დღეს, 15 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში მოისმინეს.

სამსახურის უფროს ნანა კიკნაძის თქმით, სამედიცინო კვლევებისა და ოპერაციების  თანადაფინასების შესახებ შემოსულ განცხადებებს კომისია დაუყოვნებლივ აკმაყოფილებს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ განცხადებების განხილვა და დახმარების გაცემა ძალიან გვიანდება. მისი ინფორმაციით, მარტში შემოსული განცხადებები ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია.

ნანა კიკნაძის თქმით „ყველაზე მეტი განცხადება მედიკამენტებისა და ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად შედის. ყველა განცხადების დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა“.

დეპუტატებმა – გივი თხელიძემ, მიხეილ გელაშვილმა, გელა გოლუბიანმა, იური ლურსმანაშვილმა – ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ მედიკამენტების გაცემის კუთხით სოციალური პროგრამა დასახვეწია.

ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს წევრი: „ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ დახმარების სათხოვნელად მოსული ადამიანი უარით გავისტუმროთ და პროგრამებში ცვლილებები შევიტანოთ. ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევავსოთ ბიუჯეტი, რომ ყველას დავეხმაროთ“.

საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის თქმით „პროგრამა, რომელიც იწვევს არასამართლიანობის, ტენდენციურობის, მეტი უკმაყოფილების განცდას მოსახლეობაში, ჯობია გავაუქმოთ ან შევცვალოთ და შევეცადოთ მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვერ დაეხმარება ამა თუ იმ მოქალაქეს გარკვეულ მიზეზთა გამო, მოქალაქეს წერილობით ვაცნობოთ ამის შესახებ, რომ მას მოლოდინი აღარ ჰქონდეს, – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.

ამ საკითხზე უახლოეს დღეებში საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია იმსჯელებს.

თამთა გოგოლაძე