
რამდენად რთული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორი გარემო იყო, რომელი პროფესია აირჩიეს, როგორ შედეგებს ელოდებიან და რას ურჩევენ მომავალ აბიტურიენტებს, – ამ შეკითხვებით რამდენიმე ხარაგაულელ აბიტურიენტს მივმართეთ.
ოთხი გამოცდა ჩააბარა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით მაჭავარიანმა. საგამოცდო საკითხები მისთვის საშუალო სირთულის იყო და მიაჩნია, რომ გამოცდაზე კარგი გარემო იყო ცოდნის მაქსიმალურად გამოსავლენად.
დათომ ეკონომისტობა გადაწყვიტა, თუმცა გამოცდებზე მიღებული შედეგების შესაბამისად, შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს.
დათო ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს, თუმცა ამ წარმატებას ის მშობლებისა და პედაგოგების დამსახურებად მიიჩნევს. მომავალ აბიტურიენტებს კი ურჩევს, რომ გამოცდებზე სიმშვიდე შეინარჩუნონ და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.
ყველაზე მეტად პირველ გამოცდაზე ინერვიულა მარი მაღლაფერიძემ. შემდეგ გამოცდებს შედარებით მშვიდად შეხვდა და კარგი ქულების მიღების იმედიც აქვს. მარი ამბობს, რომ დამკვირვებლები ძალიან თბილად ექცეოდნენ აბიტურიენტებს და ცდილობდნენ, მათთვის დაძაბულობა მოეხსნათ. მან სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი აირჩია, თუმცა გამოცდების შედეგების შესაბამისად, შეიძლება, არჩევანს მანაც გადახედოს.
ნინო ჭიპაშვილისთვის გარკვეული სტრესი გამოცდაზე შესასვლელად რიგში ყოფნა აღმოჩნდა. პირველ გამოცდაზე ცოტა ინერვიულა, თუმცა კარგ შედეგს ელოდება.
ნინო ამბობს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ზოგად უნარებში გამოცდებზე მის აუდიტორიაში დამკვირვებლები ხარაგაულელები იყვნენ, რაც მისთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა.
ნინომ ფილოლოგობა გადაწყვიტა, თუმცა მომავალში სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას აპირებს.
გამოცდებზე მაღალ შეფასებას ელოდება და თვლის, რომ ეს მისი მშობლების, პედაგოგებისა და რეპეტიტორების დამსახურებაა.
ხუთ გამოცდას აბარებს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებული არჩილ მაისურაძე. მისთვის გამოცდაზე კომფორტული სიტუაცია იყო და დამკვირვებლებიც ძალიან ამხნევებდნენ.
გამოცდაზე გარკვეული დისკომფორტი მხოლოდ პატარა ზომის ლეპტოპმა შეუქმნა, თუმცა მეორე და მესამე გამოცდებზე ამასაც შეეჩვია. არჩილს სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები აინტერესებს, თუმცა საბოლოო პროფესია ჯერ არ აურჩევია. ამის მიუხედავად, იცის, რომ არჩეულ პროფესიას სიღრმისეულად შეისწავლის და კარგი სპეციალისტი დადგება.
არჩილმა ზოგადი უნარების საგამოცდო საკითხები ინტერნეტის მეშვეობით გადაამოწმა და კარგ შედეგს ელოდება. სურს, რომ 100%-იანი გრანტი მიიღოს. აპირებს, წარმატებულად ისწავლოს.
არჩილ მაისურაძე მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს, რომ დრო რაციონალურად გამოიყენონ, სისტემატურად იმეცადინონ და გამოცდების ჩაბარება არ გაუჭირდებათ. „როცა საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული ხარ, ნაკლებად ნერვიულობ,“ – ამბობს არჩილ მაისურაძე.
რამდენიმე კვირაც და დავითი, მარიამი, ნინო და არჩილი თორმეტწლიანი დაუღალავი შრომის ნაყოფს მოიმკიან.
წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ მათ და ყველა ხარაგაულელ აბიტურიენტს.
თამთა გოგოლაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი