ხარაგაულის პედაგოგიურ საზოგადოებას ერთ-ერთი გამორჩეული და ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ეთერ ბიძინაშვილი გამოაკლდა.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზვარეს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი შეუფასებელია. ისინი წარუშლელ კვალს ტოვებენ საზოგადოებაში თავიანთი საქმიანობით. ქალბატონი ეთერი სწორედ ასეთი პიროვნება გახლდათ.

იგი სოფელ ზვარეში 1924 წელს დაიბადა. მისი ბაბუის სახელს უკავშირდება პირველი დაწყებითი სკოლის დაარსება სოფელ ზვარეში. ეთერ ბიძინაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს დაამთავრა. შემდეგ ექვსი ათეული წელი მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს ემსახურა.

ეთერ ბიძინაშვილი იყო არაჩვეულებრივი ფილოლოგი. ღრმა მეცნიერულ დონეზე ასწავლიდა საგანს. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რაიონის ნორჩ ტოპონიმიკოსთა, მხარეთმცოდნეთა და ქართული ენის „საუნჯის“ წრეებს.

მისი ხელმძღვანელობით ზვარეს საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ასზე მეტი თემა და ნაშრომი წარადგინეს საგნობრივ კონფერენციებზე და მრავალჯერ დაიმსახურეს განათლების სამინისტროს სიგელები და დიპლომები.

მისი უშუალო ძალისხმევით მოძიებული იქნა არაერთი არქეოლოგიური ექსპონატი, რომელიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. იყო ბუნების ქომაგი და მუდმივად ცდილობდა სოფლისთვის შეენარჩუნებინა უნიკალური ჯიშის ხეები. დიდი დამსახურებისთვის მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი.

ეთერ ბიძინაშვილი წერდა ლექსებსა და მოთხრობებს. ახლობლების დახმარებით გამოსცა ორი რომანი.

გამოვხატავ უამრავი კურსდამთავრებულის გულისტკივილს და სამძიმარს ვუცხადებთ ახლობლებს, სოფელს და რაიონის პედაგოგიურ საზოგადოებას.

უნიჭიერესი, უპატიოსნესი, არაორდინალური და უბადლო პედაგოგის, ეთერ ბიძინაშვილის, ხსოვნა მარად დარჩება თვითოეული ჩვენთაგანის გულში.

ეთერ ბიძინაშვილი 26 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალვა 30 აგვისტოს ზვარეში.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფოტო