვნებს, რომ 2017 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ბუნებრივ რესურსებს, დღევანდელთან შედარებით, უფრო ეფექტურად გამოიყენებს.

-ბატონო პაატა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 50 ათასი ლარით ნაკლები დაიგეგმა. კულტურის ცენტრისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელებმა ივნისში საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, რომ დაფინანსება ცხრა თვეს ჰყოფნით. რა გეგმა გაქვთ და რა გამოსავალს ხედავთ მოსალოდნელი საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად?

-საბიუჯეტო კრიზისზე საუბარი გადაჭარბებულად მეჩვენება. დაძაბულობას ის გარემოება ქმნის, რომ ააიპებ-ის უმრავლესობაში ხელშეკრულებები, ძირითადი მომუშავე ბირთვის გარდა, სხვა თანამშრომლებთან 7-8-9 თვის ვადით გაფორმდა. ამის მიუხედავად, საშიშროება, რომ ამ ადამიანებს ხელშეკრულება წლის ბოლომდე არ გაუგრძელდებათ და სამუშაოს დაკარგავენ, არარეალურია.

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს დაგეგმილი შემოსავლები, რომელთა მობილიზება ბიუჯეტში შეიძლება ისე არ მიმდინარეობს, როგორც განვსაზღვრეთ და როგორც წარმოგვედგინა, თუმცა, წლის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას შევასრულებთ.

საპილოტე პროექტის ამოქმედების შემდეგ ბუნებრივი რესურსებიდან შემოსავლები გაიზრდება. ველოდებით შემოსავლებს ჯარიმებიდან.

მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, გახშირებული ავტოავარიების გამო, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე რადარები დავამონტაჟეთ. სტატისტიკა გვაძლევდა იმის საფუძველს, რომ დაგეგმილი შემოსავალი მიგვეღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე რადარები მწყობრიდან გამოსულა. ამის შესახებ გვიან შევიტყვეთ. ახლა რადარები მუშაობს და შემოსავლებიც ალბათ მეტი გვექნება.

რაც შეეხება ახალ ვალდებულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩნდება, ნაწილს წელს, ნაწილს კი მომავალ წელს დავაფინანსებთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით ყველა ის პრობლემა, რომელიც წელს ვერ მოგვარდება, მომავალი წლიდან გამოსწორდება.

-რამდენად საკმარისია მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში ამ კუთხით გათვალისწინებული თანხები?

-მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე შესაძლებლობა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია იმ თვალსაზრისით, რომ მთლიანი ბიუჯეტის 13-14% იხარჯება სოციალური მიმართულებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა განცხადებას ვაკმაყოფილებთ. ყველანაირად ვცდილობთ, ობიექტურები ვიყოთ.

გასული წლის ნოემბერში სტიქიით დაზარალებულ ყველა იმ ოჯახს დავეხმარეთ, რომელთაც პირველი კატეგორია მიენიჭა. პირველ კატეგორია მინიჭებული შვიდი ოჯახის მოთხოვნა კომისიის პირველივე სხდომაზე დაკმაყოფილდება. ვიცით, რომ ორი და სამი ათასი ლარი არასაკმარისია იმ ოჯახებისთვის, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე შეძენილი ქონება ერთ საათში დაკარგეს.

რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ასეთი სახლები ძალიან დაზიანებულია, ცხოვრება შეიძლება, მაგრამ საშიშია. ვფიქრობთ, რომ მეორე კატაგორია მინიჭებული ოჯახების გარკვეულ ნაწილს, – ალბათ, ათ პროცენტს მაინც, – წელსვე დავაკმაყოფილებთ.

-ბატონო პაატა, ათეული წლებია, ნადაბურის მოსახლეობა ექთანს ითხოვს. სხვა სოფლებშიც სერიოზული პრობლემაა პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იმის გამო, რომ სოფლის ექიმი კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდის. რას გეგმავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

-ხუნევის ამბულატორიის ექიმი თემურ შუბითიძე თანახმაა, თუკი იქნება ნადაბურში მისთვის შესაბამისი მოწესრიგებული ოთახი და ტრანსპორტირებაში მოსახლეობა მიეხმარება, ნადაბურის მოსახლეობას კვირაში ერთხელ მოემსახუროს.

ნადაბურში ექთნის შტატის მოთხოვნის თაობაზე ახლახან კიდევ ერთხელ გადავაგზავნეთ წერილი ჯანდაცვის სამინისტროში. სხვა ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც ანალოგიური პრობლემებია, ვცდილობთ, მოსახლეობას ელემენტარული სამედიცინო მომსახურების პრობლემა აღარ ჰქონდეს.

-სერიოზული პრობლემაა ზაფხულში დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის მოსახლეობის წყალმომარაგება. რას გეგმავთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

-პატარა ხარაგაულში წყლის ახალი სისტემა დამონტაჟდა და ახალი საავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრებ 70 ოჯახს წყალი მუდმივად აქვს. საავადმყოფოც ამ წყლით მარაგდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ვთავაზობთ, რომ ჩვენგან მოწყობილი წყლის სისტემიდან ისარგებლოს დანარჩენმა მოსახლეობამაც. ამ წყლის დებეტი სავსებით საკმარისია დაბა ხარგაულისა და პატარა ხარაგაულის მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად. თუ კომპანია დაგვთანხმდება, რომ მათ სისტემაში გავუშვათ დაბა ხარაგაულის ტერიტორიიდან წყალი, მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება.

-როგორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების თქვენეული ხედვა?

-ვფიქრობ, ჩუმათელეთი-ძირულას 52 კილომეტრიანი გზის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობას საკმაოდ დიდ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სარგებელს მოუტანს. ჩხერიმელას ხეობაშია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი. გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ზვარეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა ამოქმედდება, სადაც მინიმუმ 30 ადამიანი დასაქმდება.

ვცდილობთ, რომ აღდგეს ზვარეში ახალგაზრდული ბანაკი და ინფრასტრუქტურა ისე მოეწყოს, რომ სხვადასხვა კონფერენციებისა და შეხვედრების მომსახურება შევძლოთ. მოლითში იუსტიციის სახლის მშენებლობა იგეგმება. მომავალ წელს ლეღვანის, ვახანისა და ვან-სხლითის გზები მობეტონდება ან მოასფალტდება. შევეცდებით, რომ ოცივე ტერიტორიული ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდეს და საუბნო გზების მობეტონება დავიწყოთ. უახლოესი 3-4 წლის მანძილზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზების პრობლემა აღარ იქნება.

-ბატონო პაატა, იყრით თუ არა კენჭს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში?

-პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროს წევრი ვარ. ბიუროს გადაწყვეტილებით, ჩემი კანდიდატურა გადაგზავნილია ცენტრალურ ოფისში. თუ პარტიის ცენტრალური ოფისი ბიუროს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.

ნინო კაპანაძე