1987 წლიდან ეს დღე გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 26 ივნისს აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობის შესახებ ინფორმირებულობა.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 200 მილიონი ადამიანი მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკებს, ამფეტამინის ტიპის სტიმულატორებს, კანაბისს, კოკაინს, ჰალუცინოგენებს, ოპიატებს, საძილე და სედატიურ საშუალებებს.

ნარკომანია ეს არის ქრონიკული დაავადების ბოლო სტადია, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარების შედეგადაა გამოწვეული.

ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ  და სოციალურ ჭრილში. ამიტომ ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის პრობლემა. ის  გაცილებით დიდი პრობლემაა და ეხება არა მარტო ადამიანთა ერთ ჯგუფს, არამედ სოფლებს, ქალაქებსა და მსოფლიოს ყველა ქვეყანას.

არავინ იცის, პირველად ვინ მოიხმარა ნარკოტიკი. თუმცა ფაქტია, რომ ამ ქმედებამ კაცობრიობა უდიდესი პრობლემის წინაშე დააყენა. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ პრობლემებისაგან თავის დაღწევას და ხშირად „მარტივ“ გზას ირჩევენ, რომელსაც სინამდვილეში დაღუპვისკენ მიყავს.

ასევე რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, უბრალოდ მხოლოდ ერთხელ გასინჯავს, გაერთობა მერე მიატოვებს. ერთ გასინჯვას მეორე მოყვება, მერე მესამე და უკვე წამალდამოკიდებულებაც ყალიბდება.

ნარკომანიას ახასიათებს ფაზურად მიმდინარეობა: შეცვლილი რეაქციის სინდრომი (დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპი); ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი; ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში) და ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

ყოველი ნარკოტიკის მიღებას თავისებური სინდრომი აქვს: აზროვნების, ინტელექტის დარღვევა, აქტივობების შემცირება, გატაცებებისა და მოთხოვნილებების გაქრობა, წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, გამოფიტვა.

სომატური ცვლილებები: სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, მტვრევადი თმა და ფრჩხილები, თვალებში სხივის გაქრობა, წონაში დაკლება, ვენების გაგანიერება. აგრეთვე პიროვნების გაუხეშება და სხვ.

ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია: ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია.

განსხვავებულია საზოგადოების დამოკიდებულება ნარკომანებისადმი, ზოგი თვლის, რომე ეს მისი პრობლემა არ არის, ზოგი გაურბის მათთან ურთიერთობას, ზოგი მშობელი ცდილობს მათმა შვილმა არ იმეგობროს „საეჭვო“ ადამიანებთან და ასე შემდეგ.

არსებობს საშიში ნიშნები, როცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ: გაფართოებული ან მეტად შევიწროვებული გუგები, შეწითლებული თვალები, მომატებული ძილიანობა, ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის გახშირებული ქავილი, ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი, გაუგებარი მეტყველება, უმიზეზო სიცილი, აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე მოყვითალო ელფერით.

ნანემსარი კვალის აღმოჩენა ხშირად შეუძლებელია, ვინაიდან შეიძლება ინექცია უჩვეულო ადგილას იყოს გაკეთებული: იღლიის ფოსოში, ფეხებზე, საზარდულის არეში და სხვა. ახლობელ ადამიანზე ასეთი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

ნარკომანთა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს: აღსანიშნავია დეტოქსიკაცია და ჩანაცვლებითი თერაპია. ბოლო დროს მეტად პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. ზოგიერთ შემთხვევაში დეტოქსიკაციის დროს მიმართავენ ფსიქოთერაპიას. ვინაიდან წამალდამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული გამოჯანმრთელება არ ხდება. მკურნალობის მიზანია, მოხდეს რემისია და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო კურსი.

მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითონ წამალდამოკიდებულის სურვილს, ითანამშრომლოს ნარკოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან. ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა.

სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.

გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს). მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი – ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი – ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.

ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა – განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის – მარიხუანის.

ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიური ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც.

ნარკომანია არის სენი და მას აუცილებლად მკურნალობა სჭირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ნარკომანის რეაბილიტაციას საზოგადოებაში. მას ჭირდება საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია, დასაქმება, ისეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ვინც ნარკოტიკს არ მოიხმარს.

სამწუხაროდ, რეალურად ასე არ ხდება. დღესდღეობით საქართველოში რამდენი ნარკომანია, ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია. თუმცა, რაც ცნობილია, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრია.

დაფიქრდი, სანამ გასინჯავ! იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე!

თათია ბლუაშვილი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი