სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კონკურსის წესით შერჩეული ჟურნალისტებისთვის მედიატური მოაწყო.

მედიატურის მონაწილეებმა მოვინახულეთ რაჭის რეგიონის სურსათის ეროვნული სააგენტო, ქალაქ ამბროლაურის შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრი. გავეცანით სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დაფინანსებული საწარმოებისა და კოოპერატივების საქმიანობას.

შპს GEO-FLOWER, რომელიც ამბროლაურში 2007 წელს გაიხსნა, ველური ვაშლის, მოცვის, ქაცვის, ძირტკბილას, ველური მსხლის, მანდარინის ჩირს, ასევე ძირტკბილას მშრალ ფესვებს აწარმოებს.

2014 წელს საწარმომ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და შენობა კაპიტალურად გაარემონტა. ექსპორტი ხორციელდება გერმანიაში.

მეფუტკრეობის კოოპერატივი „ძირაგეული“ ამბროლაურში 2015 წელს შეიქმნა. მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივმა დამატებით 100 სკა და თაფლის საწური (ციბრუტი) მიიღო. კოოპერატივს 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები გადაეცემა.

რაჭის მკვიდრმა ტარიელ ისაკაძემ, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საკეციაში ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და უსახელაურას ჯიშის ყურძნის ვენახი 17 ჰა-ზე გააშენა. მევენახე წელს პირველ მოსავალს ელოდება.

შპს „ხვანჭკარა პრემიუმი“ 2000 წლიდან ფუნქციონირებს და ხვანჭკარას, ტვიშის, უსახელაურისა და რაჭული თეთრას ღვინოებს აწარმოებს.

საწარმომ შეღავათიანი აგროკრედიტით 2013 წელს ისარგებლა – 205,000 აშშ დოლარი მიიღო და საწარმო გადაიარაღა. წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, ყაზახეთსა და ლატვიაში საექსპორტოდ.

ონში ფუნქციონირებს შპს „ბლაუენშტაინ საქართველო“ – ხორცის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსი. კომპანიის ხელშეწყობით სოფლებში – შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში – აშენდა და ვითარდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. საქართველოში პირველად, კომპანიამ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, უმაღლესი ხარისხის ხორცის წარმოება დაიწყო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, სოფლის მეურნეობა მომავალზეა ორიენტირებული და ამ დარგის განვითარებას სჭირდება ტექნოლოგები, ცოდნა, პრაქტკის გაზიარება.

„საქართველომ მაღალი ხარისხის და კონკურეტუნარიანი პროდუქცია უნდა აწარმოოს, რისი შესაძლებლობა და პირობებიც ნამდვილად გვაქვს, – აღნიშნა მინისტრმა მედიატურის დასასრულს, – პირველ რიგში, აუცილებელია ევროკავშირის ბაზარზე საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ღრმა და ყოვლისმომცელი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ ვალდებულებების შესრულება.“

ოთარ დანელიას ინფორმაციით, პროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალში განახორციელებს, მხოლოდ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მიმართული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანია, რომ სახელმწიფოში მარაგი და დოვლათი შეიქმნას და მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია შემცირდეს, წარმოება დამატებითი ღირებულებისა და არა პირველადი გადამუშავების ხარჯზე გაიზარდოს.

ნინო კაპანაძე

mediaturi rachashi (7)

mediaturi rachashi (6) mediaturi rachashi (5) mediaturi rachashi (4) mediaturi rachashi (8) mediaturi rachashi (3)

mediaturi rachashi (1)