
თათია ბლუაშვილი, – ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი გვირჩევს, რა და როგორ უნდა მოვიმოქმედოთ ზაფხულის ცხელ დღეებში საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ზაფხულის დღეებს სიცხე, მზის სხივების ზემოქმედება, გარუჯვა ახლავს.
გარუჯვა მზის სხივებზე ორგანიზმის ნორმალური, ფიზიოლოგიური დამცველი რეაქციაა.
კოსმოსური პროცესები და ოზონის შრეში არსებული ხვრელები ხელს უწყობს მზის გამოსხივების ინტენსივობის მატებას. ულტრაიისფერი სხივები მცირე დოზებით აუცილებელია ადამიანის ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობისათვის, ხელს უწყობს D ვიტამინის სინთეზსა და ორგანიზმში კალციუმის ნორმალურ ცვლას.
მზის ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს: კანის დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას), პიგმენტების გაჩენას. ელასტიკურობის დაქვეითებას, ნაოჭების გაჩენას, სიწითლეს, კანის ავთვისებიან სიმსივნეებს.
მზეზე მასობრივი და ხშირი ყოფნა განაპირობებს ქრონიკული დაავადებების გართულებას და რეციდივს (მაგ.: ჰერპესი). თუ ადამიანს აქვს ჭორფლი, მისთვის გარუჯვა რეკომენდირებული არ არის, რადგან პიგმენტაცია უფრო შესამჩნევი ხდება.
მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი.
შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა. ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება.
დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღე ცივი აბაზანა, წაისვით ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.
მიმართეთ ექიმს, თუ: დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა, განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ), გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.
დაიმახსოვრეთ: მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას, არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები.
მზით დამწვრობის რისკ–ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ლურჯი თვალები; 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები.
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად: შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზეზე ყოფნის დრო აითვლება შინიდან გასვლის მომენტიდან. მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას. ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ (უი) ინდექსს, რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს.
ზედმეტად ცხელ ამინდში ასევე შესაძლებელია განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან:
სითბური დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს, რათა თავიდან აიცილოთ სითბოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილობა:
სითბური დაავადებების თავიდან აცილებაში წყალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი რესურსია. ის ყველა ცოცხალი ორგანიზმის საშენი მასალაა. თუ საკვების გარეშე ადამიანი რამდენიმე თვე ძლებს, წყლის გარეშე ის რამდენიმე დღეში დაიღუპება.
წყლის არასაკმარისი მიღება არღვევს ორგანიზმის ცხოველქმედებას, თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება, მცირდება შრომისუნარიანობა.
წყლის თემა ზაფხულში მეტად აქტუალურია, ნორმალური ტემპერატურისა და ზომიერი ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიიღოს არანაკლებ 1-1,5 ლიტრი წყალი, ხოლო მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში ეს რაოდენობა იზრდება 2-2,5 ლიტრამდე. თუ ექიმი გიზღუდავთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, მაშინ ჰკითხეთ თქვენს ექიმს, რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოთ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საჭიროა წყლის რაოდენობის გამოთვლა სხეულის მასის გათვალისწინებით. კერძოდ, მოზრდილ ადამიანს ესაჭიროება 30 მლ სითხე, სხეულის მასის ყოველ ერთ კილოგრამზე გადაანგარიშებით.
სიცხეში კარგია ხილის წვენების დალევა. საუკეთესოდ კლავს წყურვილს მწვანე ჩაი, რასაც ვერ ვიტყვით ტკბილ და გაზირებულ სასმელზე. გარეთ გასვლამდე დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი. ეს დაგეხმარებათ სიცხის ატანაში.
უშუალოდ მზეზე ყოფნისას, ასევე ერთჯერადად დიდი რაოდენობით წყლის მიღება არარეკომენდირებულია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის ტემპერატურას. უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის წყალი.
თათია ბლუაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი