
მესამე თვეა, ხარაგაულის სატყეო უბანს სოსო ფოფხაძე ხელმძღვანელობს.
ის 1990 წლის 16 აპრილს დაიბადა. 2007 წელს კიცხის საჯარო სკოლა დაამთავრა და იმავე წელს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 2011 წელს,
ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ, ტყის მცველების კურსები გაიარა და იმავე წლის დეკემბერში საქასრიის უბანზე ტყის მცველის თანამდებობაზე დაინიშნა. 2013 წლიდან 2016 წლის 1 მაისამდე ვარძიის სატყეო უბნის მცველი იყო.
სხვათაშორის, სატყეოს უფროსობაზე ის ბავშვობიდან ოცნებობდა. ამის შესახებ სოსო ფოფხაძე, როგორც წარჩინებული მოსწავლე, 2007 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მოსწავლეთა ჩანართში „იმედი ხვალის“ საუბრობდა.
„ათი წლიდან ბუნებისა და ტყის მიმართ სიყვარული გამიჩნდა, – იხსენებს სოსო ფოფხაძე, – დღე არ გავიდოდა, ტყეში არ წავსულიყავი. მეტყევეებთან ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა და მათი საქმიანობა მომწონდა.
როცა ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობა ვაკანტური გახდა, ჩემი კანდიდატურა წარვადგინე. გამოცდილება მქონდა, სპეციალობით მეტყევე ვარ, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პასუხისმგებლობა მომემატა, მაგრამ ვფიქრობ, დაკისრებულ ვალდებულებებს თავს კარგად გავართმევ.“
როგორ მოვიპოვოთ საშეშე მერქანი, რა სიახლეებია სამასალე მერქნის მოპოვების კუთხით ხარაგაულში, ამ საკითხებზე სატყეო უბნის ახალ ხელმძღვანელს ვესაუბრეთ:
-2014-2015 წელს გამოყოფილი ტყე-კაფებიდან 6 ათასი კბმ საშეშე მერქანი აუთვისებელია. ასე რომ, მოსახლეობას უკვე შეუძლია შეშის მოპოვება. ეს რაოდენობა მომავალი ზამთრისთვის სათბობის მოსამარაგებლად არასაკმარისია და მიმდინარეობს დამატებით საშეშე ტყე-კაფების გამოყოფა.
ხარაგაულის შვიდი სატყეო უბნიდან საშეშე მერქანი რიკოთხევზე, წიფაში, მოლითსა და ბორითში უკე გამოიყო. ივლისის ბოლოსთვის ეს პროცესი მთელ მუნიციპალიტეტში დასრულდება.
მოქალაქე, რომელსაც შეშის მოპოვება სურს, გადაიხდის თანხას ბანკში, დაუკავშირდება ტყის მცველს და მოიპოვებს შეშას. ერთი კბმ შეშა სამი ლარი ღირს. ამას ემატება მოსაკრებელი სამი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ე. წ. „სოციალურ ჭრებს,“ სამასალე მერქანს შესაბამისი კომისიისა და გუბერნატორის ბრძანების საფუძველზე ის ოჯახი მიიღებს, რომელსაც საცხოვრებელი სახლი დაეწვა, ან სტიქიით დაუზიანდა.
2016 წლისთვის ხარაგაულში „სოციალური ჭრებისთვის“ წიფელისა და თხმელის 400 კბმ სამასალე მერქანი უნდა გამოიყოს. წიწვოვანი ტყეები არ გვაქვს. სოფლებში წიწვოვანი მცენარეები – ფიჭვის კორომები – მოსახლეობისგანაა გაშენებული და მათი მოჭრა აკრძალულია იმ დრომდე, თუ მცენარე არ გახმა და სანიტარული ჭრა არ დაინიშნა.
თუ ოჯახს აუცილებლად წიწვოვანის მერქანი ესაჭიროება, ბაღდათში ან რაჭაში გადავამისამართებთ.
ივლისის ბოლოსთვის გავანაწილებთ, თუ რომელ სატყეო უბანში შეძლებს ოჯახი სამასალე მერქანის მოპოვებს. გამოყოფილი ტყე-კაფი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.
მოლითის სატყეო უბანზე სამასალე მერქნის მოპოვების საპილოტე პროექტი უკვე დაიწყო. გამოყოფილია პირველი და მეორე ხარისხის 2 000 კბმ ტყე-კაფი. აქედან 70% სამასალე მორი, ხოლო 30% საშეშე მერქანი დამზადდება. უახლოეს ხანში გარემოს დაცვის სამინისტრო ამ ტყე-კაფის მოპოვებაზე ტენდერს გამოაცხადებს.
ტენდერში გამარჯვებული მოპოვებულ ხე-ტყეს უბისის სატყეო უბნის ტერიტორიაზე დაასაწყობებს. წინასწარი ინფორმაციით, სატყეო სააგენტო სამასალე და საშეშე მერქანს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდის.
ხარაგაულში ავეჯის მწარმოებელი 120 ინდმეწარმეა დარეგისტრირებული. მათთვის და მოსახლეობისთვის, ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
აგვისტოში უკვე ტენდერში გამარჯვებული უნდა გვყავდეს, რადგან სექტემბერი ტყეში მუშაობისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა.
გვესმის მოსახლეობის პრეტენზიები, რომ ტყე-კაფებამდე გზები ძნელად მისასვლელია. ჩვენ გზების შესაკეთებელი ხარჯები არ გვაქვს. ვარძიის მაცხოვრებლებმა ორგანიზების საუკეთესო მაგალითი აჩვენეს.
ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურობით ბიუჯეტიდან საწვავი მიიღეს, გარკვეული თანხა თავად აკრიფეს და ტყე-კაფისკენ მისასვლელი გზა ისე გააკეთეს, რომ მსუბუქი მანქანითაც გადაადგილდებიან. ტყეში შესვლა სოფლის ყველა მაცხოვრებელს სჭირდება და საერთო ძალისხმევით შედეგი მიიღწევა.
რაც შეეხება ჯარიმებს, მოსახლეობას არ ვუსაფრდებით. ოქმების დაწერა და მოსახლეობის დაჯარიმება ჩვენი თვითმიზანი არ არის.
პირველი ხარისხის ერთი კბმ თხმელის უკანონოდ მოპოვება 13 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ერთი კბმ სამასალე რცხილისა და წიფელის უკანონოდ მომპოვებელი 47 ლარით ჯარიმდება, იგივე მცენარის საშეშედ უკანონო მოპოვება – 19 ლარით.
ჩვენთვის უცნობია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სასამართლო ამ თანხის ზემოთ დაკისრებული ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას. არ გვინდა ვინმე უკანონოდ მოჭრილი ერთი ხის გამო 600 ლარით დაჯარიმდეს.
ნინო კაპანაძე
გთავზობთ ხარაგაულის სატყეო უბნების ტყის მცველების ტელეფონის ნომრებს.
რიკოთხევის სატყეო უბანი: ზაზა კაკოიშვილი – 595 09 55 56; ერასტი ღამბაშიძე – 595 000 362; დათო ტაბატაძე – 595 52 51 47; დათო სამხარაძე 595 00 30 75;
საქასრიის სატყეო უბანი: ვაჟა ბარბაქაძე – 595 52 51 38; ბესო სახვაძე – 591 100 569.
ბორითის სატყეო უბანი: ამირან გოგოლაძე – 595 525 172; გიორგი რიკაძე – 591 00 75 68.
მოლითის სატყეო უბანი: მამუკა ფერაძე – 595 09 55 28; ალი მურადოვი – 595 00 55 52.
წიფის სატყეო უბანი: გელა გუდაძე – 591 100 554.
ზვარეს სატყეო უბანი: პაპუნა ჭიპაშვილი – 595 00 30 64; ლაშა ლაცაბიძე – 595 00 60 56.
ვარძიის სატყეო უბანი: კახა ხიჯაკაძე – 599 89 88 47; გიორგი სახამბერიძე – 595 07 99 98.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი