ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გუნდი „ღომეეთი“ (გიორგი ღონღაძე, მიხეილ ღონღაძე, დიმიტრი ჩიკვაიძე, დათო ჩიკვაიძე, გოირგი შარიქაძე) და გუნდი „Georgia“ (ბექა ბანცაძე, კოტე ფათრეკაშვილი, ლევან შარიქაძე, სოსო მაჭავარიანი, კახი მაჭავარიანი) დაუპირისპირდნენ .

ტურნირი გუნდ „Georgia“-ს  გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა მედლები, სიგელები და ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის გარდამავალი თასი.

ორი მოთამაშე – ლევანი შარიქაძე და გიორგი ღონღაძე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის „ულიჩინარის“ ვაუჩერით დაჯილდოვდნენ.

მეორე ადგილის მფლობელი გუნდი „ღომეეთი“ თასით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააჯილდოვა.

გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე სოსო მაჭვარიანი, რომელიც  ამჟამად იტალიის C გოლდ დივიზიონში თამაშობს და გასულ წელს იტალიაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სოსო ამბობს, რომ „ასეთი გაფორმებული შოუ – ქუჩის კალათბურთში თბილისშიც არ ტარდება. ტურნირმა უფრო ახლოს გამაცნო და დამამეგობრა ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, რითაც ძალიან დადებითი ემოცია მივიღე. ტურნირის დასასრულს მოწყობილი ფეიერვერკები შოუს გვირგვინი იყო“.

გამარჯვებული გუნდის კაპიტანი ბექა ბანცაძე ამ ტურნირში უკვე ხუთი წელია მონაწილეობს და ამ წლების მანძილზე მისმა გუნდმა სამჯერ მოიპოვა ტურნირის თასი.

„ჩემთვის ეს ტურნირი არის სტიმული განვაგრძო ვარჯიში და ყოველ წელს რაღაც ახალი შევთავაზო ჩემს გულშემატკივარს, მივცე მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთი მოყვარულის დონეზე ვიცი, ეს ტურნირი ჩემი ცხოვრების წესია და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის,“ – ამბობს ბექა ბანცაძე.

ტურნირში ერთადერთი გოგონა, ხარაგაულის კალათბურთის გოგონათა გუნდის წევრი, ელისო კიკნაძე მონაწილეობდა. ის კალათბურთით 11 წლიდან დაინტერესდა და მას შემდეგ აქტიურად თამაშობს. ტურნირში მონაწილეობა მეგობრებმა შესთავაზეს და შექმნა გუნდი „ჟუმონგები“, რომელთან ერთადაც წარმატებით ასპარეზობდა ქუჩის კალათბურთის ტურნირში. ელისო იმედოვნებს, რომ ტურნირი მომავალშიც გაგრძელდება და გოგონები აუცილებლად ჩაერთვებიან.

ა/ო „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ორგანიზებით ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ტურნირი უკვე ხუთი წელია ტარდება.

 

შოთა ლომიძის ფოტოები

quchis kalatburti (1) quchis kalatburti (2) quchis kalatburti (3) quchis kalatburti (4) quchis kalatburti (5) quchis kalatburti (6) quchis kalatburti (7) quchis kalatburti (8) quchis kalatburti (9) quchis kalatburti (10) quchis kalatburti (11) quchis kalatburti (12) quchis kalatburti (14)