ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, გამგეობისა და საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის წარმომადგენლებმა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკთან (ხაჩიძე) და სასულიერო პირებთან ერთად განიხილეს.

ტაძრის მშენებლობის ფონდის დირექტორი ცეზარ ბუბულაშვილი ამბობს, რომ 45 ათასი ლარი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ტაძრის მშენებლობისთვის განისაზღვრა, გამგებელს არა ეპარქიის განვითარების ფონდისთვის, არამედ საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდისთვის უნდა ჩაერიცხა.

გამგებელი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ტაძრის მშენებლობის ფონდის კანონიერი უფლებამოსილი პირი ცეზარ ბუბულაშვილი არ არის. მისივე თქმით, ის ფონდის დირექტორად არავის აურჩევია.

გამგებელი ამბობს, რომ ტაძრის მშენებელობის ფონდი, როგორც ააიპი, დაფუძნებულია გამგეობისა და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მიერ. გამგეობისთვის ფონდს დღემდე ანგარიში არ ჩაუბარებია. გამგებლის მტკიცებით, ფონდის საქმიანობაში სამართლებრივი პრობლემებია.

თანხის ეპარქიის ფონდისთვის გადარიცხვის შესახებ გამგებელი რელიგიის საქმეთა სააგენტოს რეკომენდაციას იშველიებს. გამგებლის თქმით, აუცილებელია ფონდმა ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს. „გაურკვეველ სუბიექტს თანხას ვერ ჩავურიცხავდი,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

თუმცა, ამ „გაურკვეველ სუბიექტს,“ გამგებლისვე ინფორმაციით, 2013-2014 წლებში ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ცეზარ ბუბულაშვილი თავს არაუფლებამოსილ პირად არ მიჩნეევს და ამბობს, რომ ფონდის საქმიანობას, წესდებასთან ერთად, სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებს.

მისი თქმით, აღრიცხული აქვს ფონდში შემოსული თითოეული თეთრი და ითხოვს კომპეტენტური ორგანოებისგან კანონიერი გზით ფონდის საქმიანობის შემოწმებას.

საკრებულოს წევრებმა მეუფე მელქისედეკთან ერთად გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

მეუფე მელქისედეკმა შეხვედრაზე მყოფ პირებს კომისიის შექმნა შესთავაზა გუმბათის მშენებლობის შემსრულებელთან ხელშეკრულების დასადებად.

მეუფეს მოსაზრებით, კომისიამ და ფონდის დირექტორმა ცეზარ ბუბულაშვილმა უნდა გააკონტროლონ სამუშაოების შესრულების ხარისხი, პარალელურად მოწესრიგდეს ეკლესიის მშენებლობის ფონდის იურიდიული საკითხები.

მეუფემ პრობლემის მოგვარების მეორე გზაც შესთავაზა დეპუტატებს და გამგეობის წარმომადგენლებს: „რა პრობლემები შეექმნება ეპარქიას, ხარაგაულის ტაძრის მშენებელობის ფონდს რომ გადავურიცხო გუმბათისთვის განკუთვნილი თანხა და თავად ფონდმა შეასრულოს სამუშაო?“ – იკითხა მეუფემ.

„ფონდი ეჭვმიტანილია მაქინაციებში, მე ასე მითხრეს და მიმითითეს, რომ არ ჩავურიცხო თანხა,“ – თქვა გამგებელმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია ვინ მიუთითა.

გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტაძრის მშენებლობის მმართველობითი რგოლი უნდა შეიცვალოს.

შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ხარაგაულის ტაძრის მშენებლობის ფონდის წესდებაში ცვლილება შევა. ააიპი ხელახლა გაივლის რეგისტრაციას, დაინიშნება ფინანსური დირექტორი, რომელიც ფონდში შემოსული თანხების ხარჯვის კანონიერებას გააკონტროლებს, ხოლო ტაძრის მშენებლობას ისევ ცეზარ ბუბულაშვილი უხელმძღვანელებს.

მეუფე მელქისედეკმა შეხვედრა შედეგიანად ჩათვალა. ცეზარ ბუბულაშვილის თქმით, ის შეურაცხყოფილია გამგებლის ბრალდებებით და ბრძოლას სიმართლის დასადგენად გააგრძელებს.

ნინო კაპანაძე