დღეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში (18 ივლისი – 8 აგვისტო) გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლამუქარის შემთხვევად მოყვანილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე.

-2016 წლის 27 ივლისს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის, თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილეს.

აღნიშნული საკითხის შესახებ წერილობითი განცხადება ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული „ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა წარადგინა. განცხადებას ხელს საკრებულოს 20 დეპუტატი აწერდა.

ინგა მაღრაძის განცხადებით, მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა საკრებულოში მხოლოდ იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ იგი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია და ამ საკითხის წამოჭრა დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

საკრებულოს წევრის, ვარლამ ჭიპაშვილის, განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის განხილვის მიზეზი გახლდათ საკრებულოს წევრებს შორის შეუთანხმებლობა რიგ საკითხებზე.

აღნიშნულის მიზეზი კი, როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, წევრთა პარტიულობას უკავშირდება, რადგან მათი ნაწილი პარტია ,,ქართული ოცნების“ წევრია, ხოლო ნაწილი ,,რესპუბლიკური პარტიის“.

აღსანიშნავია, რომ ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოგროვდა.

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტად „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის ხელისშეშლაზე.

-ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი რობაქიძის ინფორმაციით, პარტიას ბაღდათში ადგილობრივი ოფისის ქირავნობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება.

პარტია ოფისს ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ფართიდან წლების გამნმავლობაში ქირაობდა. ხელშეკრულების ვადის გასვლის მოახლოებასთან ერთად პარტიამ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა და ხელშეკრულების გაგრძელება ითხოვა.

გამგებელმა საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაიტანა, თუმცა, საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ენმ-ს ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი ეთქვა. საკრებულოს უარის მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ შენობის ფართი გამოეყო ა(ა)იპ ინფორმაციული უზრუნველყოფის, ეთნოკულტურის და ტურიზმის განვითარების ფონდს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი აღნიშნული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს გოჩა ხორავას დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა გამოყოფილი ფართის შესახებ ინფორმაცია, თუმცა იგი საერთოდ არ იყო ინფორმირებული საკრებულოს მიერ მისი ორგანიზაციისთვის ფართის გამოყოფის თაობაზე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები ცესკოს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, პოლიტიკურ პარტიებს და უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნა.