განათლების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით საუკეთესო ათეულში შესული მოსწავლეების პედაგოგები დააჯილდოვა.

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ზეინაბ ბუაჩიძე იმ 102 მასწავლებელს შორისაა, რომლებმაც განათლების სამინისტროსგან ფულადი ჯილდოები დაიმსახურეს.

საუკეთესო ათეულში წელს ზეინაბ ბუაჩიძის მოსწავლე არჩილ მაისურაძე მოხვდა.

„ეროვნული სასწავლო ოლიამპიადის ფინალურ ეტაპზე სასულიერო გიმნაზიის ორი მოსწავლე გადავიდა, – ლაშა ბუხნიკაშვილი და არჩილ მაისურაძე, – ამბობს ზეინაბ მასწავლებელი, – ლაშამ წყნეთის ინგლისურენოვანი ბანაკის საგზური მოიპოვა, არჩილი მეოთხე ადგილზე გავიდა.“

აღსანიშნავია, რომ ზეინაბ ბუაჩიძის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ყოველთვის გამოირჩეოდნენ. 2011-2012 სასწავლო წელს მოსწავლეთა შედეგების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია მეორე ადგილზე გავიდა და 4 ათას ლარიანი გრანტი დაიმსახურა; ცხრა მოსწავლე წყნეთის ინგლისურენოვან ბანაკში იმყოფებოდა, ხოლო დავით მაჭავარიანი ინგლისის საგზურით დაჯილდოვდა.

სხვადასხვა წლებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატების გამო ინგლისში ზეინაბ მასწავლებლის მოსწავლეები – ჯემალ მაღლაფერიძე და არჩილ მაისურაძე იმყოფებოდნენ.

ვულოცავთ ზეინაბ ბუაჩიძეს და მის მოსწავლეებს წარმატებას.