„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის ოფისში დღეს პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ივნისში საარჩევნო ბლოკის სახით ჩამოყალიბდა და მასში გაერთიანდნენ: კონსტანტინე გამსახურდია – პარტია „თავისუფლება“; კახა კუკავა – პარტია „თავისუფალი საქართველო“; აკაკი ასათიანი – „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“; გოჩა ჯოჯუა – პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გია ბერძენიძე – ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაა – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია.“

საარჩევნო ბლოკის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძის ინფორმაციით, ხარაგაული-ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს გულადი (გია) ყრუაშვილი იყრის. ის კახა კუკავას პარტიის – „თავისუფალი საქართველო“ – წევრია.

თემურ ფცქიალაძის ინფორმაციით, ხარაგაულის საარჩევნო შტაბს როინ ხიჯაკაძე უხელმძღვანელებს, ბაღდათის საარჩევნო შტაბს – გოგი წულაია.

„გია ყრუაშვილი ცნობილი აქტივისტი და სიმართლისთვის მებრძოლია, – ამბობს თემურ ფცქიალაძე, – კახა კუკავას სააკაშვილის რეჟიმის შეცვლაში დიდი წვლილი მიუძღვის. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლების რეალური ოპოზიციაა. ძალა, რომელსაც საქართველოს გადარჩენა შეუძლია. ხალხს უნდა სიახლე და სიახლეს სწორედ ჩვენ ვთავაზობთ.“

გულადი (გია) ყრუაშვილი ამბობს, რომ არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, ის პერიოდულად იმ ჩინოვნიკებს ამხელს, რომლებიც არაკეთილსინდისიერი გზებით, მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრდნენ.

საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის ლიდერებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ შეინიშნება ზეწოლები, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

„ჩვენ მხარდამჭერებს მიანიშნეს, რა გინდოდათ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოფისშიო, – ამბობს თემურ ფცქიალაძე, – თქვენი მედიაორგანიზაციის საშუალებით ვაფრთხილებ ყველას, – მოსახლეობას ნუ შეუზღუდავენ თავისუფალ არჩევანს.

90-იან წლებში ზოგიერთ ხელმძღვანელს მოსახლეობაზე ზეწოლების გამო კარებებს ვუჭედავი. იმედია, ასეთი რამ ახლა აღარ დაგვჭირდება, რადგან დღევანდელი ხელისუფლება თავს იმით იწონებს, რომ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის უფლება დაუბრუნა.“

თემურ ფცქიალაძის თქმით, ხელისუფლება არჩევნებს ყველა დიდ ქალაქში წააგებს, ხოლო თბილისში ხმების 25%-ზე მეტს ვერ მიიღებს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ და საკუთარი ნება გამოხატონ.

ნინო კაპანაძე

patriotta_aliansi-1