რა მისცა ხარაგაულელ 33 მოსწავლეს სამოქალაქო განათლების ცენტრში ერთი წლის მანძილზე მოსმენილმა ლექციებმა, – ამის შესახებ მათ შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა კალანდაძეს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა – ის მამაკაცთა უფლებების დაცვაზე იზრუნებს; წიფელმა თამარ ტალახაძემ იცის, რა არგუმენტებით დაარწმუნოს დედა საკუთარ არჩევანში, რომ გახდეს პოლიციელი, ბორელი დეა ბერაძე ახალი მეგობრების შეძენით და სამოქალაქო განათლების კუთხით ზოგადი განათლების მიღებითაა კმაყოფილი.

მეორე წელია, პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ  ებანოიძის, ბიუროში სამოქალაქო განათლების ცენტრის პროექტი ხორციელდება.

სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის, ადვოკატირების, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, კონფლიქტების, სახელმწიფოს არსისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ მოსწავლეებს ლექციები უტარდებოდათ.

„სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და ცნობილი წარმომადგენლები – ზვიად დევდარიანი, გიორგი სანტურიანი, გიორგი მშვენიერაძე, თამარ გურჩიანი, სალომე ქარცივაძე, დავით კლდიაშვილი და სხვები ლექციების ჩატარებაზე დიდი სიხარულით გვთანხმდებოდნენ, – ამბობს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მარი ბერაძე, – ვფიქრობ, მოსწავლეებმა სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს და მომავალში უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის კარგ გუნდს ჩამოაყალიბებენ.“

მოსწავლეებს სერტიფიკატები პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ გადასცეს. სასწავლო კურსის მანძილზე მათ მოსწავლეებთან რამდენიმე ლექცია წაიკითხეს.

ნინო კაპანაძე

dajildoeba