5 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრას საქრთველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 700-მდე პედაგოგი ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ქალბატონი ლია გიგაური და სპმთპ-ს ხელმძღვანელი ქალბატონი მაია კობახიძე.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, – პირველად აღმოვაჩინე, რომ მინისტრიც ადამიანიაო. მართლაც ასეა. მისი უშუალობა, იუმორის გრძნობა, საუბარი, დამოკიდებულება პედაგოგების მიმართ იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენს საგანმანათლებლო სამინისტროს ჭეშმარიტად კარგი ხელმძღვანელი ჰყავს.

განათლების მინისტრმა მისალმების შემდეგ ბოდიში მოუხადა თითოეულ პედაგოგს თავისი წინამორბედების შეცდომებისა და ფრთაშეკვეცილი პედაგოგების გამო.

მან ისაუბრა მოსალოდნელ სიახლეებზე. ბატონმა ალექსანდრემ აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში ძირეულ ცვლილებებს განახორციელებს.

„პედაგოგთა სქემა, გამოცდები არ გაუქმდება, მაგრამ შევა ცვლილებები, რომლებიც თითოეული მასწავლებლის საჭიროებებზე იქნება მორგებული, – აღნიშნა მინისტრმა, – მთლიანად შესაცვლელია შეფასების სისტემა. არ შეიძლება, ერთნაირ პირობებში გამოსცადო ხეზე ცოცვაში მაიმუნი, თევზი და სპილო.

ამიტომ ჩვენ შევქმნით შეფასების ისეთ სისტემას, რომელიც მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. პედაგოგთა სქემის შეფასებაშიც შევა ცვლილებები.

დღევანდელ საქართველოში სწავლის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი ძალიან დაბალია. თითზე ჩამოსათვლელია გაკვეთილზე თვალანთებული მოსწავლე, რომელიც ისრუტავს მასწავლებლისგან მიწოდებულ ინფორმაციას.

ყველაფერი, – ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, სწავლის მეთოდები, – უნდა მოვარგოთ მათ საჭიროებებს, ინტერესებს. ჯერ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი მოსწავლე გვჭირდება? თუ ჩვენ გვინდა ოცდამეერთე საუკუნის, ინტელექტუალი, ტექნოლოგიების მცოდნე, ინტერესიანი მომავალი თაობა, ეს უნდა შევქმნათ.

მომავალი სასწავლო წლიდან უკვე ამოქმედდა ახალი სასწავლო გეგმა, შეიცვალა სახელმძღვანელოები 1-6 კლასებში, ერთ წელიწადში 7-12 კლასების ახალ სახელმძღვანელოებს შემოგთავაზებთ.

გპირდებით, რომ თითოეული წიგნი დაბეჭდვამდე გადმოგეგზავნებათ შენიშვნებისა და შესწორებების შესატანად. ჩვენ გავითვალისწინეთ მასწავლებელთა მოთხოვნები და ქართული ენა და ლიტერატურა გავმიჯნეთ.

თქვენ დიდი ძალა გაქვთ, თქვენი არც ერთი სიტყვა, მოსაზრება, რჩევა არ დარჩება ყურადღების მიღმა.“

შეხვედრაზე განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოეული მასწავლებლის დამატებითი მუშაობა, – ეს იქნება წრე, პროექტი, კლასგარეშე ღონისძიება თუ სხვა, წახალისდება, დაფასდება, თუმცა მათ არავინ დაავალებს დამატებით საქმიანობას, ეს იქნება სურვილით, – უნდა გააკეთებს, უნდა – არა.

ქალბატონმა ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ „გაკვეთილის გეგმები უნდა იწერებოდეს მონახაზის დონეზე, დღეს მე დამჭირდება ეს რესურსი, გამოვიყენებ ამ მეთოდს და ა.შ. და არა წუთობრივად გათვლილი. შეუძლებელია მასწავლებელმა წინა დღით სახლში ზუსტად გათვალოს, რამდენ წუთს მოანდომებს გაკვეთილის ამა თუ იმ ნაწილს. გაკვეთილი არის ცოცხალი პროცესი და ეს ბიუროკრატია მას სიცოცხლისუნარიანობას უკარგავს. ესეც შეიცვლება.“

შეხვედრაზე გამოიკვეთა ტრანსპორტირების პრობლემა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ უფლება, მოსწავლის ავტობუსით ისარგებლონ. „ამის გამო ჩვენც ძალიან ვწუხვართ, კონტროლის პალატაში შევიტანეთ პროექტი. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ისარგებლოს უფასო ავტობუსით და ქალაქის მასწავლებლების შეღავათი სოფლის პედაგოგებზეც უნდა აისახოს,“ – აღნიშნა გიგაურმა.

შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან ოცი პედაგოგი ესწრებოდა.

შეხვედრაზე უამრავი შეკითხვა დაისვა. თითოეულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური და იმედის მომცემი. ითქვა, რომ ეტაპობრივად განხორციელდება ხელფასების ზრდა.

თეა ტალახაძე
ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი

ganaTlebis-ministrTan