დღეს, ხარაგაულში, შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

გენიალურ ქართველ კომპოზიტორს 10 ივლისს დაბადებიდან 95 წელი უსრულდება.

ხარაგაულს რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და კომპოზიტორის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესტუმრენ.

„გამორჩეულად ლამაზი დღეა ხარაგაულში და ჩვენს სამუსიკო სკოლაში, – მიმართა დამსწრეთ სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ, – ჩვენი მასპინძელია ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის, შემოქმედება.“

სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანმსაბლის წევრებმა არაჩვეულებრივი კონცერტი მიუძღვნეს დიდებული შემოქმედის საიუბილეო თარიღს.

ქუთაისის საოპერო თეატრის კამერულ ორკესტრთან (დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი) ერთად შესრულდა რევაზ ლაღიძისგან კინოფილმებისთვის შექმნილი სიმღერები, კომპოზიციები, საფორტეპიანო ნაწარმოებები.

კონცერტზე დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა ხარაგაულელი ნიჭიერი ახალგაზრდებისგან თითოეული ნომრის შესრულების შემდეგ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა სამუსიკო სკოლის კოლექტივს მადლობა გადაუხადა.

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ კი აღნიშნა, რომ რევაზ ლაღიძის ნებისმიერი ნაწარმოების მოსმენისას სხვანაირად გიყვარს ადამიანი, სამშობლო, სატრფო და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ქართველი ხარ.

„ასეთი საღამოები საჭიროა, მთლად პოლიტიკაში რომ არ გადავვარდეთ და გვახსოვდეს, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები, – აღნიშნა საღამოზე კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, – მომავალი თაობისთვის საამაყოა, რომ ასეთი წინაპრები გვყავდა. რევაზ ლაღიძის ყველა სიმღერა ჰიმნია.

ჩემთვის შინაგანად „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ჰიმნია. სიმფონიური მინიატურების ჰიმნია „საჭიდაო.“ „რონდო ტოკატა“ ქართული საფორტეპიანო მუსიკის ჰიმნია.

ხშირად ვფიქრობ, რევაზ ლაღიძე უფრო დიდი პიროვნება იყო, თუ უფრო დიდი კომპოზიტორი. ალბათ, ორივე ერთად. ბედნიერი ვარ, რომ მის ხელში გავიზარდე. რეზო ლაღიძე საქართველოსთვის ნამდვილად ღვთის საჩუქარია.“

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ დამსწრეთ სიმღერის – „ჩემო კარგო ქვეყანავ“ შექმნის ისტორია უამბო:

-რევაზ ლაღიძე ხარაგაულში ხშირად სტუმრობდა ივანე აბაშიძეს და შოთა ბუაჩიძეს. ივანე აბაშიძის შვილის, იური აბაშიძისგან ვიცით, რომ ერთხელაც, ხარაგაულში მყოფი, თევზაობიდან დაბრუნებული რევაზ ლაღიძე მთელი ღამე ფანქარს აკაკუნებდა.

დილით კი დაუხვედრებია ნოტები. პირველად „ჩემო კარგო ქვეყანავ“ მე და მამაჩემმა შევასრულეთო, – იხსენებდა იური აბაშიძე.

მუსიკოს ნია ბახტაძის თქმით, რევაზ ლაღიძის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოში ხარაგაულიდან დაიწყო და იმედოვნებს, რომ ყველგან ასე ლამაზად გაგრძელდება.

ნინო კაპანაძე

r. lagidzis sagamo (3) r. lagidzis sagamo (4)