

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს ღორეშის, ფარცხნალისა და ვახანის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ზეწოლაში ადანაშაულებენ.
გამგებლის წარმომადგენელი ღორეშის ადმინისტრაციულ ორგანოში იური მჭედლიძე გვიამბობს, რომ გამგებელმა დღეს დილით (8 აგვისტოს) დაიბარა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.
„გამგებელი გვედავება, რატომ ვიმყოფებოდით პირველ აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე და არა ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩვენ სამუშაო ადგილებზე, – ამბობს იური მჭედლიძე, – იმ დღეს დაბარებული ვიყავით გამგებელთან თათბირზე. საკრებულოს სხდომის ოთახში ვერ შევედით, გარედან ვადევნებდით თვალს. პარალელურად ჩამოვდიოდით მეორე სართულზე და თათბირის ამბავს ვკითხულობდით. ბოლოს გვითხრეს, რომ თათბირი გადაიდო და სახლებში წავედით.“
გამგებლის წარმომადგენელი ფარცხნალის ადმინისტრაციულ ორგანოში ნიკოლოზ ბირკაძე ამბობს, რომ გამგებელმა ისინი დღევანდელ თათბირზე არ დაუშვა.
მისთვის გაუგებარია, რატომ თხოვს გამგებელი ახსნა-განმარტებას, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში იმ დროს, როცა თავად გამგებელმა თათბირზე დაიბარა.
ვახანის ადმინისტრაციულ ორგანოში გამგებლის წარმომადგენელი ზვიად არევაძე მიიჩნევს, რომ ხარაგაული მძიმე პოლიტიკურ ჩიხში შევიდა და ნორმალური სიტუაციისთვის ისევ ბრძოლა უწევს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ სამივე წარმომადგენელს თათბირის ფორმატში ესაუბრა.
„ვკითხე, რატომ არ იმყოფებოდნენ სამუშაო საათებში იქ, სადაც ვალდებულებებს უნდა ასრულებდნენ, ჩვენი ნებართვის გარეშე რატომ იმყოფებოდნენ სხვაგან და რატომ მიატოვეს სამუშაო ადგილები. მოვითხოვე მათგან ახსნა-განმარტება, რისი უფლებაც კანონით მაქვს, რომ დავადგინოთ, რამდენად გამართლებული იყო მათი არყოფნა სამუშაო ადგილებზე. ჩვეულებრივი პროცესია და არავინ არ არის მოსხლეტილი და განსხვავებული ფორმატით. წარმომადგენლების თათბირი შეიძლება ინდივიდუალურ რეჟიმშიც ჩატარდეს.“
კობა ლურსმანაშვილს ასეთივე შეკითხვები აქვს ზვარესა და მოლითის წარმომადგენლებთან. თუმცა ისინი თათბირზე იმყოფებოდნენ.
გამგებელი ამბობს, რომ პირველ აგვისტოს წარმომადგენლების თათბირი ნამდვილად იყო დანიშნული. მისივე თქმით, თათბირი ყოველ ორშაბათს ტარდება, სადაც კვირის მანძილზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ.
„ჩვენ როდესაც გამოვიძახეთ, აქ უნდა ყოფილიყვნენ თათბირზე. თუ შედგებოდა თათბირი, დაესწრებოდნენ, თუ არა, წავიდოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, – ამბობს გამგებელი, – პირველ აგვისტოს დანიშნული თათბირი გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო, მაგრამ სანამ ვითათბირებდით, იყო გარკვეული დარღვევა მათი მხრიდან, რომ სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდნენ. თუ ისინი თათბირის მოლოდინში იყვნენ, არა მგონია, სათათბიროდ საკრებულოში უნდა შეკრებილიყვნენ. თათბირზე უნდა შეკრებილიყვნენ გამგებელთან და არა საკრებულოში.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქუთაისის ფილიალში გიორგი სანტურიანი განმარტავს, რომ გამგებელს აქვს უფლებამოსილება გაარკვიოს, მისგან დასაქმებული პირი სად იმყოფებოდა სამუშაო დროის განმავლობაში. გიორგი სანტურიანის თქმით, გამგებელი ასევე უფლებამოსილია მოიკვლიოს ეს საკითხი და მოითხოვოს ახსნა-განმარტება წარმომადგენლებისგან, – სამუშაო დროის განმავლობაში დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ თუ არა.
„აქ საყურადღებოა მეორე საკითხი, რამდენად უნდა ჩაითვალოს ეს კონკრეტული შემთხვევა დარღვევად, – ამბობს გიორგი სანტურიანი, – თუკი ისინი თათბირზე დაიბარეს, მოლოდინის რეჟიმში იყვნენ და ამ პერიოდის განმავლობაში შევიდნენ საჯარო სხდომაზე, არანაირი დარღვევა არ არის. მთავარია, რა მოჰყვება ამ ახსნა-განმარტებას.“
იური მჭედლიძემ, ნიკოლოზ ბირკაძემ, ზვიად არევაძემ, მოლითისა და ზვარეს ადმინისტრაციულ ორგანოებში გამგებლის წარმომადგენლებმა სპარტაკ ლაცაბიძემ და ბერიკა ტალახაძემ ახსნა-განმარტება ხარაგაულის გამგეობის კანცელარიაში დღის ბოლოს ჩააბარეს.
აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი აგვისტოს სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის, თანამდებობიდან გადაყენების საკითხს იხილავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის