

პირველივე ფესტივალზე საპრიზო ადგილი მოიპოვეს. ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა.
დაარსებიდან მეოთხე წელს ბავშვთა სიმღერის მეექვსე რესპუბლიკური ფესტივალიდან ხარაგაულში გრან-პრით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ.
ფოლკლორული ანსამბლი „საუნჯე“ საქართველოში აღიარებული და სახელგანთქმულია. რაც მთავარია, ანსამბლის თითოეული წევრისთვის ქართული ფოლკლორი ძალიან ძვირფასი და საამაყოა.
„საუნჯეს“ ისტორია 1997 წლიდან იწყება. ამ წლების მანძილზე ანსამბლის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ მრავალი წინააღმდეგობა და სირთულე გადალახა.
„მოსწავლეთა სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი, – იხსენებს დალი მაღრაძე, – ყოველთვის მსურდა ფოლკლორული ანსამბლი შემექმნა.
მინდოდა, შეგვენარჩუნებინა და მომავალი თაობებისთვის გადაგვეცა ქართული ხალხური სიმღერა. მაშინდელი განათლების განყოფილების გამგე გია არევაძე და ხარაგაულის რაიონის გამგებელი ნოდარ ებანოიძე გვერდით დამიდგნენ.
ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. ფორმების შესაძენად ნოდარ ებანოიძემ 300 ლარი გამოგვიყო. ეს იყო დიდი სტიმული და თანადგომა.
„საუნჯეს“ ცამეტმა წევრმა დალი მაღრაძის სახლში დაიწყო მეცადინეობა – ზამთარში ღუმელთან, ზაფხულში კი – აივანზე. ანსამბლის ლოტბარად თამაზ კიკნაძე მიიწვიეს.
ეკა, ოთარ მაღრაძეები, გიგა გლუნჩაძე, ეკა სახვაძე, დები ეკა და მაკა რობაქიძეები, ოთარ ფურცელაძე, სალომე გელაშვილი, ბაქარ ბარბაქაძე და სხვები ანსამბლის პირველი თაობაა. ერთ წელიწადში სამი სიმღერა შეისწავლეს – „ჰარალო,“ „გოგოს ვეპარებოდი“ და „შავლეგო.“
„ანსამბლის სამართლებრივი ფორმით დაფუძნება იყო საჭირო და კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირი შევქმენი, – გვიამბობს დალი მაღრაძე, – წარმატება წარმატებას მოსდევდა და მოსწავლეთა ინტერესი ანსამბლში გაწევრიანებაზე თანდათან იზრდებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა 2001 წელს ფესტივალზე – „გაზაფხულის ზარები“ გრან-პრი დავიმსახურეთ.“
დალი მაღრაძემ ბევრი ბრძოლისა და შრომის შედეგად ხალხური შემოქმედების სახლი დააფუძნა, რომელიც სხვადასხვა წრეებს აერთიანებს.
ზეპირსიტყვიერების წრეს თამარ ავალიშვილი ხელმძღვანელობს. „საუნჯეს“ წევრთა მონაწილეობით გადაღებული ვიდეოფილმი „ალილო“ საპატრიარქოში გაგზავნეს.
თამარ მეფისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დალი მაღრაძე ხარაგაულის ფოლკლორის სახლისგან შეგროვებული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ბეჭდვური სახით გამოცემას გეგმავს.
ხალხური შემოქმედების სახლში ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ინგა ლურსმანაშვილი ასწავლის. ჩონგურისა და ფანდურის შემსწავლელ წრეს მაია მაღრაძე ხელმძღვანელობს.
2002 წლიდან, თამაზ კიკნაძის ავადმყოფობის გამო, ანსამბლის ლოტბარი მაია მაღრაძე გახდა. მაშინ მაია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერის გუნდის ლოტბარისა და საეკლესიო გუნდის მგალობელ-რეგენტის ფაკულტეტზე სწავლობდა.
„ვიზრდებოდით ფესტივალიდან ფესტივალამდე და თითოეული გამარჯვება იყო მომავალი წარმატებებისთვის უდიდესი სტიმული, – ამბობს „საუნჯეს“ ლოტბარი მაია მაღრაძე, – ძალიან საინტერესოა სიმღერების შერჩევის პროცესი. მოსწავლეებთან ერთად ვისმენთ მუსიკას და ხმათა უმრავლესობით ვწყვეტთ, სიმღერა დავამუშაოთ თუ არა.“
დღემდე მაია მაღრაძე ყოველ შაბათ-კვირას თბილისიდან ხარაგაულში ჩამოდის. ამბობს, რომ ძალიან უყვარს მოსწავლეები და თავისი საქმე. თვლის, რომ ქართული ფოლკლორისადმი სიყვარული და ინტერესი, პირველ რიგში, მომავალ თაობაში უნდა გავაღვივოთ.
„ახლადშექმნილი ვითომ ხალხური სიმღერები ჩემს მოსწავლეებს არ მოსწონთ და ამის შესახებ საუბრობენ, – ამბობს მაია მაღრაძე, – ეს ძალიან მახარებს, რადგან ხალხური სიმღერის გათანამედროვებას არ მივესალმები. უმჯობესია, ძველი სიმღერები გადავარჩინოთ და ხმების მიხედვით სხვადასხვა ვარიანტები დავამუშაოთ.
საქართველოსთვის აუცილებელია, რომ ტრადიციები შევინარჩუნოთ. ტრადიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ძალიან მრავალფეროვანი ქართული ფოლკლორი. პირველ რიგში, იმერულს უნდა მივხედოთ და მოვუაროთ. იმერული ხალხური სიმღერები, სამწუხაროდ ცოტა შემოგვრჩა. ეს, ალბათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში გიტარის შემოსვლამ გამოიწვია.
არქივში დაცული უძველესი იმერული სიმღერები უნდა მოვიპოვო და დავამუშაო. მინდა, რომ ჩვენს ანსამბლს სხვებისგან განსხვავებული, იმერული სიმღერების რეპერტუარი ჰქონდეს.“
ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად მაია მაღრაძე 2014 წელს ფოლკლორის ფესტივალზე – „ჩემი ლამაზი ქვეყანა“ გამარჯვებას მიიჩნევს. ამ ფესტივალზე ხალხური შემოქმედების სახლთან არსებულმა ყველა შემოქმედებითმა ჯგუფმა გრან-პრი დაიმსახურა.
მაია მაღრაძე ბედნიერია იმით, რომ მისმა ნამოწაფარმა ალექსანდრე მიქელაძემ მისი პროფესია აირჩია. ის მთაწმინდელის სახელობის უნივერსიტეტში ლოტბარისა და რეგენტის პროფესიას ეუფლება.
„მოხარული ვარ, რომ „საუნჯელმა“ ახალგაზრდებმა ანსამბლი „კახორი“ შექმნეს, – ამბობს მაია მაღრაძე, – ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ვთვლი, რომ ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. „კახორის“ წევრები სტუდენტები არიან.
ამიტომ ხან თბილისში, ხანაც ხარაგაულში ვიკრიბებით და ვმეცადინეობთ. ანსამბლმა 2013 წელს ბულგარეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიმსახურა.“
ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე 2011 წლიდან ხალხური შემოქმედების სახლში მუშაობს. ქორეოგრაფილი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ის ხარაგაულში დაბრუნდა. ქალბატონი დალის ძალისხმევით ქორეოგრაფისთვის დაფინანსება მივიღეთ, – ამბობს რომან ბუაჩიძე, – ახალგაზრდებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებთან ერთად ისეთ ცეკვებსაც ვასწავლი, როგორსაც დღევანდელი მაყურებელი ითხოვს, მათ შორის, – მსოფლიო ხალხთა ცეკვებსაც. ასე რომ, მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს ვთავაზობთ.
