sportuli darbaziგაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ რაიონის მოსწავლეთა მშობლების სახელით წერილი მიიღო. წერილის ავტორები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, პაატა გოგოლაძეს მიმართავენ:

„ბატონო პაატა, მიმდინარე წლის გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ 10 მაისის ნომერში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიდაც თქვენ საუბრობდით ახალი სპორტდარბაზის ამოქმედების შესახებ. ასევე აღნიშნავდით, რომ უნდა გახსნილიყო ახალი სპორტული წრეები: ტანვარჯიშის, ჭადრაკის შემსწავლელი და ა.შ. გაჩნდებოდა ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმდებოდნენ ადამიანები. მშობლები მოუთმენლად ველოდით ამ დღეს, მაგრამ რამდენი თვე გავიდა მაისიდან და ეს შენობა ისევ უმოქმედოდ დგას. ჩვენი შვილები მხოლოდ გარედან ცქერით კმაყოფილდებიან.

გთხოვთ გვიპასუხოთ თქვენი დაპირების შესახებ, – რატომ იგვიანებს ამ შენობის გახსნა. პასუხი იყოს გულწრფელი და არა მორიგი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრა, რომელსაც არ მივიღებთ და ისევ მოგმართავთ უკვე მშობელთა კატეგორიული მოთხოვნით. არ გეგონოთ, რომ დარბაზის გახსნას არავინ ელოდება.“

ამ საკითხის გასარკვევად გამგებლის მოადგილეს, პაატა გოგოლაძეს, დავუკავშირდით.

პაატა გოგოლაძე: -პირველ რიგში, ჩვენს ინტერესშია, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიბაროთ სპორტული დარბაზის შენობა. ჩემი ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწვია სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შენობის შესამოწმებლად. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ექსპერტიზის დასკვნას ერთი თვე დასჭირდება, თუმცა, შესაძლოა, ეს დასკვნა მანამდეც მივიღოთ. თუ შენობაში დაფიქსირდა ხარვეზები, მშენებელს უნდა გაასწოროს. ეს კი სპორტული დარბაზის გადმოცემის ვადა უფრო მეტად გააჭიანურებს.

ნინო კაპანაძე