სოფელ ქროლში, მაქაძეების უბანში მცხოვრები ეკა მაქაძე ათეული წლებია წყალს ხან მეზობლიდან, ხანაც სახლიდან 500 მეტრით დაშორებული თოდილაურის წყაროდან ეზიდება.

„ჩემ ეზოში ონკანში წამოსული წყალი რომ დავინახო, შეიძლება სიხარულისგან გული გამისკდეს, – ამბობს ეკა, – ოცლიტრიანი ბალონები და ვედროები დამაქვს ყველგან, სადაც წავალ, რომ წყალი წამოვიღო. წარმოიდგინეთ, წყლის ეკონომია რა ძნელია ზაფხულში.“

სოფლის მოსახლეობის წინაშე მდგარი უამრავი პრობლემის ფონზე ეკა მაქაძეს თავისი უბნის ხუთი ოჯახის უწყლობაზე საუბარი ერიდებოდა. მაქაძეების უბნის პრობლემაზე ზრუნვა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამი წლის წინ დაიწყეს.

„ძალიან მერიდებოდა, მაგრამ სოფლის კრებაზე ვთქვი, რომ გარდამავალი პროექტი გაკეთებულიყო, – გვიამბობს ეკა მაქაძე, – ახლა მხოლოდ ძრავია შესაძენი და დასამონტაჟებელი. გასულ წლებში წყაროს სათავე ნაგებობა აშენდა, მილები და ავზი შეძენილია.“

ოჯახში ეკა და დედამისი, 83 წლის ქალბატონი ცხოვრობენ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ქალბატონი ნაზიკოს პენსიაა. სოციალური დახმარება საყოველთაო გადამოწმებისას მოუხსნეს. ერთთვიან ინტერვალში ოჯახის სარეიტინგო ქულა 34 ათასიდან 80 ათასამდე გაიზარდა.

„გვითხრეს, რომ პრიორიტეტები შეიცვალა, – ამბობს ეკა მაქაძე, – ზღვრულზე მეტი მიწისა და სახლის ფართობი გვიფიქსირდება. 0,10 ჰა ფართობზე დათესილი სიმინდი წვალებით გავთოხნე. 45 გრადუსიან სიცხეში რა მოსავალს მივიღებ, რომ თავი ვირჩინოთ.

სახლს მესამე კატეგორია მიანიჭეს. ქალები იმას ვახერხებთ, რომ კერია არ გავაციოთ და სახლის მიხედვა ძნელია. მეორე სართულზე დერეფანი დაზიანებულია და საცხოვრებლად თანდათან საშიში ხდება.“

მთავარი პრობლემა, ეკა მაქაძის თქმით ისაა, რომ სოფელი მოსახლეობისგან იცლება. ეკა ამბობს, რომ ქროლი მალე გაუკაცურდება.

„ახალგაზრდა მამაკაცი აღარ არის უბანში, – ამბობს ეკა, – უმრავლესობა პენსიონერია. ქროლში ვინც იცხოვრებს, სოციალური დახმარება აბსოლუტურად ყველას ეკუთვნის. ადამიანს, გამოკვების გარდა, უამრავი ინტერესი აქვს, რასაც ვერ ვიკმაყოფილებთ. დედაჩემის პენსიას შევყურებ, რადგან ბუნება საკმარის სარჩოს არ გვაძლევს. მოხუც დედას ვეღარ ვტოვებ და სოფელს მივეჯაჭვე.

nani-maqadze

ფულადი სოციალური შემწეობის პროგრამას ქროლში მცხოვრები ნანი მაქაძე არასამართლიანს უწოდებს. მას და მის მეუღლეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაავადებები დაუდგინდათ. ქალბატონ ნანის ორივე ქვედა კიდურის ტრომბოპლევრიტი აწუხებს, მის მეუღლეს კი – გულისა და ფილტვის უკმარისობა.

მათ პენსია წამლებში არ ჰყოფნით. ყოველ ორ კვირაში კუაგულოგრამის გაკეთებაში 20-30 ლარი სჭირდება. ერთი ამპულა ნემსი, რომელსაც ყოველღამით იკეთებს, 18 ლარი ღირს. ორი წლის წინ სოციალური შემწობა სახლის ფართობის გამო მოუხსნეს. „ნეტა თავის დროზე ამხელა სახლი არ აგვეშენებინა, – რაში ვიყენებთ. ახლა ქროლში სახლი საჩუქრადაც აღარავის უნდა.

lena-maqadze

ლენა მაქაძის ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებს, მაგრამ ქალბატონი ლენას ავადმყოფობის გამო, პენსიისა და დახმარების კრედიტები აიღეს.

მათ ოჯახსაც ძალიან უჭირს წლიდან წლამდე სამყოფი სარჩოს – სიმინდისა და ლობიოს მოყვანა.

რა სახის პრობლემები აწუხებს ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას და თუ განახორციელა რაიმე სახის მუნიციპალური პროგრამა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატს ვარლამ ჭიპაშვილს ვესაუბრეთ.

valeri-chipashvili

„ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ადამიანებს მუშაობა სურთ, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სამსახურს ვერ შოულობენ. ეს მოსახლეობის სოფლიდან გადინების მთავარი მიზეზია.“

ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობის უკმაყოფილებას სოციალური დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ნაწილობრივ იზიარებს. მისი თქმით, ოთხ სოფელში 15 ისეთი ოჯახია, რომლებიც ფულად სოციალურ შემწეობას აუცილებლად უნდა იღებდნენ.

„თითქმის ყველა სოფლის საუბნო გზები შესაკეთებელია, – ამბობს დეპუტატი, – ყველა საუბნო გზის მოასფალტება-მობეტონებას ვერ შევძლებთ. ამიტომ ისევე უნდა მოვხრეშოთ, როგორც ადრე. ის მეწარმეები არ ინტერესდებიან, ვინც ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზიას ფლობენ. ამის გამო საუბნო გზები ვერ კეთდება.“

სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ღარიხევში მცხოვრები მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა. დეპუტატი ამბობს, რომ საპილოტე პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა სამასალე მერქანს ვერც შეღავათიან ფასებში შეიძენს, მაინც იქნება უკანონო ჭრა და მოსახლეობა ისევ უკმაყოფილო იქნება.

ვარლამ ჭიპაშვილის მოსაზრებით, თუ მოსახლეობას ტყიდან ძველი, გამხმარი ხეების გამოტანის უფლებას მისცემენ, შიდა მეურნეობისთვის ისიც ეყოფა.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ოთხმა ოჯახმა სოციალური ჭრებისთვის თანხმობა მიიღო.

„ბაზალეთში, დევდარიანების უბანში, ზაფხულში წყლის პრობლემაა,  – ამბობს ვარამ ჭიპაშვილი, – დამსვენებლები ჩამოდიან და მაგისტრალზე დიდი დატვირთვაა. ჩემი ინფორმაციით, დამატებით წყლის მარაგი არ არის აღმოჩენილი. ჩვენ რომ შეცდომა დავუშვათ და ავზი უშედეგოდ დავდგათ, არ გამოვა.“

ჭილოფის უბანში დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება. ეს სამანქანო ხიდი ღარიხევსა და საბეს აკავშირებს.

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული გზაა. ვარლამ ჭიპაშვილი პასუხს ელოდება, თუ სად გაივლის ზუსტად ჩუმათელეთი-ძირულას ავტომაგისტრალი – კეთილმოწყობა თუ არა რკინიგზის ხაზის მიმდებარე გზა ამ პროექტის ფარგლებში.

„ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული დაჩაგრულია იმ კუთხით, რომ შენობა არ აქვს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამას პრიორიტეტად ვერ ჩავთვლი, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, მაგრამ თავად საზოგადოებისგან მესმის, რომ საჭიროა ადგილი საერთო კრებების ჩასატარებლად, კლუბისა და ბიბლიოთეკის განსათავსებლად.

რაც შეეხება იმას, თუ რა საქმიანობა გასწია, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს, რომ მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოსახლეობას შეხვდა და ინფორმაცია კარდაკარ გააცნო. მისივე თქმით, სოფლებში იმ ასაკის მოსახლეობაა, რომ ამ პროგრამით ნაკლებად დაინტერესდნენ.

„საბავშვო ბაღის ალტერანტიულ ჯგუფის შესაქმნელად არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციასთან ვითანამშრომლე, – გვიამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ეს დასაქმებისა და ბავშვების განვითარების კუთხით შედეგიანი იქნებოდა. სამწუხაროდ, ოთხ სოფელში სასკოლო ასაკის ათი ბავშვიც კი ვერ შეგროვდა.

დეპუტატის თქმით, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ღარიხევის სკოლის დახურვა არ შეიძლება. „თავის დროზე სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა და მასწავლებელმა ნინო ლოლაძემ სკოლის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა გასწიეს. სკოლა ახლა იმის გამო არ უნდა გაუქმდეს, რომ მოწავლეებს შენობის გამო საფრთხე ექმნებათ,“ – დასძენს ვარლამ ჭიპაშვილი.

ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი გვამცნობს, რომ ღარიხევში სკოლის ახალი შენობის აშენების საკითხი 98%-ით გადაწყვეტილია. „საუკუნოვანი შენობის რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, – ამბობს ქალბატონი იზოლდა, – ღარიხევს სკოლა ნამდვილად სჭირდება, რომ მოსახლეობა სოფლიდან არ წავიდეს.

წელს ღარიხევის სკოლაში ორი პირველკლასელი შევა და სამ კლასში სულ ოთხი მოსწავლე გვეყოლება. ღარიხევში ის ადგილი, სადაც სკოლაა, გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული სილამაზით და იქ მოსახლეობა უნდა ცხოვრობდეს.“

იზოლდა ოკრიბელაშვილი სოფლებში უმთავრეს პრობლემად საუბნო გზების მოუწესრიგებლობას ასახელებს და მოხარულია, რომ ბაზალეთში, დევდარიანების უბანში გარე განათების ქსელი დამონტაჟდება.

ნინო კაპანაძე