გთავაზობთ ახალ რუბრიკას „ხარაგაულელი კულინარის რჩევები“. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარია გამორჩეული ხარაგაულელი კულინარი მაყვალა სებისკვერაძე.

„კულინარია ბავშვობიდან მიტაცებდა, – გვიამბობს ქალბატონი მაყვალა, – როდესაც დედა რაიმეს ამზადებდა, ვინტერესდებოდი, რომელი კერძი როგორ მზადდებოდა და ყოველთვის ვცდილობდი მეც გამეკეთებინა“.

ქალბატონი მაყვალა წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა, მეზობლებსა თუ თანამშრომლებს ქართულ ნაციონალურ კერძებს აგემოვნებინებდა. მას ხშირად სთხოვდნენ ამა თუ იმ კერძის რეცეპტი გაენდო მათთვის.

„ქართული კერძების კრებული რუსულ ენაზე გამოვეცი. კრებულში შევიტანე როგორც ქართული ტრადიციული, ასევე კერძების ჩემეული რეცეპტები“ – ამბობს ქალბატონი მაყვალა.

მაყვალა სებისკვერაძე გვთავაზობს ზაფხულის სეზონის სალათას
„ახალი პომიდორი ნიგვზით“.

კერძისთვის დაგჭირდებათ:
4-5 ცალი საშუალო ზომის პომიდორი;
100 გრამი ნიგოზი;
3-4 კბილი ნიორი;
ერთი თავი ხახვი;
ერთი ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა;
ერთი ცალი მწვანე მწარე წიწაკა;
ქინძი, რეჰანი, ცერეცო, მარილი გემოვნებით.

პომიდორი, ხახვი, ბულგარული, მწარე წიწაკა, ხახვი და მწვანილი დავჭრათ. ნიგოზთან ერთად გავატაროთ ნიორი, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და კარგად ავურიოთ. საზაფხულო სალათა მზადაა“.

კულინარი გვირჩევს, აღნიშნული კერძი უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ მოვამზადოთ.

 

მეორე კერძი, რომელსაც ქალბატონი მაყვალა გვთავაზობს, არის
მოხარშული კვერცხი ნიგვზით.

კერძისთვის დაგჭირდებათ:
4-5 ცალი მოხარშული კვერცხი;
100 გრ. ნიგოზი;
3-4 კბილი ნიორი,
ცერეცო, შავი წიწაკა,
ძმარი, ხახვი და მარილი.

მოხარშულ კვერცხს ვჭრით შუაში, ვაცლით გულებს. ცალკე დავსრესთ მოხარშული კვერცხის გულს, ვამატებთ გატარებულ ნიგოზსა და ნიორს. წვრილად ვჭრით ცერეცოს და ხახვს. გემოვნებით ვამატებთ ძმარსა და მარილს.

კარგად ავურევთ და ამ სოუსს ვდებთ მოხარშული კვერცხის ცილაში გულის მაგივრად.
შეგიძლიათ კერძი მწვანილებით გაალამაზოთ.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.

რუბრუკას ხელმძღვანელობს თამთა გოგოლაძე