
სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამაჩაბლოს ომში გმირულად დაღუპული ზაზა გლუნჩაძის დედა, მარინა გლუნჩაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
იგი 2010 წლის თებერვლიდან ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად მუშაობდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, მარინა გლუნჩაძე დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 31 დეკემბერს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, გათავისუფლდა.
„მოგეხსენებათ, საჯარო მოხელეები, 2014 წლის დეკემბრიდან, კონკურსის წესით ინიშნებიან, – განმარტავს კახა გოლუბიანი, – ქალბატონ მარინას კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომ წლის ბოლოს გათავისუფლდა და მის ადგილზე კონკურსგავლილი პიროვნება დაინიშნა.“
მარინა გლუნჩაძის თქმით, საჯარო მოხელეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში არ ჩაერთო, ვინაიდან გამოცდა კომპიუტერთან უნდა ჩაებარებინა, მან კი კომპიუტერთან მუშაობა არ იცოდა.
მარინა გლუნჩაძის ინფორმაციით, ომში დაღუპულთა დედები დასაქმებულები იყვნენ საჯარო სამსახურში, – თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო ნაწილებში. მისივე მტკიცებით, გამოცდები არც იმ ქალბატონებს ჩაუბარებიათ. კონკრეტულად ვინ არიან ისინი და რა თანამდებობებზე მუშაობენ, ქალბატონი მარინა ვერ აკონკრეტებს.
„ხიდარში, გასული წლის ოქტომბერში, საბავშვო ბაღი რომ იხსნებოდა, იმ დღეს იმერეთის გუბერნატორს განცხადება გადავეცი, – ამბობს მარინა გლუნჩაძე, – უფრო სწორად, ჯერ მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს მივეცი და მერე მან გუბერნატორს გადასცა. განცხადებაში დასაქმებას ვითხოვდი, რადგან მე, ჩემი მეუღლე, რძალი და შვილი უმუშევრები ვართ. გუბერნატორმა გამგებელს უთხრა, ერთი ადგილი ამ ქალბატონისთვის გამონახეთ, ეს გმირის დედააო.“
ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატის, ნონა ზურაბიანის ინფორმაციით, მარინა გლუნჩაძემ რამდენიმე სამსახურში დასაქმებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა.
„შემდეგ თავისი შვილის, ზვიადის დასაქმება ითხოვა, – ამბობს ნონა ზურაბიანი, – ზვიადი უნდა გადმოსულიყო ხარაგაულში გამგებელთან. დავინტერესდი და მოვიკითხე ეს ამბავი, მაგრამ ზვიადმა ვერ მოიცალაო, – მითხრა ქალბატონმა მარინამ.
მარინა გლუნჩაძეს მუშაობის გაგრძელება იმ თანამდებობაზე სურდა, საიდანაც გათავისუფლდა; მაგრამ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული. ზოგადად გეტყვით, რომ სამაჩაბლოში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის, ოჯახს უყურადღებოდ არასდროს ვტოვებთ და ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით.“
ნინო კაპანაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი