

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში რეკომენდაცია-წერილი მოგვაწოდეს, რომელსაც ხელს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე აწერს.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ #51 ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ სიგუნავას იმ პირთა სია გადაუგზავნა, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიებში ასარჩევად რეკომენდაციას უწევს.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი 3 აგვისტოს გამოცხადდა და საბუთების მიღება 17 აგვისტოს დასრულდა. კომისიის 6-6 წევრის გამოვლენის ბოლო ვადა 23 აგვისტოა.
ხარაგაულის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა დოკუმენტაცია ბაღდათის საარჩევნო ოლქში გადაიგზავნა და გადაწყვეტილებაც ბაღდათის კომისიამ უნდა მიიღოს.
რა გახდა რეკომენდაციის მოთხოვნის საფუძველი, კანონიერია თუ არა მსგავსი რეკომენდაციების გაცემა, რამდენად აყენებს ეს ეჭვქვეშ კონკურსის კანონიერებას, ამ შეკითხვებით #51 ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ სიგუნავას მივმართეთ.
„ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევად, – გვითხრა სატელეფონო საუბარში არჩილ სიგუნავამ, – სხდომას ამ საკითხზე დღეს ჩავატარებთ. უბრალო რეკომენდაციაა, მეტი არაფერი. ჩვენ რა ვიცით ახლა, გამოცდილების მიხედვით ვინ ვინაა ხარაგაულში. ამ რეკომენდაციებს ან მივიღებთ, ანა – არა. ასე რომ, სასწაული და კანონდარღვევა არაფერია. უბრალო რეკომენდაციაა.“
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძის თქმით, ზემდგომ, ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიაში კონკურსანტთა საბუთების წარდგენის შემდეგ, მას ტელეფონით ესაუბრა კომისიის თავმჯდომარე და რამდენჯერმე უთხრა, რომ ამ საბუთებისთვის რეკომენდაცია მოეყოლებინა.
„დავსხედით საოლქო საარჩევნო კომისიის ძირითადი წევრები და გადავხედეთ საბუთებს, – ამბობს გია ცისკაძე, – ამ განხილვაში საოლქო კომისიაში პარტიიდან დანიშნული წევრები რომ ჩაგვერთო, ვერ შევთანხმდებოდით. მე და კომისიის მდივანმა ტვინი ვიჭყლიტეთ, თუ ვისთვის გაგვეწია რეკომენდაცია. გადავხედეთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, ვის რა გამოცდილება ჰქონდა, ვინ იყო ობიექტური.
მაგალითად, კონკურსში მონაწილეობდა ქალბატონი, რომელიც წინა არჩევნებზე კომისიის წევრი იყო და ერთ-ერთი პარტიის მაისურით მივიდა საარჩევნო შეხვედრაზე. მას რეკომენდაციას ვერ გავუწევდით.
რეკომენდაცია არ გავუწიეთ ასევე „რესპუბლიკური პარტიის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გამგებლობის კანდიდატის, მიხეილ ჭიპაშვილის მამას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის მამამთილია. ამ ადამიანს საარჩევნო გამოცდილება აქვს, მაგრამ რადგან კანდიდატის მამაა, არ გავუწიეთ რეკომენდაცია. ასეთი კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ.“
გია ცისკაძე ამბობს, რომ ეს არის რეკომენდაცია და არა აუცილებლად შესასრულებელი.
„ახლა მეუბნებიან, რატომ გაეცი წერილობითი რეკომენდაციაო, – ამბობს გია ცისკაძე, – აბა, „შპარგალკის“ სახით მიმეწოდებინა სიები?“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქუთაისის ფილიალში გიორგი სანტურიანი განმარტავს, რომ არც საარჩევნო კოდექსი და არც ინსტრუქცია, რომელიც დამტკიცებულია ცესკოს მიერ და შეეხება ძირითად და დამხმარე ოლქებს შორის კომპეტენციების გადანაწილებას, არ ითვალისწინებს რეკომენდაციის გაცემას დამხმარე ოლქისგან ძირითადი ოლქის წინაშე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის თაობაზე.
„რა ნიშნით გაეწია კანდიდატებს რეკომენდაცია, ეს ცალკე შესწავლის საგანია, – ამბობს გიორგი სანტურიანი, – თუმცა ეჭვს ნამდვილად ბადებს. ინფორმაცია მივაწოდეთ ცესკოს. ვაკვირდებით საარჩევნო ადმინისტრაციებს დაკომპლექტებას და ამ საკითხს ვსწავლობთ.“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი ანა მიქელაძე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის რეკომენდაციის მიწოდებას კანონდარღვევად არ მიიჩნევს.
„ვაკანტურ პოზიციებზე შესული განცხადებები #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა და მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციის მიზნით გადაუგზავნა ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას, – განმარტა ჩვენთან საუბარში ანა მიქელაძემ, – კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული კონკრეტულად, ეს არის დარღვევა თუ არა. რეკომენდაცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ გახლავთ.“
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის