
საქართველოს სამას საჯარო სკოლაში სექტემბრიდან ელექტრონული ჟურნალების წარმოების საპილოტე პროექტი ამოქმედდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ამ პროექტისთვის ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლები შეირჩა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ზაზა ტყემალაძის ინფორმაციით, მოსწავლეთა დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია ყოველდღე ელექტრონულად აღირიცხება, მოსწავლეთა შედეგები კი ავტომატურად დაჯამდება.
ელექტრონული ჟურნალით მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებელი ისარგებლებს. ზაზა ტყემალაძის თქმით, სამომავლოდ ტექსტური შეტყობინების სერვისი დაინერგება – მშობელი საკუთარი შვილის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციას მობილურზე მიიღებს.
ელექტრონული ჟურნალების წარმოებისთვის კლასში ერთი კომპიუტერი აუცილებლად უნდა იყოს.
14-15 ივლისს ხარაგაულის #2 და #3 სკოლების პედაგოგებისთვის ხარაგაულში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი ტრენინგებს ატარებს.
ტრენინგის მონაწილე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლელა სხილაძე ამბობს, რომ ელექტრონული ჟურნალით სკოლის ყოველდღიური ცხოვრება აღიწერება. ის თვლის, რომ ელექტრონული ჟურნალის დანარგვა პროგრესული და ძალიან მნიშვნელოვანია.
„სემესტრის ან წლის ბოლოს რასაც ვანგარიშობდით, ახლა კურსორის ერთი დაწკაპებით ავტომატურად დაჯამდება,“ – ამბობს ლელა მასწავლებელი.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე მოხარულია, რომ მათი სკოლა საპილოტე პროექტში ჩაერთვება.
„ძალიან კარგი სიახლეა, – ამბობს ვალერი გოგნაძე, – მასწავლებელი პუნქტუალურად ყოველდღე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნებსა და გაცდენებს შეიტანს. შედეგების ავტომატურად დაჯამება მასწავლებელს შრომას გაუადვილებს. კლასის დამრიგებელი ყოველდღე თითოეული მოსწავლის შედეგებს გაეცნობა.“
ვალერი გოგნაძე ამბობს, რომ მათი სკოლა მზადაა ელექტრონული ჟურნალების პროექტისთვის, – სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით, კომპიუტერები ადმინისტრაციასა და სამასწავლებლოშიცაა განთავსებული.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ტრენინგი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი