guram odisharia24 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებას, ამ სფეროში არსებულ წარმატებებსა და პრობლემებს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად ხარაგაულში იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი. მინისტრს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე მასპინძლობდნენ.

გურამ ოდიშარიამ დაათვალიერა კულტურის ცენტრის (დირექტორი ვასილ კიკნაძე), სამუსიკო სკოლისა  (დირექტორი ლალი ალექსიძე) და კინოთეატრის შენობებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მოინახულა ცენტრალური ბიბლიოთეკა (დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი) და ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) ხარაგაულის კულტურის სფეროში მომუშავეთაგან პრობლემებს გაეცნო.

„ჩვენი ვალია, რომ დახმარება გაგიწიოთ, – აღნიშნა გურამ ოდიშარიამ ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას, – ბიბლიოთეკები არ შედის ცენტრალური ხელისუფლების  კომპეტენციაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ პროექტი და ბიბლიოთეკებს ათას-ათასლარიანი ვაუჩერი გადავცეთ. წიგნის ფესტივალზე ამ ვაუჩერით ბიბლიოთეკა ათასი ლარის წიგნს შეიძენს.“

გურამ ოდიშარიას განცხადებით, კულტურის სამინისტრო პროექტის წარდგენის შემთხვევაში, 7-8 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსებს ლიტერატურულ კონკურსსაც.

კინოთეატრის შენობის სარემონტო სამუშაოების გაცნობისას კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ხარაგაულის კინოთეატრს გადმოსცემს ახალ საპროექციო ციფრულ აპარატს, რითაც შესაძლებელი იქნება ფილმების ჩვენება. მინისტრის თქმით, წელს 15 მუნიციპალიტეტს ეხმარებიან. მომავალ წელს კი კულტურის სამინისტრო ხარაგაულს ერთ-ერთი პირველი დაეხმარება. „დღეს ბევრს აქვს ინტერნეტით ფილმების ნახვის შესაძლებლობა, მაგრამ ადამიანებს სურთ, კინოს ერთად უყურონ. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ თავშეყრის ადგილი, სადაც ნახავენ ფილმებს, გამართავენ დისკუსიას, იმსჯელებენ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის თქმით, ქართული კინოს 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხარაგაულის სოფლებში იგეგმება კინოფილმების ჩვენება. მინისტრმა ბრძანა, რომ კულტურის სამინისტრო დააფინანსებს ამ პროექტსაც.

ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას კულტურის მინისტრი პიანინოთი და ვიოლინოთი დასაჩუქრებას დაჰპირდა. გურამ ოდიშარია სამუსიკო სკოლის კოლექტივს ასევე შეჰპირდა, რომ სურვილის შემთხვევაში, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს ცნობილ მუსიკოსებს შეახვედრებს.

შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, რეგიონალური განვითარების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად შესთავაზებს ღია ესტრადის შენობისა და კულტურის პარკის კეთილმოწყობას. თავის მხრივ კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ „სიტყვას შეგვაწევს“ რეგიონალური განვითარების მინისტრთან, დავით ნარმანიასთან, ხოლო თუ ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, მაშინ კულტურის სამინისტრო პარკის კეთილმოწყობას დააფინანსებს.

„დღევანდელი შეხვედრა არ არის გამიზნული რეკლამისთვის,თუ რას ვაკეთებთ და რას ვაშენებთ, – აღნიშნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში შეხვედრაზემაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, – ბატონი გურამ ოდიშარია ჩამოსულია პრობლემების მოსასმენად. მან იცის, რომ ხარაგაულის მაღალი ინტელექტის მქონე საზოგადოება საუკეთესო პროდუქტს ქმნის. ჩვენი პრობლემაა ფინანსური რესურსების ნაკლებობა. დიდი მადლობა ხარაგაულის კულტურის სფეროში დასაქმებულ ყველა მუშაკს, რომ მომავალ თაობას შეუნარჩუნეთ ტრადიციები. ახლა მეტი თანხები ჩნდება და ამ სახსრების გონივრულად მიმართვა უნდა შევძლოთ. მეტი უნდა ვისაუბროთ პროგრამულ დაფინანსებაზე. ეს არის მთავარი თემა. ხარაგაულში ყველაზე ღირებული სწორედ კულტურის დარგია, რომლის განვითარებისთვის ქვეყანამ უფრო მეტი ფინანსები უნდა გაიღოს.“

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს საამაყო კულტურულ მემკვიდრეობაზე, ტრადიციებზე, კულტურის მნიშვნელობაზე პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში. მან სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო მუზეუმში შეკრებილთ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქართველები ვეცნობოდეთ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის კულტურულ თავისებურებებს. სამინისტროს ვალდებულებაა, რაც შეიძლება უკეთ გააცნოს მსოფლიოს საქართველოს კულტურული ცხოვრება, წარსული და თანამედროვეობა. მათი პრიორიტეტია ასევე რეგიონებთან ურთიერთობა. არსად აქვს წასასვლელი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდას. ამიტომ მას ადგილზე უნდა შევთავაზოთ ისეთი რამ, რაც მის სულიერებას განავითარებს და გააღრმავებს. გურამ ოდიშარიამ შს სამინისტროს მონაცემზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელმაც თუნდაც ორი წელი ისწავლა კლასიკური მუსიკა, არასოდეს ჩაიდენს დანაშაულს. კულტურის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აფხაზებთან და ოსებთან. მინისტრის განცხადებით, კულტურა მაღლა დგას ნებისმიერ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. სამინისტრო გეგმავს კულტურის სატელევიზო არხის შექმნას, რომელიც საქართველოს ყველა კუთხის კულტურულ ცხოვრებას და კულტურულ მემკვიდრეობას გაუწევს პოპულარიზაციას. კულტურის სამინისტროს დევიზია – მეტი კულტურა და ნაკლები პოლიტიკა.

ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრს პროექტის „მთების ძახილი“ დაფინანსებისთვის. თავის მხრივ მინისტრმა ამ პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია შენობის გარემონტება, გათბობა და სავენტილაციო სისტემის მოწყობა, მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ ალბომის გამოცემა.

„არ გვაქვს უფლება, რომ შენობის კეთილმოწყობის პროექტი დავაფინანსოთ, თუმცა ხვალვე შეგიძლიათ ალბომთან დაკავშირებით განაცხადი შემოიტანოთ,“ – განაცხადა მინისტრმა.

კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნიკო დეკანოსიძემ ხარაგაულის თეატრალურ ტრადიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარაგაული იმსახურებს თეატრის დიდ შენობას.

ივ. აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობმა ლუიზა კიკნაძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა თანადაფინანსებისთვის. მოგეხსენებათ, თეატრალური დასი ქალაქ ქემერში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა სპექტაკლით „თანამდევი სული“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სპექტაკლმა გრან-პრი დაიმსახურა როგორც ამ ფესტივალზე, ასევე იმერეთის რეგიონალურ ფესტივალზე. „ქემერში ფესტივალის ქართველმა მონაწილეებმა გვითხრეს, რომ ეს სპექტაკლი უნდა ნახოს ყველა მოსწავლემ. გვინდა ვაჩვენოთ მოზარდმაყურებელთა თეატრში, სადაც დარბაზის თანხა მოითხოვეს. თბილისის ერთმა სკოლამ მიგვიწვია თავისი დაფინანსებით და უახლოეს ხანში იქ ვაჩვენებთ სპექტაკლს,“ – აღნიშნა ლუიზა კიკნაძემ.

გურამ ოდიშარიას თქმით, კულტურის სამინისტრო ყველანაირად ხელს შეუწყობს ხარაგაულის სახალხო თეატრს. მისი განცხადებით, მთავარია პროექტი დაიწეროს და სამინისტროს წარედგინოს. მინისტრმა დახმარება აღუთქვა თოჯინების თეატრსაც.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულს წარმატებული კოლექტივები ჰყავს და მას ძალიან სიამოვნებს, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება როგორც ღონისძიებები, ასევე ფესტივალებში მათი მონაწილეობა.

„ხარაგაული ამაყია კულტურით, – აღნიშნა შეხვედრაზე გამგებელმა, – წინასაარჩევნო პერიოდის გამო ბიუჯეტში შემოდინებულ ჭარბ თანხებს ვერ ვიყენებთ. მუზეუმის შენობის რემონტის ხარჯთაღრიცხვა გვაქვს და ამ მიმართულებით ვიზრუნებთ, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა. მომავალი წლის ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხების მობილიზების შესაძლებლობა გვექნება და კულტურის სფეროს მუშაკებს ხელფასების კუთხითაც კარგად მივხედავთ. მაგონებენ, რომ ტაშ-ფანდურში ფული არ უნდა დაიხარჯოს. ხარაგაულის კულტურა ტაშ-ფანდურა არ არის. მინიმალურ პროექტებს ვახორციელებთ და თუ ესეც არ დავაფინანსეთ, მაშინ რაღაა მუნიციპალიტეტის როლი კულტურის განვითარების საქმეში. მინდა სკეპტიკოსების გასაგონად ვთქვა, რომ სანამ ვიქნები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ჩემი პრიორიტეტი იქნება კულტურის სფერო სხვა პრიორიტეტებთან ერთად.“

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა დასძინა, რომ კულტურის სამინისტრო მომავალში ხარაგაულთან მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობას გააგრძელებს.

P.S. იმ დღეს მინისტრი იუბილარი გახლდათ. მან ბრძანა, რომ თბილისიდან მეგობრებს გამოექცა და ხარაგაულში დიდი სიამოვნებით გვეწვია. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა სახალხო თეატრის მსახიობ ნიკო წიკლაურისგან საჩუქრად ექსპრომტი მიიღო: ბატონო ოდიშარია, თქვენს ნახვად მოგვიხარია,/ თუ საკადრისად ვერ შეგვხვდით, არ აგვიტეხოთ შარია,/ დროა, წარსულში დავტოვოთ სიტყვა და საქმე მცდარია,/ ქვეყანას რაღაც შევმატოთ, ყველა ჩვენგანის ვალია.

ნინო კაპანაძე