რთულია ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ როცა გიყვარს შენი საქმე, რეპეტიციების დრო ისე გადის, რომ ვერც დაღლას და ვერც შიმშილს ვეღარ გრძნობ. როცა ხედავ, რომ მოსწავლეები ინტერესით გისმენენ, ცდილობ, ბოლომდე დაიხარჯო.“
რომან ბუაჩიძე ყველაზე მეტად მაშინ ღელავს, როცა მისი მოსწავლეები ხარაგაულის სცენაზე გამოდიან. „ხარაგაული ჩემი მშობლიური ადგილია, – ამბობს რომან ბუაჩიძე, – აქაური მაყურებელი მომთხოვნი და კრიტიკულია. ამიტომ ხარაგაულში კონცერტისთვის განსაკუთრებული ემოციით ვემზადები.“
ნინო ცხოვრებაძე მესამე წელია, რაც „საუნჯეს“ წევრია. ნინო ამბობს, რომ მასწავლებლის დიდი დამსახურებაა, ქართული ხალხური სიმღერა ძალიან რომ შეუყვარდა.
მარიამ ხიჯაკაძე ექვსი წლის წინ, ანსამბლში რომ პირველად შევიდა, საკუთარ თავს აკვირდებოდა, შეძლებდა თუ არა ხალხური სიმღერის შესწავლას. მარიამს სურს, ფოლკლორში სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.
ხალხური სიმღერისადმი სიყვარული საბა ხომასურიძემ ბებია-ბაბუებისგან შეითვისა. მას ძალიან უხარია, რომ „საუნჯეს“ წევრია და ანსამბლთან ერთად არაერთი წარმატება იზეიმა.
გირშელ გარეკელაშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციების შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემაა.
ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი დალი მაღრაძე ანსამბლების წევრთა მშობლების უზომოდ მადლიერია. ახსოვს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა და მხარდაჭერა, თუმცა ამბობს, რომ დაფინანსება არასაკმარისია, რადგან ანსამბლებს ფესტივალებში მონაწილეობისთვის ხარჯები არ აქვთ. ამავე დროს ხარაგაულის მოსახლეობა კონცერტების ჩატარებას სოფლებში ითხოვს.
როცა ტრანსპორტირების ხარჯი გვქონდა, კონცერტები ვერტყვიჭალაში, ბორითში, ლეღვანსა და წიფაში გავმართეთ, – ამბობს დალი მაღრაძე, – წელს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. გასულ წელს პირველი საქველმოქმედო კონცერტი ჩვენ გავმართეთ თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.
ახლა ქობულეთში მიგვიწვიეს ფესტივალზე, მაგრამ ვერ წავალთ. მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სრულად დააფინანსონ ანსამბლის ფესტივალში მონაწილეობა.“
რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატობა, საპრიზო ადგილები, სამი გრან-პრი, „ოქროს ბულბული,“„შენ ხარ ვენახი,“ „ზღვის მარგალიტები,“ „საუკეთესო კუთხური ტრადიციების წარმოჩენა“ – ეს იმ ნომინაციების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც ხალხური შემოქმედების სახლის ანსამბლებს გაუმარჯვიათ.
თუმცა ყველაზე დიდ ჯილდოდ დალი და მაია მაღრაძეებს პროფესიონალებისგან აღიარება და საზოგადოების სიყვარული მიაჩნიათ.
6 ივლისს „საუნჯე“ ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარდგა. მაყურებელს პატარა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა განახლებული რეპერტუარი შესთავზეს.
გაისად „საუნჯეს“ ოცი წლის იუბილეა. ამ დღის გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშვნას გეგმავენ. „მოვიწვევთ ანსამბლის პირველ თაობას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხაროდა და უხარია ჩვენი წარმატება, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ხალხური სიმღერა და ფოლკლორი,“ – ამბობს დალი მაღრაძე.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ანსამბლ „საუნჯეს“ სოლო კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის