
ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი – 2016“ – ისტორიის კუთვნილება გახდა.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრისთვის ფესტივალი წარმატებული გამოდგა.
რეჟისორ ირინე ჩხეიძის სპექტაკლმა „სათაგური“ ნომინაციაში – „საუკეთესო საბავშვო-საყმაწვილო სპექტაკლი“ – გაიამარჯვა.
დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, მაყურებლის რჩეულთა დასახელებით დაიწყო.
„საყვარელი მოხუცები“ – მაყურებელმა დარეჯან სხიერელმა ეს ნომინაცია „სათაგურში“ ესტატესა და ეფემიას როლის შემსრულებლებს – ნიკო წიკლაურსა და ლუიზა კიკნაძეს მიანიჭა.
ლუიზა კიკნაძე პატარა მაყურებელმა ალექსი ფურცხვანიძემ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
მაყურებელმა ანი ანაკიძემ მაყურებლის სიმპათიიის პრიზი ხარაგაულის სახალხო თეატრის საბავშვო დასს გადასცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული თეატრი საბავშვო სპექტაკლს დგამს, – აღნიშნა ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ, – ეს მაყურებლის აღზრდას ხელ უწყობს. წინსვლას ვუსურვებ ხარაგაულის სახალხო თეატრს, რომლის წარმატებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდა.“
თეატრმცოდნე, ჟიურის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ „თეატრალური იმერეთი“ წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ მასშტაბებით, არამედ ხარისხითაც.
„ბევრ თეატრს სტიმული მიეცა, რომ უფრო მეტად პროფესიონალური გახდეს და თანამედროვე თეატრალურ პროცესებს ფეხი აუწყოს, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი, – კონკრეტულად ხარაგაულის თეატრის სპექტაკლზე გეტყვით, რომ საბავშო სპექტაკლის დადგმა ყველაზე რთულია. ასეთი სპექტაკლი იმ მაყურებლისთვის კეთდება, რომელიც ზრდილობის გულისთვის ტაშს არ დაგიკრავს. ძალიან საინტერესო იყო „სათაგური“ – კლასიკა, რომელიც არ არის პიესად გადაკეთებული და რეჟისორმა ისე დადგა. ეს იყო ფესტივალის ყველაზე გულწრფელი სპექტაკლი. ამიტომ მაყურებლისგანაც გულწრფელი სიხარული და ტაში დაიმსახურა.“
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, რეგიონული თეატრები დაფინანსების სიმცირესთან ერთად ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. ამიტომ თეატრების ხელმძღვანელებს პიესების არჩევისა და ჟანრების გამრავალფეროვნების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვთ.
ფესტივალში – „თეატრალური იმერეთი – 2016“ იმერეთის რეგიონიდან 16 თეატრალური დასი მონაწილეობდა.
დაჯილდოების ცერემონიას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე;
„სათაგურის“ მონაწილეთა ერთი ჯგუფი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი