ხარაგაულის საკრებულოს პირველი აგვისტოს სხდომაზე რესპუბლიკელი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 20 დეპუტატი ითხოვდა.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა დააყენა.

საკრებულოს სხდომაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი მაია კუპრავა-შარვაშიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტარები ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი (IRI) ნინო დოლიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაალ გორგიძე.

სხდომის სპიკერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტარებსა და მოქალაქეებს სიტყვით გამოსვლის უფლებას იმ მოტივით არ აძლევდა, რომ ისინი წინასწარ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.
კანონის თანახმად, პარლამენტარებს კოლეგიალურ ორგანოში სათათბირო ხმის უფლება აქვთ.

ინგა მაღრაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ უმრავლესობას არ სურს საკრებულოს ისეთი თავმჯდომარე ჰყავდეს, რომელიც ხმას არ მისცემს არასწორად შედგენილ ბიუჯეტს, ისაუბრებს ხარვეზებით შესრულებულ პროექტებზე და იმ მანკირებებზე, რასაც ადგილი აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დეპუტატებს არგუმენტების დასახელება მოსთხოვა, თუ რატომ მოითხოვდნენ ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენებას. მისი თქმით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და პარტიის – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – ცენტრალური ოფისიდან იმართება.

პარლამენტარმა თამარ ხიდაშელმა განაცხადა, რომ იგივე წრეზე ვბრუნდებით, როდესაც ადამიანებს დევნიდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

არგუმენტების დასახელება საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ხარაგაული-ბაღდათის საარჩევნო ოლქში ზურაბ მაჭავარიანმა მოთხოვა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ. მისივე თქმით, დეპუტატები ასეთი ქმედებით ბიძინა ივანიშვილის სიკეთეს სალანძღავად ხდიან.

საკრებულოს წევრი აკაკი მაჭავარიანი დაინტერესდა, საკრებულოს რეგლამენტის რომელ მუხლებს არღვევდა ინგა მაღრაძე. „რას მოუტანს ეს ხარაგაულს, ამაზე გამეცით პასუხი, გარდა იმისა, რომ ძალიან ცუდ ტრადიციას დავუტოვებთ მომავალ საკრებულოს,“ – განაცხადა დეპუტატმა.

არგუმენტების დასახელების მოთხოვნით მიმართა კოლეგებს დეპუტატმა უჩა ბერაძემ. „ერთი ადამიანი წამოდექით, მჭერმეტყველება არც ერთს არ გაკლიათ და თქვით, განმარტეთ, რა დააშავა ინგა მაღრაძემ, – მიმართა დეპუტატებს უჩა ბერაძემ, – იმიტომ აყენებთ თანამდებობიდან, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია. მე ფრაქცია დამიშალეთ იმიტომ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვარ. გენაცვალეთ დემოკრატიაში, ასე გააგრძელეთ.“

თუ რატომ ითხოვენ ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა არ განმარტეს.

სხდომაზე მოქალაქის სტატუსით მყოფმა, წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრებულიყვნენ, რადგან თანამდებობებზე მუდმივად ვერ იქნებიან და თვითმმართველობის არჩევნები მალე მოვა.

ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ოქტომბრიდან ხელფასებს ვეღარ გაცემთ, – აღნიშნა დეპუტატმა, – მილიონი ლარი აკლდება ბიუჯეტის შემოსავლებს. რომელი პროგრამები უნდა შეამციროთ – სოციალური, დასუფთავების თუ კეთილმოწყობის, – ამაზე ისაუბრეთ, ინგას თანამდებობიდან გადაყენებისთვის გცალიათ?! როგორ აიღეთ პრემიები გამგეობაში, როცა ადამიანებს უნდა უთხრათ, რომ ხელფასებს ვერ მისცემთ და სახლში უნდა გაუშვათ.

ინგას წასვლა კი არ არის პრობლემა, თქვენი დამოკიდებულებაა პრობლემა. აგრესიული უმრავლესობა საშინელებაა. ძალიან კარგია, რომ ჩემმა მეგობრებმა ხმა არ მისცეს იმ ბიუჯეტს, სადაც საბავშვო ბაღების თანხა წინა წელზე ნაკლები დაიგეგმა იმ პირობებში, როცა ახალი ბაღების გახსნაა დაგეგმილი. ბიუჯეტთან დაკავშირებით რაც ვთქვი, ჩემი ყველა ნათქვამი ახდა. ახლა გეუბნებით, რომ არათუ ახალ საბავშვო ბაღებს ვერ გახსნით, არსებულის ფუნქციონირებასაც ვეღარ გააგრძელებთ. ამაზე ვიმსჯელოთ. უმძიმეს დღეში ჩავარდება ყველა ხარაგაულელი.“

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე მყოფმა საერთაშორისო გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორმა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა მაია კუპრავა-შარვაშიძემ განაცხადა, რომ მისი ინტერესია დააკვირდეს, ხომ არ იდევნება საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც ქალი, და ხომ არ აქვს ადგილი რაიმე სახის დისკრიმინაციას.

„მთავარია, რომ ყველაფერი დაასაბუთოთ, – აღნიშნა ქალბატონმა მაიამ, – მე როცა აქედან წავალ, არ უნდა დამრჩეს განცდა, რომ პოლიტიკური ან პირადი ინტერესი გქონდათ ადამიანის მიმართ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს ინგა მაღრაძე, მნიშნელოვანია სამართლიანობა. ჩემი სურვილია, რომ კიდევ უფრო კარგად შეისწავლოთ ეს საკითხი, გადაავადოთ, რომ შეკითხვები აღარ იყოს. საარჩევნო პერიოდია და მმართველ პარტიას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ყოველ წუთას წყდება ნებისმიერი პარტიის ბედი.“

საბოლოოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 17 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო. 4 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.

საკრებულოს სხდომის შემდეგ ფრაქციის – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულომ თავისი ნება გამოხატა და ბიულეტენები ტექნიკური ხარვეზების გამო გაბათილდა.

მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს ამის შემდეგ თავად აღარ უნდა ჰქონდეს თანამდებობაზე დარჩენის სურვილი, რადგან ოც კოლეგას მასთან მუშაობა არ სურს.

ვარლამ თავზარაშვილი ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და ამბობს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილება იმის გამოძახილია, რომ მათ საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს.

ნინო კაპანაძე