dasufTavebis aqcia kharagaulshi (2)მეოთხე წელია, ხარაგაულელები დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ მონაწილეობენ. 20 სექტემბერს ამ კამპანიის ფარგლებში ოცდაათამდე ხარაგაულელმა – მოქალაქეებმა, სავაჭრო ობიექტებში მომუშავეებმა – ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლებთან ერთად მდ. ჩხერიმელას სანაპირო ზოლი და ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა დაასუფთავეს.

ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის მოადგილე ბესო დავაძე ამბობს, რომ აქციისთვის მდ. ჩხერიმელას სანაპიროზე შეარჩიეს ყველაზე ძლიერად დაბინძურებული ადგილები. „იმის მიუხედავად, რომ მდინარის სანაპიროს ჩვენი სამსახური სისტემატურად ასუფთავებს, მაინც არის ტერიტორიები, სადაც გროვდება პლასტმასისა და ლუდის ბოთლები, სავაჭრო ობიექტებიდან გადაყრილი მუყაოს ყუთები,“ – ამბობს ბესო დავაძე.

dasufTavebis aqcia kharagaulshi (5)მდ. ჩხერიმელას სანაპიროსა და ცენტრალური ქუჩის გასუფთავება ხარაგაულელი მოქალაქეებისთვის სახალისო აღმოჩნდა, რადგან აქციის სახე ჰქონდა. შეგროვილი ნარჩენები აქციის მონაწილეებმა ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ მანქანით გაიტანეს.

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ.

„სკოლაში ყველამ ერთხმად მოვიწონეთ დასუფთავების აქციის იდეა, – ამბობს ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი dasufTavebis aqcia bazaletshi (2)თეა ტალახაძე, – მივმართეთ სკოლის დირექციას ერთჯერადი ნიღბებისა და ხელთათმანეთის შეძენის თხოვნით. დირექციამ მხარი დაგვიჭირა. სანაგვე ტომრები სახლებიდან მოვიტანეთ. დავასუფთავეთ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში თითქმის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო. აქციის ყველაზე პატარა მონაწილე სკოლის სტუმარი, სამი წლის ნინი ყანჩაველი, გახლდათ. ბაზალეთელმა მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი აქციები dasufTavebis aqcia bazaletshi (7)ხშირად მოვაწყოთ.“

ბუნებრივია, მხოლოდ სამდღიანი აქცია დასუფთავების პრობლემას ვერ გადაჭრის. ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გატანის კულტურა თითოეულ მოქალაქეში უნდა ჩამოყალიბდეს, – ამბობენ ხარაგაულში გამართული დასუფთავების აქციის მონაწილეები, – კარგია, რომ მოქალაქეებში თანდათან ყალიბდება დამოკიდებულება, რომ ნარჩენები შენი საცხოვრებელი სახლის წინ არ უნდა დაყარო, არ უნდა დააბინძურო მდინარის კალაპოტი და გარემო.

შეგახსენებთ, რომ 20-21-22 სეტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით; იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების გახორციელებისათვის.

კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს. 2013 წლის სექტემბრის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა.

აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო~ ტარდება პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა~ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

ლაურა გოგოლაძე